Amazon-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა, 31 წლის ბოუენ ვანგმა, ChatGPT-ის რჩევით ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტის დოზა შეამცირა. მოგვიანებით კი ის გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ეპილეფსიით გამოწვეული უეცარი სიკვდილი დასახელდა. The New York Times-ის ინფორმაციით, ვანგის მშობლებმა მისი გარდაცვალების შემდეგ ChatGPT-სთან მიმოწერა აღმოაჩინეს და OpenAI-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
ბოუენ ვანგი ჩინეთიდან სიეტლში გადავიდა და Amazon-ში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად მუშაობდა. ეპილეფსიური შეტევების შიშის გამო, ის იშვიათად გადიოდა სახლიდან და უჭირდა ახალი მეგობრების შეძენა. საკუთარ მდგომარეობაზე ძირითადად მშობლებთან საუბრობდა, რომლებიც ჩინეთში ცხოვრობდნენ და მას ხშირად ურეკავდნენ.
2025 წლის მაისში ვანგმა ჩატბოტს სამედიცინო საკითხებზე დაუსვა კითხვები - აინტერესებდა, როგორ იმოქმედებდა ახლად დანიშნული ანტიდეპრესანტი მის კოგნიტურ უნარებსა და მუშაობის შესაძლებლობაზე.
2025 წლის ნოემბერში ვანგმა შეიტყო, რომ Amazon-ში მასშტაბური შემცირების ფარგლებში, სამსახურს დაკარგავდა. ეს მისთვის განსაკუთრებით მძიმე ამბავი იყო, რადგან აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლების მიღების შესაძლებლობა მის დასაქმებაზე იყო დამოკიდებული. მას ახალი სამსახური უნდა ეპოვა და ინგლისურ ენაზე გასაუბრებები წარმატებით გაევლო.
ამ პერიოდში ვანგმა ChatGPT-ს ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტების დოზის შემცირების შესაძლებლობაზეც ჰკითხა.
ვანგი ჩატბოტს ხშირად სწერდა დოზის შემცირებასთან დაკავშირებული შიშებისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. გამოცემის ინფორმაციით, მან მედიკამენტების დოზის თანდათანობით შემცირების გეგმაზე შეშფოთება სულ მცირე 158-ჯერ გამოხატა. ზოგიერთ შემთხვევაში ChatGPT ექიმთან კონსულტაციას ურჩევდა, თუმცა სხვა შეტყობინებებში, მათ შორის შემაშფოთებელი სიმპტომების აღწერისას, ამგვარი რეკომენდაცია არ გაუცია.
OpenAI-მ მომხდარს "წარმოუდგენლად გულდამწყვეტი სიტუაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ვანგი ChatGPT-ის ადრეულ ვერსიას, GPT-4o-ს იყენებდა. ეს მოდელი აპლიკაციიდან 13 თებერვალს, ვანგის გარდაცვალების მომდევნო დღეს, ამოიღეს.