სახალხო დამცველის, საპატრიარქოსა და საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ“ 74 ხმით დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები და კაზინოებისთვის შეღავათები დააწესა - ყველა სამორინე, რომელიც 3 მილიონს გაათამაშებს და საერთაშორისო ტურნირებს დააორგანიზებს, გადასახადისგან თავისუფლდება.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება ის, რომ მასში მონაწილეების საერთო რაოდენობის 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ, ნაცვლად 70%-სა, რაც პროექტის პირვანდელი ვარიანტით იყო განსაზღვრული. გარდა ამისა, კანონის პროექტის პირვანდელი ვერსიიდან ამოიღეს მუხლი, რომელიც არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება მის 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებდა.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი არის სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.
პროექტის მიხედვით, თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონი ლარს აღემატება, ის კლუბის მაგიდისთვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.
ამავდროულად, ორგანიზატორს უფლება ექნება საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად შემოსავალი მიიღოს. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვები იქნება როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ.
ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული შემოსავალი 20 პროცენტით დაიბეგრება. ამასთან, არ დაიბეგრება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იმ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული შემოსავალი, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 ლარს აღემატება.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის სანებართვო პირობების დარღვევისათვის ჯარიმა 50 000 ლარია.
"შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება, - ცვლილებათა პაკეტის დამტკიცებამდე განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზის განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს საპატრიარქოსთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.
"საქართველოს საპატრიარქო 2017 წლიდან დაწყებული იმ პროცესის უშუალო ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, რომელიც აზარტული თამაშების სფეროში რეგულაციების შემუშავებასა და დაწესებას ისახავდა მიზნად. ამ საკითხზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპატრიარქოს მხრიდან პროცესს ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, იმჟამად - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ჩატარდა არაერთი კვლევა, შეგროვდა და გაანალიზდა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შედეგებიც საზოგადოებას გავაცანით. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მიიღო რეგულაციების მთელი პაკეტი, რაც მეტად მისასალმებელი იყო.

რაც შეეხება ამჟამინდელ საკანონმდებლო ინიციატივას, ის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.
ჯერჯერობით საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება. გავეცანით სახალხო დამცველის პოზიციას და პირადად მე მის არგუმენტებს დიდწილად ვიზიარებ. იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგი სასიკეთო შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ინტერპრესნიუსთან“.
აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის მიღების შეჩერებისკენ პარლამენტს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც მოუწოდა.

ლევან იოსელიანის შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია საზოგადოებისთვის ასეთი სენსიტიური საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, სათანადო ექსპერტული ჩართულობისა და ადამიანის უფლებებზე შესაძლო გავლენის სრულყოფილი შეფასების გარეშე. ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორები ცვლილებების მიზნად ტურიზმის განვითარებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ასახელებენ, განმარტებით ბარათში არ არის შეფასებული აზარტული თამაშების შესაძლო გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, სოციალური ზიანი და მისი პრევენციის ხარჯები. ამასთან, დოკუმენტი არ მოიცავს საერთაშორისო გამოცდილების ანალიზს და არ ასაბუთებს, რატომ არ უნდა მოახდინოს ცვლილებებმა გავლენა ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, ფინანსურ სირთულეებზე, ოჯახურ კონფლიქტებსა და არასრულწლოვანებისთვის შესაძლო ზიანზე.
"სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტების განხილვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკითხის ყოველმხრივ და სრულყოფილ შესწავლას, მათ შორის, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ფართო და სათანადო ჩართულობას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების შეფასება არ შემოიფარგლოს მხოლოდ მატერიალური სარგებლის განსაზღვრით და სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე მათი შესაძლო გავლენა და დაკავშირებული რისკები, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2026 წელს აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვამ საქართველოში 88 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო მასზე დამოკიდებულებამ არა ერთი ოჯახი გააუბედურა.
"სიამოვნებით ავკრძალავდი აზარტულ თამაშებს, თუმცა ესეც ეკონომიკაა“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 2016 წელს ქუთაისში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.მისი თქმით, აზარტულ თამაშებს ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მსგავსი ტიპის თამაშები ტურისტებს იზიდავს.

