ავტორი:

საუკეთესო შენაძენი ბავშვებისთვის - ახალი წიგნები "პალიტრა L"-ის სტენდთან "თბილისის წიგნის დღეებზე"

საუკეთესო შენაძენი ბავშვებისთვის - ახალი წიგნები "პალიტრა L"-ის სტენდთან "თბილისის წიგნის დღეებზე"

30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი „თბილისის წიგნის დღეებს“ უმასპინძლებს. „პალიტრა L“ სტუმრებს განახლებული, მრავალფეროვანი და სიახლეებით სავსე კუთხით დახვდება. წლევანდელი ღონისძიება გამომცემლობისთვის ორმაგად საზეიმოა, რადგან 31 ოქტომბერს „პალიტრა L“-ს 21 წელი უსრულდება.

დაბადების დღისა და წიგნის დღეების აღსანიშნავად, ბევრისთვის საყვარელ წიგნებთან ერთად, პატარა მკითხველებს ახალი გამოცემებიც ელოდებათ. აგათა კრისტის დეტექტიური თავსატეხებიდან და დისნეის პრინცესების ჯადოსნური სამყაროდან დაწყებული, ქართველი ავტორების ფანტაზიით სავსე ამბებითა და მოზარდებისთვის განკუთვნილი სათავგადასავლო რომანით დამთავრებული უამრავი ახალი წიგნი დაგხვდებათ „პალიტრა L“-ის სტენდთან.

აგათა კრისტის ოფიციალური სკოლისშემდგომი საკითხავი - დეტექტივების კლუბი

სტაცე ხელი გამადიდებელ შუშას და მოემზადე ორმოცდაათი უჩვეულო თავსატეხის ამოსახსნელად აგათა კრისტის სკოლისშემდგომი დეტექტივების კლუბთან ერთად!

აგათა კრისტის ამბებით შთაგონებული წიგნი ხიფათით, დაძაბულობითა და ბრწყინვალე თავსატეხებითაა სავსე. საკრუიზო გემზე განვითარებული კრიზისიდან დაწყებული, სოფლის სახლში მოწამვლითა და მატარებლით სახიფათო მგზავრობით გაგრძელებული - შეძლებ ამ გამოცანების ამოხსნას და მამაც დეტექტივებს ყოველი საქმის გახსნაში დაეხმარები? წიგნი განსაკუთრებით წაადგებათ იმედისმომცემ დეტექტივებს, რომლებსაც დაკვირვება, ლოგიკური აზროვნება და საიდუმლოებების ამოხსნა უყვართ.

„პრინცესები - იმოგზაურე სასახლეში“

ამ მაგიურ წიგნში დისნეის რვა პრინცესას შეხვდები და მათ სასახლეებსა და ციხესიმაგრეებში იმოგზაურებ. გზად უამრავი გასართობი და თავსატეხი გელოდება, რომლებიც თავგადასავალს კიდევ უფრო შთამბეჭდავსა და მრავალფეროვანს გახდის.

წიგნში 400-ზე მეტი სტიკერი, პაზლები და სხვადასხვა აქტივობაა თავმოყრილი. თუ დისნეის პრინცესების სამყაროს გაცნობა გინდა, ეს წიგნი ამისთვის იდეალური არჩევანია!

„ნინაკა და მაგნიტური ღრუბლები“ - თეა თოფურია

ნინიკა პატარა, გონიერი გოგონაა. ის ცხოვრობს ქვეყანაში, რომელსაც ერთასოიანი სახელი „პ“ ჰქვია. ეს ქვეყანა დინოზავრის ტყავზეა გაშენებული და საფრთხის მოახლოებისთანავე, სახლებიან-მოსახლებიანად, სხვაგან გარბის.

ამ ქვეყანაში ხალხს თავგადასავლები არ ელევა, თუმცა ერთ დღეს ახალი განსაცდელი ატყდებათ თავს - ცაზე რკინის ნივთების მოყვარული მაგნიტური ღრუბლები გამოჩნდებიან! მეზობლად მცხოვრები ცრუმორწმუნეები კი, რომლებსაც ყველაფრის ეშინიათ, რაც არ მომხდარა და არც მოხდება, გადაწყვეტენ, პ-ს თავს დაესხან.

„სტელა“ - ნუკა გუგუა

გაიცანი სტელა და მასთან ერთად იმოგზაურე რომის მზიან, ვიწრო ქუჩებში, ვარსკვლავთშორის სამყაროსა და ბავშვობის უდარდელ მოგონებებში.

