საქართველოში წვიმიანი ამინდი უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება, თუმცა თვის ბოლოსა და ნოემბრის პირველ დღეებში ცალკეულ რეგიონებში გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს. როგორი ამინდი იქნება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში და რას უნდა ველოდოთ დედაქალაქში - ამის შესახებ ambebi.ge-სთან სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი საუბრობს
"ჯერჯერობით დასავლეთ საქართველოში ისევ აღმოსავლეთის ქარია, საკმაოდ ძლიერი. ასე იქნება დღეს და ხვალ, 30-ის ჩათვლით. მერე უკვე 30-ში დღის პირველ ნახევრამდე იქროლებს, შემდეგ კი წვიმა დაიწყება დასავლეთ საქართველოში. 30-ში, 31-ში იწვიმებს და პირველში, ორში ცოტათი გამოიდარებს“, - ამბობს თამარ პაპაშვილი.
სინოპტიკოსის პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის სურათი განსხვავებული იქნება.
"რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ პირიქით, დღეს იწვიმებს, ხვალაც იწვიმებს და მერე უკვე 31-ში და პირველში ცოტა ოდნავ გამოიდარებს და ტემპერატურას მოიმატებს“.
პაპაშვილის განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველოში ამჟამად ტემპერატურა დაახლოებით 14-16 გრადუსის ფარგლებშია, თუმცა მომდევნო დღეებში სითბოა მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს და ხვალ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, შემდეგ კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
"დედაქალაქში დღეს და ხვალ იწვიმებს, მერე უკვე უმეტესად უნალექო ამინდია, ტემპერატურა 19-21 გრადუსი“, - აღნიშნავს სინოპტიკოსი.
მისივე თქმით, საქართველოში ამ პერიოდში ტემპერატურა ნორმაზე მაღალია.
"კი, საკმაოდ თბილია, ნორმაზე მაღალია ტემპერატურა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში“, - ამბობს თამარ პაპაშვილი.