"სიამოვნებით ავკრძალავდი აზარტულ თამაშებს, თუმცა ესეც ეკონომიკაა და მკვეთრი დამოკიდებულება თურმე არ შეიძლება. კაზინოების არსებობა ტურისტების დინებასაც უწყობს ხელს, ეს ფაქტია და ვერ უარვყოფთ ამას. უამრავი ოჯახი გაუბედურდა, მეც ვიცი ეს რა არის. მახსოვს ერდოღანთან შეხვედრა რომ მქონდა, პირველი ეს მთხოვა იქნებ ეს კაზინოები დახუროო. იქიდან ჩამოსულებიც უბედურდებიან ძალიან ბევრი, მაგრამ რა ვქნათ, ბიზნესია, ხალხს ეს უყვარს და მოსწონს. ტურიზმს ხელს უწყობს, შესაბამისად, კანონმდებლობას უნდა მივხედოთ. გავამკაცროთ კანონმდებლობა, მაგრამ ბიზნესზე უარს ნუ ვიტყვით“, - ამბობდა ყოფილი პრემიერი ივანიშვილი.
აღნიშნულ კანონპროექტს სარეაბილიტაციო ცენტრ "დღე პირველის" დირექტორი, "აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის" დამფუძნებელი გუგა ბესელია აფასებს:

- ცხადია, რთულია ამის პოზიტიურად შეფასება იმიტომ, რომ შესაძლოა თავის მართლებასავით არგუმენტად გამოდგეს ის ფაქტი, რომ ეს უცხოელებზე გათვლილი და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. თუმცა ის, რომ საქართველო სათამაშო ინდუსტრიის რაღაც ჰაბად ყალიბდება კავკასიაში, ეს ბუნებრივია. საქართველოს მოსახლეობა ისედაც თამაშდამოკიდებულების პრობლემით იტანჯება, საქართველოში, რომლის მოსახლეობაც 3 მილიონზე ოდნავ მეტია და იქიდან 300 000 როცა თამაშდამოკიდებულია, ესე იგი ამ შემთხვევაში სერიოზულ ეპიდემიაზე ვსაუბრობთ. კიდევ უფრო მეტად პროპაგანდა და ამ ყველაფრის წარმოჩინება პრობლემას კიდევ უფრო მეტ წყალს ასხამს. შესაბამისად, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს ძალიან ცუდი და რთული ამბავია. დაახლოებით ორი თუ სამი კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა საქართველოში 88.3 მილიარდ ლარს შეადგენს. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ეს ბრუნვა კიდევ და კიდევ იზრდება. არაერთხელ მითქვამს, რომ უბრალოდ შეზღუდვებით ეს საკითხი არ მოგვარდება და ამას სჭირდება ბევრად უფრო კომპლექსური მიდგომა, თამაშდამოკიდებულების მიმართულებით ვიდრე არ შეიქმნება მარეგულირებელი ორგანო, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. თვითონ უშუალოდ ამ კანონპროექტს რაც შეეხება, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, კონკრეტულად თამაშდამოკიდებულების ჭრილიდან გამომდინარე, არ მგონია, ეს ყველაფერი საქართველოში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა პოზიტიურად შეაფასოს. გამართლებით კი ბატონო, გავამართლებთ იმით, რომ ეს არის ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ეს უკვე სხვა პერსპექტივებია და სხვა ხედვები.
- როცა კანონდამრღვევი მხოლოდ 50 000-ით ჯარიმდება, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ აზარტული ტურნირების ჩატარება და შემდეგ კანონის დარღვევაც მარტივდება?
- ჩვენ გვავიწყდება ზაფხულში მიღებული კანონი, რომელიც ქვეყანაში საერთაშორისო ოპერატორების მოზიდვას გულისხმობს. რატომღაც მედიასაც გამორჩა ეს საკითხი - ამა წლის ივნისში მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ოპერატორებს შეუძლიათ საქართველოში ოპერირება და აქ ფუნქციონირება. კანონის მიხედვით, იქ უბრალოდ ქართულ მოსახლეობას არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა და ითამაშოს იმ ოპერატორებთან, თუმცა აქაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია იმ მხრივ, რომ თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ, დღესაც ძალიან ბევრ სახელმწიფო ჩინოვნიკს, სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანს, სოციალურად დაუცველებს არ აქვთ კანონით უფლება, რომ ითამაშონ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი მაინც პოულობენ ხვრელებს. ამას მოწმობს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი სტატისტიკა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, სადაც ამ შეზღუდვების თუ რაღაცა საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უკვე ჩანს, რომ პლასტიკური ბარათებიდან ტრანზაქციების 12% უკვე საზღვარგარეთულ კაზინოებზე მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშდამოკიდებული ადამიანები, რომლებიც მრავლად არიან ქვეყანაში და ეს მრავლად ყოფნა ნიშნავს დაახლოებით 300 000-ს, ამ მიმართულებით ახალ ხვრელებს პოულობენ - ზოგი სხვა ადამიანის ექაუნთით თამაშობს ქართულ კაზინოებში, ზოგი - უცხოეთში არსებულ ონლაინ კაზინოებში, საერთაშორისო ბაზაზე დღეს უამრავი კრიპტოკაზინოა, რომელთა მომხმარებლებიც უკვე ქართველებიც არიან. ეს იმის დამსახურებაა, რომ უბრალოდ, ამ ადამიანებს საქართველოში არ შეუძლიათ თამაში.