სტელა ჩვეულებრივი გოგონა არ გეგონოს - ის ერთდროულად ადამიანიცაა და კაშკაშა ვარსკვლავიც. ყვითელი მოტოციკლეტით დაქრის რომის ქუჩებში, ეხუტება შენობებს, მუშაობს საკონდიტროში და ამზადებს ჯადოსნურ, ვარსკვლავებისმტვრიან ტირამისუს, რომელიც ადამიანებს სიხარულით ავსებს.

სტელას მეგობრებიც უცნაური, თბილი და ზღაპრულები არიან: ცირკიდან გამოპარული სპილუკა, ბიჭუნა ლუკა, რომელიც სამყაროს მხოლოდ მწვანედ ხედავს და თევზებთან მეგობრობს, და ბავშვობიდან განუყრელი სებასტიანი…

„სტელა“ სიყვარულზე, სიკეთეზე, მადლიერებასა და იმ უბრალო ბედნიერებაზე გვიყვება, რომელსაც ყოველდღიურ წვრილმანებში, ღიმილსა და სხვისთვის გაწვდილ ხელში ვპოულობთ. წიგნი პატარებსაც და დიდებსაც შეახსენებს, რომ ოცნებები აუცილებლად ახდება და ცხოვრება ყველაზე ლამაზი ზღაპარია.

„სად იმალება მზე“ - მარიამ ელისბარაშვილი

პატარა, ცნობისმოყვარე თაგუნას ყოველ დილით, გაღვიძებისას, ერთი და იგივე კითხვა უტრიალებს თავში: სად მიდის მზე, როცა მას სძინავს? პასუხის საპოვნელად თაგუნა ფოთლებისგან ზურგჩანთას შეკრავს და მზის სახლის საძებნელად გაეშურება.

გზად ის ცნობისმოყვარე ლოკოკინას, მოჭიკჭიკე ჩიტუნიასა და მოჩხრიალე ნაკადულს ხვდება. თითოეული მათგანი თავისებურად ეხმარება პატარა მოგზაურს იმის გააზრებაში, რომ სამყარო სავსეა საოცრებებით. საღამოს დადგომასთან ერთად კი თაგუნა ყველაზე მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას მიაგნებს…

წიგნი გაფორმებულია ავტორის ილუსტრაციებითა და გასაფერადებელი გვერდებით, სადაც პატარა მკითხველს საკუთარი მზის პოვნა შეუძლია.

„ლოკ ლამორას ტყუილები“ - სკოტ ლინჩი

ლოკ ლამორა ქურდია, თანაც ამ საქმის დიდოსტატი, თუმცა მისთვის ქურდობაზე მნიშვნელოვანი რამეც არსებობს - მთავარი სიამოვნება თავად თაღლითობაა! მისი თითოეული „საქმე“ ერთი მსახიობის თეატრს ჰგავს: მარჯვედ მოფიქრებული ტყუილებით ის ძლიერთა ამა ქვეყნისათა აცურებს.

გონებამახვილი პატარა ბიჭი ქურდად გაჭირვებამ და ობლობამ აქცია - მას თავი უნდა გაეტანა იმ ფსკერზე, სადაც ცხოვრებამ მოისროლა. სწორედ ამიტომ იცის მეგობრობის ფასი. ამ უღალატო მატყუარას მეგობრებისთვის უყოყმანოდ შეუძლია თავის გაწირვა, ისინი კი მზად არიან, მის დასაცავად ყველაფერი გააკეთონ.

ერთ მშვენიერ დღეს სწორედ ტყუილი და ერთგული მეგობარი იხსნის ლოკ ლამორას სიკვდილისგან.

რომელი წიგნით გაახარებთ პატარა მკითხველს?

დეტექტიური თავსატეხები, დისნეის პრინცესების ჯადოსნური სამყარო, წარმოსახვითი ქვეყნები, ვარსკვლავური თავგადასავლები თუ გონებამახვილური თაღლითობების ამბავი - „პალიტრა L-ის“ სტენდთან არჩევანი სხვადასხვა ინტერესის მკითხველისთვის მოიძებნება. 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ეწვიეთ „თბილისის წიგნის დღეებს“, დაათვალიერეთ გამომცემლობის განახლებული კუთხე და ბავშვებთან ერთად შეარჩიეთ წიგნი, რომელიც მათთვის ახალი თავგადასავლის დასაწყისი გახდება.

R