რუსეთში სამარის ყოფილი მერის, ვიქტორ ტარხოვისა და მისი მეუღლის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბრალდებულის სკამზე მათი შვილიშვილი, ეკატერინა ბელსკაია ზის, რომელმაც სასამართლოში განაცხადა, რომ ზუსტად არ იცის, სად დამალეს ბებია-ბაბუის ნეშტები. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, მკვლელობის ორგანიზებაში მთავარ ფიგურად მიჩნეული სვეტლანა მეტრეველი შესაძლოა საქართველოში იმალებოდეს.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ დანაწევრებული ცხედრების ნაწილები პარკებში მოათავსეს და ნაგვის ურნაში გადაყარეს. თუმცა ახლომდებარე ნაგავსაყრელებზე ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო.
ეკატერინა ბელსკაიას განცხადებით, მისი ბებია-ბაბუის ნეშტები შესაძლოა ტაისა კისელიოვას მიტოვებულ აგარაკზე იყოს დამალული. კისელიოვა სვეტლანა მეტრეველის დედაა. რუსული გამოცემის ცნობით, მეტრეველს სამარის ყოფილი მერისა და მისი მეუღლის მკვლელობის ორგანიზატორად მიიჩნევენ.
"არა, ზუსტად არ ვიცი, სად არის ნეშტები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ტაისა კისელიოვას სახლშია. ადრე ის მასზე იყო გაფორმებული, ახლა კი შესაძლოა სხვა ადამიანებზე იყოს გადაფორმებული. სავარაუდოდ, ისინი აგარაკზე წაიღეს, დამარხეს და წყალში ჩაძირეს“, - განაცხადა ეკატერინა ბელსკაიამ სამარის სასამართლოში.
რუსული მედიის ცნობით, საქმის ახალი დეტალების მიხედვით, ტარხოვისა და მისი მეუღლის მკვლელობის შემდეგ ბელსკაიამ შესაძლოა ბინაში ცხედრებთან ერთად, სულ მცირე, ერთი კვირა გაატარა. ამ პერიოდში დემეტრე მეტრეველი მოსკოვში რამდენჯერმე ჩავიდა.
2024 წლის 31 დეკემბერს მან საქართველოდან ფოტო გამოაქვეყნა. ტარხოვის გაუჩინარება კი 3 იანვარს, მის დაბადების დღეზე შენიშნეს. მეგობრები და ნაცნობები ყოფილ მერს ურეკავდნენ და შეტყობინებებს უგზავნიდნენ, თუმცა მათ კითხვებს შვილიშვილი პასუხობდა.

რუსული მედია: მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორი საქართველოში იმალება
გადაცემა "მალახოვის“ ინფორმაციით, სვეტლანა მეტრეველი, რომელსაც ტარხოვისა და მისი მეუღლის მკვლელობის მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევენ, შესაძლოა საქართველოში იმალებოდეს და ის ჩვეულებრივ გადაადგილდებოდეს.
დემეტრე მეტრეველის ადგილსამყოფელიც უცნობია. გამოცემის ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ ის ევროპაში იმალება.
სამარის ყოფილი მერისა და მისი მეუღლის მკვლელობის საქმეზე გამოძიების ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, სად დამალეს ცხედრების ნაწილები. ბელსკაიას მიერ დასახელებული აგარაკი კი, მისი თქმით, მხოლოდ სავარაუდო ადგილია - თავად მან სასამართლოში აღიარა, რომ ნეშტების ზუსტი ადგილსამყოფელი არ იცის.