დამოკიდებულება თვითონ ფსიქიკური დაავადებაა და მასთან მუშაობას სხვა სპეციფიკა სჭირდება და არა შეზღუდვები და აკრძალვები. შეზღუდვებით და აკრძალვებით ეს ადამიანები პოულობენ ახალ ხვრელებს, ამიტომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, სარეაბილიტაციო პროცესის არსებობა და ის, რომ ეს სარეაბილიტაციო პროცესები იყოს ხელმისაწვდომი. სწორედ ამ ყველაფერზე უნდა მუშაობდეს მარეგულირებელი ორგანო, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 2024 წელს გავაკეთე რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტისთვის, სადაც ბავშვთა გაეროს ფონდთან ერთად ვმუშაობდი თემატურ მოკვლევაზე. როგორც თქვენ არ განიხილეთ ის რეკომენდაციები, ისე პარლამენტმა. ჩვენ რომ მარეგულირებელი ორგანო გაგვეკეთებინა, დღეს გაცილებით უკეთესი სოციალური გარემო გვექნებოდა ამ მიმართულებით.
კითხვა მაქვს: ჯერ ერთი, თუნდაც 80%-ზე რომ არის ქართველებისა და უცხოელების პროპორცია, ვინ დადგება და ვინ დათვლის მაგ 80%-ს?
ჩვენ შეიძლება გენიალური კანონები მოვფიქროთ, მაგრამ მანდ აღსრულების ნაწილია მნიშვნელოვანი. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ახლა თითო ამ ტურნირთან პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი დადგება და თვლას დაიწყებს, იქ 20 კაცი შევიდა თუ 40?
- ეს ინიციატივა რამდენიმე სამორინეს პერსონალურ ბიზნესინტერესებს ემსახურება, რომლებსაც მფარველები ჰყავთ, თუ კონკრეტულად "ოცნების“, რომელიც ამას ეკონომიკური ზრდით და ტურისტების მოზიდვით ხსნის?
- აქამდე რაც ვილაპარაკე, ამაზე შემიძლია დადასტურებული მსჯელობა. ის, რომ ეს კანონპროექტი ვინმეს ინტერესში შედის თუ არ შედის, ამაზე ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ ვარაუდებით ვილაპარაკებთ. შეიძლება ეკონომისტი არ ვარ და ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივ პროცესში, ლონგ-თერმ პერიოდში ეკონომიკურ დოვლათს უნდა ქმნიდნენ, მათ ურტყამთ ეს კანონპროექტი, რომელიც უკვე კანონი გახდა.
ან რა საჭირო იყო ეს სიჩქარე? გეთანხმებით, რომ შესაძლოა ვინმე კონკრეტული პირების ინტერესში შედიოდეს, მაგრამ ჩემთვის აუხსნელია, რა საჭირო იყო ასეთი ფორსმაჟორი - რაღაც ორ დღეში მოხდა ამ კანონპროექტის ძალაში მოყვანა. ეს ყველაფერი ცოტა ეჭვს ბადებს, მაგრამ ვერაფერს ვადასტურებ იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი მტკიცებულება და არც არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.
აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა 15-20%-ით იზრდება მუდმივად და რის ხარჯზე იზრდება - მოთამაშეები ემატებიან და უბედურდებიან ოჯახები, ხომ?
მოკლედ, სავალალო დღეში ვართ, რასაც განაპირობებს დაბალი ცნობიერება, განათლების დონე, აქედან რეკლამა, იქედან ხელმისაწვდომობის საკითხი, საბოლოო ჯამში, სიღარიბე, თავისთავად. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთმანეთს აძლიერებს.
იხილეთ ასევე: