ქართველმა ქანთრი მუსიკოსმა, შოთა ადამაშვილმა ტეხასის ქანთრი მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე (Texas Sounds International Country Music Awards) ნომინაციაში "წლის საუკეთესო შესრულება“ გაიმარჯვა.
"წელს გამიმართლა და "წლის საუკეთესო შესრულების“ ჯილდო მოვიპოვე. გულითად მადლობას გიხდით", - დაწერა ადამაშვილმა სოციალურ ქსელში. მან შეძლო, ამერიკული ქანთრი-მუსიკის სამშობლოში ქართველი შემსრულებლის სახელით ჟიურის, პროდიუსერებისა და მსმენელის დიდი მოწონება და აღიარება დაემსახურებინა. აღსანიშნავია, ეს მისი მეორე გამარჯვებაა ამ კონკურსში.
ambebi.ge შოთა ადამაშვილს ლატვიაში დაუკავშირდა, ვინაიდან ამ ეტაპზე მუსიკოსი იქ ცხოვრობს.
- გილოცავთ წარმატებას... საუბრის დასაწყისში გეტყვით, რომ გამორჩეული ღიმილი გაქვთ და ვფიქრობ, თქვენს მსმენელზე ესეც დადებითად მოქმედებს. რას იტყვით?
- დიდი მადლობა... რა გითხრათ, საერთოდ ხალხთან ურთიერთობა მიყვარს... და ალბათ ეს პროფესიიდანაც გამომდინარეა, რაღაცნაირად ბუნებრივად შეერწყა ჩემს ცხოვრებას...
- კოვბოის ქუდი, გიტარა - ასე თბილისში ბევრჯერ და ბევრს უნახიხართ... საიდან მოვიდა თქვენს ცხოვრებაში ეს ყველაფერი?
- 90-იანებში, როცა ვიზრდებოდით და მერე ადრეულ 2000-იანებშიც, დასავლური მუსიკა და დასავლური ფილმები ძირითადად ტელევიზიითა და რადიოთი მოგვეწოდებოდა. თან, ბოლნისში ვიზრდებოდი, იქ ჩანაწერები დიდი რაოდენობით არ იყო.
ერთხელ რაღაც რუსული გახმოვანებით ფილმი "ელექტრონული მხედარი“ გადიოდა, თუ გახსოვთ, სიდნი პოლაკია რეჟისორი და რობერტ რედფორდი ჯეინ ფონდასთან ერთად თამაშობს. რობერტ რედფორდი ფილმში როდეოს ჩემპიონს განასახიერებს და კიდევ, ლეგენდარული ქანთრის მომღერალი ვილი ნელსონია ეპიზოდურ როლში. ფილმს, კოვბოების თემაზე, ორი საკმაოდ პოპულარული სიმღერა აქვს საუნდტრეკად, რომელსაც თავად ვილი ასრულებდა. მაშინ არ ვიცოდი, ვილი ნელსონი ვინ იყო - 17-18 წლის ვიქნებოდი. არც ქანთრიზე მქონდა მაინცდამაინც დიდად წარმოდგენა, უბრალოდ, ინტუიციით მივხვდი, რომ რაღაც კოვბოური, ძალზე ამერიკული ჟანრი იყო.
დიდი ხანი დამჭირდა, რომ ეს სიმღერა მომეძებნა. ვილი ნელსონის შესახებაც მოგვიანებით, ალბათ ერთი-ორი წლის მერე გავიგე - მოკლედ, ბევრი ძიება დამჭირდა. მერე აჩიკო ბენაშვილისგან ("მწვანე ტალღაზე“ მუშაობდა), შემთხვევით გავიგე - ოზურგეთიდან ვილი ნელსონი მთხოვესო... ვინ არის-მეთქი? - ვკითხე. ქანთრის მეფეა, ლეგენდარული ადამიანიო. მერე YouTube-ზე მოვძებნე და ვიპოვე ეს სიმღერა, რომელსაც იმდენი ხანი ვეძებდი.
