ავტორი:

20 წლის წინ მოპარული წმინდანის ტილო, რომელსაც იერსახე შეუცვალეს, პოლიციამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იპოვა - უცნაური გამოძიების დეტალები

20 წლის წინ მოპარული წმინდანის ტილო, რომელსაც იერსახე შეუცვალეს, პოლიციამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იპოვა - უცნაური გამოძიების დეტალები

ხელოვნების ნიმუშების ქურდობა გლობალური პრობლემაა, რომელსაც სამართალდამცველები ათწლეულების განმავლობაში ებრძვიან. იტალიის პოლიციამ გამოიყენა სპეციალურად შექმნილი ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელმაც 20 წლის წინ მოპარული და ოსტატურად გადაკეთებული წმინდა აგნესას ნახატის მიგნება შეძლო.

2024 წლის ოქტომბერში, იტალიის ქალაქ პარმაში გამართულ ანტიკვარიატის ყოველწლიურ ბაზრობაზე, პოლიციის ოფიცრები დახლებს შორის დასეირნობდნენ და ექსპონატებს ფოტოებს უღებდნენ. ფოტოები სპეციალურ შიდა მონაცემთა ბაზაში იტვირთებოდა.

სულ რაღაც ორ საათში სისტემამ განგაშის სიგნალი გამოსცა: ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული იყო ახალგაზრდა, ღია ფერის კანის მქონე ქალი წითელ და აკვამარინისფერ სამოსში, რომელსაც ხელში ნახევრად გაშლილი პერგამენტის გრაგნილი ეჭირა. იტალიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიციის დანაყოფის ლეიტენანტ-პოლკოვნიკ სალვატორე რაფიკავოლის თქმით, ექსპერტებმა ნახატი იმავე დღეს ამოიღეს შემოწმებისთვის.

  • როგორ აქციეს XVII საუკუნის წმინდანი წარმართ ქალად?

ადამიანის თვალით ძნელი შესამჩნევი იყო, თუმცა ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო ფერების ჩრდილებისა და სილუეტების ვიზუალური “თითის ანაბეჭდების“ შედარება.

საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა, რომ ეს იყო XVII საუკუნის, 1 მეტრის სიმაღლის წმინდა აგნესას (Saint Agnese) ნახატი, რომელიც 2004 წლის 11 აგვისტოს ღამეს ნეაპოლის მახლობლად, სულმონაში მდებარე Virgo Potens-ის პატარა ეკლესიიდან მოიპარეს.

ნახატის დასაფარად და იდენტიფიცირების გაძნელების მიზნით, მძარცველებს იგი გადაუხატავთ:

წმინდანის ხელში არსებული პატარა თეთრი კრავი პერგამენტის გრაგნილით შეეცვალათ. შარავანდედი და პალმის ტოტი წაეშალათ, რათა წმინდანი ახალგაზრდა წარმართ ქალად გადაექციათ.

ორიგინალი ტილო, რომელიც გადააკეთეს

იტალიის პოლიციას კულტურული ფასეულობების უდიდესი მონაცემთა ბაზა აქვს, რომელიც 1 მილიონზე მეტ ექსპონატს მოიცავს. წარსულში ოფიცრებს ხელით, საკვანძო სიტყვებით (მაგალითად: “ქალი გრაგნილით“) უწევდათ ათასობით ფოტოს გადამოწმება, რაც დიდ დროს მოითხოვდა.

2020 წელს სალვატორე რაფიკავოლის გუნდმა შექმნა AI ალგორითმი Swoads (Stolen Works of Art Detection System). “მანქანა არ იღლება“, - აღნიშნავს რაფიკავოლი. სისტემას შეუძლია დაჭრილი, გადაკეთებული ან დაზიანებული ნახატების ფრაგმენტების ამოცნობა.

2023 წლის ნოემბრიდან დღემდე, Swoads-ის დახმარებით იტალიის პოლიციამ 300-ზე მეტი დიდი ზომის მოპარული ნახატი და ქანდაკება, ასევე 165 000-ზე მეტი მონეტა, მედალი, ხელნაწერი და რელიგიური ნივთი დააბრუნა, რომელთა საერთო ღირებულება 203 მილიონ ევროს აღემატება.

გარდა ამისა, 2026 წელს ამავე პროგრამით ტურინში აღმოაჩინეს ფილიპო პალიცის ნახატი “Riposo Della Pastorella“, რომელიც 1972 წელს იყო მოპარული.

ექსპერტების თქმით, ხელოვნური ინტელექტი მძლავრი ინსტრუმენტია, თუმცა იგი ადამიანურ ანალიზს სრულად ვერ ჩაანაცვლებს. FBI-ის ხელოვნების დანაშაულთა დანაყოფის ყოფილი ხელმძღვანელი ტიმოთი კარპენტერი აღნიშნავს, რომ AI ვერ ასხვავებს ორიგინალს ასლისგან და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სამართალდამცველთა დიდი გუნდის მიერ გადამოწმება სჭირდება.

2025 წლის 20 მაისს, 20 წლის წინ დაკარგული წმინდა აგნესას აღდგენილი ნახატი ნეაპოლის მახლობლად მდებარე Virgo Potens-ის ეკლესიას საზეიმო ვითარებაში დაუბრუნდა.

წყარო