იტალიაში, 49 წლის ქართველი მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მისი თანამემამულე სასამართლომ გაამართლა. ბრალდებულმა ორი წელი ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობაში გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა მისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, სალერნოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიჩნია, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და პატიმრობისგან გაათავისუფლა.
საქმე 2024 წლის მარტში მომხდარ შემთხვევას ეხება. სალერნოში, ვინჩიპროვას ქუჩაზე, ორ ქართველს შორის პირადი უთანხმოების გამო დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის შემდეგ 49 წლის პავლე შუბითიძე შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო და გარდაცვლილის თანამემამულე დააკავა. მას თავდაპირველად განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად.
სასამართლო პროცესის მთავარი საკითხი სწორედ ის გახდა, გამოიწვია თუ არა ჩხუბის დროს მიყენებულმა დაზიანებებმა 49 წლის მამაკაცის სიკვდილი. პროკურატურის დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად გარდაცვლილს გულის პრობლემები აღმოაჩნდა. ექსპერტიზის მიხედვით, სიკვდილის შესაძლო მიზეზი სისხლძარღვების შევიწროება ან არითმია იყო, რაც შესაძლოა ფიზიკური დაპირისპირების დროს მიღებულ სტრესსაც გამოეწვია.
ამასთან, ექსპერტიზამ არ გამოავლინა ბლაგვი საგნის გამოყენების კვალი. დადგინდა, რომ მამაკაცი ჩხუბის დროს ხელით იყო ნაცემი.
დაცვის მხარის ექსპერტი მიიჩნევდა, რომ აღმოჩენილი დაზიანებები იმდენად მძიმე არ იყო, რომ მათ სიკვდილი გამოეწვია. გარდა ამისა, ადვოკატები ხაზს უსვამდნენ, რომ დაპირისპირება ორმხრივი იყო და ჩხუბში ორივე მამაკაცი მონაწილეობდა.

ბრალდებულიც თავიდანვე ადასტურებდა ჩხუბში მონაწილეობას, თუმცა ამტკიცებდა, რომ შემთხვევის ადგილი მაშინ დატოვა, როდესაც შუბითიძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მასაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მიღებული დაზიანებები.
სასამართლო განხილვის დასრულებისას პროკურატურამ ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა: თავდაპირველი ბრალდება - განზრახ მკვლელობა - ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებით გამოწვეული სიკვდილით გადააკვალიფიცირა და ბრალდებულისთვის 9 წლით პატიმრობა მოითხოვა.
თუმცა დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ საქმეში არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რომელიც ჩხუბის დროს მიღებულ დაზიანებებსა და მამაკაცის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივ კავშირს დაადასტურებდა.
ადვოკატების, დე ლეოსა და ალოისის, განცხადებით, მათ დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა გარდაცვლილის ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემების შესახებაც.
საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდებული ფორმულირებით "დანაშაული არ ჩაუდენია“ გაამართლა. გადაწყვეტილების შემდეგ მას ორწლიანი შინაპატიმრობა მოეხსნა და თავისუფლება აღუდგა.
ინფორმაციას იტალიური გამოცემა „ილ მატინო“ ავრცელებს.