ვილის შემდეგ ინტერნეტში სხვების ძებნაც გავაგრძელე... ქანთრი მასობრივად პოპულარული არასდროს ყოფილა და გადავწყვიტე, ეს მიმართულება მუსიკალური განვითარების მხრივ მესწავლა.

- და ისე მოხდა, რომ ეს ჟანრი გაითავისეთ, შეიყვარეთ და მგონი, გარეგნულადაც დაემსგავსეთ კოვბოის, ხომ?
- ყოველთვის მიყვარდა ჩაცმულობის ეს სტილიც... როდესაც გავიგე, რომ ქანთრი ცხოვრებისეულ, სიღრმისეულ, ღრმა ემოციურ ამბებს ჰყვებოდა, კიდევ უფრო დავინტერესდი. მისთვის დამახასიათებელია ამბის ძალიან უბრალოდ, მაგრამ მიზანში გარტყმით გადმოცემა. ვინც ქანთრის სკოლას გადის, სიმღერების წერისას, ამბის მოყოლა უფრო ადვილად გამოსდის. იმიტომ, რომ საოცარი, ჯადოსნური ენერგია აქვს უბრალო ენას და ამბის გასაგებად გადმოცემის კარგი საშუალებაა. გარდა ჟღერადობისა (ჰავაიური გიტარა, ვიოლინო, აკუსტიკური გიტარა და სხვა დამახასიათებელი ინსტრუმენტები) - ამბის მოყოლა განსაკუთრებით კარგად ქანთრის შეუძლია.
- მოგვიყევით იმ წარმატების შესახებ, რომელიც აშშ-ში, კერძოდ, ტეხასში გქონდათ...
- ტეხასში უკვე მეორედ ვიყავი. შარშანაც ჩავედი ამ ფესტივალზე, რომელსაც საერთაშორისო ქანთრი მუსიკის ფესტივალი ჰქვია. ვიყავი ტეხასის ქალაქში მარშალი (25-ათასიანი ქალაქი). ეს არის არაკომერციული ფესტივალი, სადაც ჩადიან არტისტები მთელი მსოფლიოდან - აფრიკიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან, ყველა კონტინენტიდან.
შარშან იქ პირველად ჩავედი (ბევრი წელი მეძახდნენ, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებდი ვიზაზე შესვლას, რადგან საქართველოში უზარმაზარი რიგები იდგა პანდემიის შემდეგ). რადგან ლატვიაში რეზიდენტი ვიყავი, შარშან მომეცა რიგაში საელჩოში შესვლის საშუალება და შარშან მოვიპოვე ვიზა.
ჩემი გამოსვლა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: ორი ჯილდო მოვიპოვე - ერთი იყო "წლის საავტორო სიმღერის“ ჯილდო (ჩემი ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას), და მეორე - "წლის ტრადიციული ქანთრი არტისტის“ კატეგორია.
წელსაც მიმიწვიეს და უკვე როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული, ისე ჩავედი. იყვნენ მუსიკოსები აფრიკიდანაც კი (ნამიბიიდან, კენიიდან). წელს შევასრულე ორი საავტორო სიმღერა და ძველი კლასიკური ქანთრიდან - ერთი ჰენკ უილიამსის სიმღერა. იქვე დარბაზში ესწრებოდა მისი ნათესავი, უფროსი თაობის კაცი, რომელმაც მომისმინა და მითხრა: "ჰენკი ჩემი ბიძაშვილი იყო“ და საკმაოდ დადებითი შეფასება მომცა... გავიმარჯვე კატეგორიაში "წლის პერფორმერი / შემსრულებელი“. როგორც სცენაზე აღნიშნეს, ეს მოიცავს ბევრ კომპონენტს: ვოკალს, სცენაზე მოძრაობას, პუბლიკასთან ურთიერთობას და საუბარს, რადგან თითოეულ მონაწილეს მხოლოდ 20 წუთი ეძლევა (დაახლოებით ოთხი სიმღერა), რომ შთაბეჭდილება დატოვო და შენი სათქმელი თქვა.

- როგორია თქვენთან შემოქმედებითი პროცესი - როგორ იბადება სიმღერები?
- ზოგადად, ნებისმიერი შემოქმედისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ამბების გადმოცემა. ქანთრიში ხშირად არსებობს კლიშეები - მაგალითად, "ჩემმა ქალმა მიმატოვა, მანქანა არ იქოქება, გავკოტრდი და ბარში წავედი დასალევად“. მაგრამ მე რადგან ქართველი ვარ და სხვა ისტორია და წარმომავლობა მაქვს, ჩემს კონკრეტულ ამბებს ვყვები.
მაგალითად, მქონდა სიმღერა იმის შესახებ, როცა მე და მეგობარი ვიზაზე შევედით საელჩოში და უარი გვითხრეს. ამაზე სახუმარო სიმღერა დავწერე: რომ მინდოდა იელოსტოუნის პარკის ნახვა, ლუიზიანაში კიბორჩხალების გასინჯვა, მერე მივედი საელჩოში და უარი ჩამირტყეს. ან კიდევ - დისტანციურ სიყვარულზე, როცა შეხვედრა გიწევს ასობით კილომეტრის სიშორის მერე... მთავარია, რომ ეს ყველაფერი რეალურ გამოცდილებასა და განცდილზეა დაფუძნებული... ზოგჯერ შეიძლება ფანტაზიის შედეგიც იყოს...
შემოქმედებითი პროცესი წესით შემთხვევიდან შემთხვევამდეა, მაგრამ სასურველია, რუტინად აქციო. ყველაზე მეტად მიყვარს დილით ადგომა და წერა. ახალგაღვიძებულზე, როცა გონება ჯერ კიდევ სუფთა და ცოცხალია, ფანტაზია იხსნება. სიჩუმეში მუშაობა ყველაზე კარგია.
- ბოლნისში დაიბადეთ და გაიზარდეთ. მოგვიყევით თქვენი ბავშვობისა და მუსიკალური გზის დასაწყისის შესახებ...
- ბოლნისში 17 წლამდე ვიცხოვრე, პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე. თავიდან მუსიკალურ სკოლაშიც ერთი-ორი წელი ფორტეპიანოზე დავდიოდი, მაგრამ მაშინ მუსიკის ინტერესი არ მქონდა, უფრო სპორტი მაინტერესებდა - კარატე, ფეხბურთი. მერე უკვე "ბითლზის“, როკ-მუსიკისა და ქანთრის მოსმენა დავიწყე და მომინდა გიტარის ხელში აღება.
ძირითადად თვითნასწავლი ვარ, მაგრამ მერე მასწავლებელთან დავდიოდი. ჩემი მასწავლებელი იყო თემურ ღრუბელაძე - მუსიკალურ წრეებში ძალიან კარგად ცნობილი ბლუზ-გიტარისტი და მომღერალი, რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა... მიუხედავად იმისა, რომ მოკლე ურთიერთობა გვქონდა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, არა მარტო როგორც მასწავლებელმა, არამედ როგორც ადამიანმა.
რაც შეეხება განათლებას, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ბაკალავრიატი (2005-2009 წლები). ჟურნალისტიკა იმიტომ ავირჩიე, რომ ამბების თხრობა მიყვარს. მერე კი უბრალოდ, მივხვდი, რომ საკმარისი ჟინი არ მქონდა (როგორც იტყვიან, "კარგიდან რომ გიშვებენ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდე“). დამღლელი იყო ჩემთვის რესპონდენტების დევნა და, რადგან მუსიკა სულ მეძახდა, საბოლოოდ მუსიკამ შემიყოლია.
რადგან ფოლკლორული ან პროფესიული საბაზო სკოლა არ მქონდა გავლილი, უმეტესობა სკეპტიკურად იყო განწყობილი. გადავწყვიტე, ქუჩაში გავსულიყავი. ერთ-ერთი მთავარი ადგილი, სადაც ვუკრავდი, იყო თსუ-ს პირველ და მეექვსე კორპუსებს შორის მიწისქვეშა გადასასვლელი, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროსთან, ფილარმონიასთან. ასე დაახლოებით 5-6 წელი ვუკრავდი.
შემდეგ ვოკალის პედაგოგთან, ხათუნა ლეჟავასთან სწავლის შანსი მომეცა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში დიდი როლი ითამაშა ჩემი სმენისა და ვოკალის განვითარებაში. 2012 წელს 9 თვით გავემგზავრე პოლონეთში, კრაკოვში, მოხალისეობრივი პროგრამით ბავშვებთან ვმუშაობდი, პოლონურიც ვისწავლე და ევროპაში ცხოვრებაც გამოვცადე.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2013 წელს მონაწილეობა მივიღე პროექტში "ახალი ხმა“ (The Voice), სადაც დათო ფორჩხიძის გუნდში ვიყავი და მეოთხედფინალამდე მივედი. მერე ვთქვი, რომ საკმარისი იყო. საქართველოში მუსიკალური ინდუსტრია, ფაქტობრივად, არ არსებობს და ტყუილად სიარულს აზრი არ ჰქონდა. 2015 წლიდან უკვე ბარების სცენაზე გადავედი და რეგულარულად დავიწყე დაკვრა.

- დღეს ლატვიაში ცხოვრობთ. როგორ აღმოჩნდით ამ ქვეყანაში?
- 2021 წელს ლატვიელმა მეგობარმა მიმიწვია ბალტიისპირეთის ტურში და ლატვიაში ვიყავი. მომდევნო წელს უკვე გადავწყვიტე დარჩენა, ლატვიური ენა ვისწავლე და 2022 წლიდან ლატვიაში, ზღვისპირა ქალაქ ლიეპაიაში ვცხოვრობ.
ლიეპაია ძალიან მუსიკალური და ისტორიული ქალაქია. ამ ეტაპზე მთლიანად მუსიკით ვცხოვრობ. ვმუშაობ ჩემს პირველ სადებიუტო სოლო ალბომზე და კონცერტებით ხშირად დავდივარ ლატვიის ფარგლებს გარეთაც - ლიეტუვაში, პოლონეთში, გერმანიაში. ადგილობრივმა საზოგადოებამ და მუსიკოსებმა ძალიან თბილად მიმიღეს, რადგან ადგილობრივი ენის პატივისცემა და შესწავლა დააფასეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქმე, რომელიც მიყვარს, ჩემს მთავარ საქმიანობად იქცა.
- როგორია უცხო ქვეყანაში ცხოვრება?
- დროებითი რეზიდენტის სტატუსი მაქვს. დღევანდელ მსოფლიოში ხანგრძლივი გეგმების დაწყობა რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე მადლობელი ვარ.
ლატვია პატარა ქვეყანაა, 2 მილიონიც არ არიან. ზამთარი მკაცრია. ხალხმა ძალიან თბილად მიმიღო. ბევრი მეგობარი, მუსიკოსი და მსმენელი შევიძინე, რომლებიც სულ მხარს მიჭერენ. ძალიან მუსიკალური ქვეყანაა - ყოველ ხუთ წელიწადში ეროვნული სიმღერის ფესტივალი ტარდება რიგაში, სადაც ათასობით მომღერალი იკრიბება და გუნდურად მღერიან ტრადიციულ სიმღერებს. ასე რომ, ძალიან ნაყოფიერ და მუსიკალურ გარემოში ვარ... ჯერჯერობით ასეა...