გაციება თუ ალერგიული რინიტი - როგორ განვასხვაოთ ცხვირის გაჭედვის მიზეზები ერთმანეთისგან?

გაციება თუ ალერგიული რინიტი - როგორ განვასხვაოთ ცხვირის გაჭედვის მიზეზები ერთმანეთისგან?

ალერგიული რინიტისა და ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის სიმპტომები ხშირად ერთმანეთს ჰგავს. ორივე შემთხვევაში შესაძლებელია გამოხატული იყოს ცხვირის გაჭედვა, გამონადენი და ცემინება, თუმცა არსებობს განმასხვავებელი ნიშნებიც.

ალერგიული რინიტისთვის უმეტესად დამახასიათებელია ცხვირის, თვალებისა და სასის ქავილი, გახშირებული ცემინება, წყლისებრი გამონადენი და ცხვირით სუნთქვის გაძნელება. განსაკუთრებით საყურადღებოა სიმპტომების განმეორება წლის ერთსა და იმავე პერიოდში ან კონკრეტულ გარემოში ყოფნისას. ალერგიულ რინიტს, როგორც წესი, არ ახლავს ცხელება. თუ პაციენტს აქვს ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, გამოხატული საერთო სისუსტე და კუნთების ტკივილი, უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ ინფექციურ დაავადებაზე ან სხვა მიზეზზე.

ვირუსული ინფექციის დროს სიმპტომები უმეტესად რამდენიმე დღეში იწყებს შემცირებას, მაშინ როდესაც, ალერგიული რინიტი შეიძლება გაგრძელდეს კვირებისა და თვეების განმავლობაში, ვიდრე პაციენტი შესაბამის ალერგენს ექვემდებარება. ამ თემაზე დეტალურად გვესაუბრება გოთუას სამედიცინო ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი. მისი განმარტებით, თუ ადამიანი ყოველწლიურად ერთსა და იმავე სეზონზე უჩივის სურდოს, ცემინებასა და თვალების ქავილს, აუცილებელია ალერგიული რინიტის გამორიცხვა და ალერგოდიაგნოსტიკა.

რა არის ალერგიული რინიტის გამომწვევი მიზეზები?

ალერგიული რინიტის გამომწვევი მიზეზები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა. პირველი გახლავთ მთელი წლის განმავლობაში მოქმედი ალერგენები:

  • სახლის მტვრის ტკიპები, რომლებიც ძირითადად ლეიბებში, ბალიშებში, თეთრეულსა და რბილ ავეჯში ბინადრობენ.
  • შინაური ცხოველების ალერგენები, რომლებიც გვხვდება მათ ქერტლსა და ნერწყვში. .
  • ნესტის სოკოს (ობის) სპორები, რომლებიც განსაკუთრებით ტენიან გარემოში ვრცელდება.

ხოლო რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ეს სეზონური ალერგენებია - მცენარეთა ყვავილის მტვერი. ზამთრის ბოლოდან და ადრეულ გაზაფხულზე იწყება ხეების ყვავილობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მაღალი ალერგენული პოტენციალის მქონე სახეობებია კვიპაროსი, არყი და ზეთისხილი. მათი მტვერი სხვადასხვა რეგიონში ალერგიული რინიტისა და კონიუნქტივიტის მნიშვნელოვანი გამომწვევია.

გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის განმავლობაში აქტიურდება ბალახების ყვავილობა, რაც, ასევე, სეზონური ალერგიის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია.

ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომაზე იწყება სარეველების, განსაკუთრებით ამბროზიისა და ავშანის მტვრის სეზონი, რომელიც ამინდის პირობების მიხედვით შესაძლოა ოქტომბერშიც გაგრძელდეს.

ყვავილობის ზუსტი პერიოდი დამოკიდებულია კლიმატზე, რეგიონსა და ამინდის პირობებზე. ამიტომ პაციენტისთვის სასარგებლოა იცოდეს, რომელი მცენარის მტვრის მიმართ აქვს ალერგია და როდის იწყება მისი ყვავილობის სეზონი.

რა როლი აქვს ჰაერის დაბინძურებას ალერგიის მაპროვოცირებელ ფაქტორებს შორის? რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით თბილისში?

თბილისის ეკოლოგიური პრობლემების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხს. ინტენსიური საავტომობილო მოძრაობა, ხანგრძლივი საცობები, სამშენებლო სამუშაოები, მტვრის არასათანადო კონტროლი და სხვადასხვა ნარჩენის ღია სივრცეში წვა ძლიერ აბინძურებს ჰაერს. განსაკუთრებით საყურადღებოა PM2.5 და PM10 ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი და სხვა დამაბინძურებლები.

ეს ნივთიერებები კლასიკურ ალერგენებს არ მიეკუთვნება, თუმცა მათ შეუძლიათ დააზიანონ სასუნთქი გზების ეპითელური ბარიერი, გააძლიერონ ანთებითი პროცესები და გაზარდონ სასუნთქი გზების მგრძნობელობა.

დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება განსაკუთრებით პრობლემურია ალერგიული რინიტისა და ბრონქული ასთმის მქონე ადამიანებისთვის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ფოთლების, ბალახისა და სხვა მცენარეული ნარჩენების დაწვის პრობლემა. ხშირად მოსახლეობას მცდარი წარმოდგენა აქვს, თითქოს ბუნებრივი მცენარეული მასალის წვა უსაფრთხოა. სინამდვილეში, ასეთი წვის დროს წარმოიქმნება კვამლი, რომელიც შეიცავს წვრილ ნაწილაკებსა და ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიურ ნივთიერებებს. მან შეიძლება გამოიწვიოს ხველა, ცხვირისა და თვალების გაღიზიანება, გაამწვავოს ალერგიული რინიტი და ბრონქული ასთმა.

რამდენად ხშირია ალერგიული რინიტი ბავშვებში და როგორ უნდა მივაქციოთ ამ საკითხს სათანადო ყურადღება?

ბავშვებში ალერგიული რინიტი ხშირად არასწორად ფასდება, რადგან ყველა ბავშვი ვერ აღწერს თავის სიმპტომებს.

ხანგრძლივი ცხვირის გაჭედვა, პირით სუნთქვა, ხვრინვა, მოუსვენარი ძილი, ხშირი ცემინება და ცხვირის მოსრესა შესაძლოა ალერგიული რინიტის გამოვლინება იყოს. შედეგად, ძილის დარღვევამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის კონცენტრაციაზე, ქცევასა და სწავლის ხარისხზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიული რინიტისა და ასთმის ურთიერთკავშირი. თუ ბავშვს სეზონური სურდოს პარალელურად აღენიშნება განმეორებითი ხველა, მსტვინავი სუნთქვა ან ფიზიკური დატვირთვისას სუნთქვის გაძნელება, საჭიროა ბრონქული ასთმის შეფასება.

შესაძლებელია თუ არა ალერგიული რინიტის პრევენცია?

აუცილებელია ჰაერის დაბინძურების შემცირება. მნიშვნელოვანია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, სამშენებლო მტვრის მართვა და ღია სივრცეში ნარჩენების წვის შემცირება. ფოთლებისა და ბალახის დაწვა არ უნდა გამოიყენებოდეს ტერიტორიის დასუფთავების მეთოდად.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საცხოვრებელ უბნებს, სკოლებსა და საბავშვო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებს.

ეს ღონისძიებები სასარგებლოა მთელი მოსახლეობისთვის, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიული რინიტისა და ბრონქული ასთმის მქონე ადამიანებისთვის.

როგორ უნდა დაიცვას პაციენტმა თავი ალერგიისგან ყვავილობის სეზონზე?

მცენარეთა მტვრის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორი მედიკამენტური მკურნალობა, არამედ, ყოველდღიური ჩვევების შეცვლაც. მცენარეთა მტვრისგან სრული იზოლაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა რამდენიმე მარტივი ღონისძიებით შესაძლებელია ალერგენებთან კონტაქტის შემცირება და სიმპტომების უკეთ კონტროლი.

სეზონური ალერგიის სიმპტომების შესამცირებლად მნიშვნელოვანია მცენარეთა ყვავილობის პერიოდის წინასწარ ცოდნა და შესაბამისი ზომების მიღება. პირველ რიგში, გაარკვიეთ, რომელი მცენარის მტვრის მიმართ გაქვთ დადასტურებული ალერგია და როდის იწყება მისი ყვავილობა: კვიპაროსის მტვერი ხშირად ზამთრის ბოლოსა და გაზაფხულის დასაწყისში აქტიურდება, ბალახების - გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულში, ხოლო ამბროზიისა და ზოგიერთი სარეველას - ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომაზე. ექიმთან შეთანხმებით წინასწარ დაგეგმეთ მკურნალობა. განმეორებადი სეზონური რინიტის დროს ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდის გამოყენება ზოგჯერ მიზანშეწონილია მოსალოდნელ სეზონამდე ან სიმპტომების გამოვლენისთანავე. ყვავილობის პერიოდში, განსაკუთრებით ქარიან და მშრალ ამინდში, შეამცირეთ გარეთ ხანგრძლივად ყოფნა, მოერიდეთ ბალახის გაკრეჭისა და ფოთლების შეგროვების პროცესს და ფიზიკური აქტივობისთვის შეარჩიეთ დრო, როდესაც კონკრეტული მცენარის მტვრის კონცენტრაცია შედარებით დაბალია. ძლიერი სეზონური ალერგიის ან ასთმის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ჰაერის დაბინძურების დონეც.

გარედან დაბრუნების შემდეგ გამოიცვალეთ ტანსაცმელი, მიიღეთ შხაპი, განსაკუთრებით ძილის წინ, და გარეთ გამოყენებული ტანსაცმელი საძინებელში არ შეიტანოთ. ყვავილობის პიკურ პერიოდში მოერიდეთ თეთრეულისა და ტანსაცმლის ღია აივანზე ან ეზოში გაშრობას. სახლში სასურველია ფანჯრების დახურვა მტვრის მაღალი კონცენტრაციის დროს, ზედაპირებისა და იატაკის სველი წესით რეგულარული დასუფთავება და, შესაძლებლობის შემთხვევაში, HEPA ფილტრიანი ჰაერის გამწმენდის გამოყენება. ავტომობილით გადაადგილებისას დახურეთ ფანჯრები და რეგულარულად შეცვალეთ სალონის ფილტრი. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ კარგად მორგებული FFP2/N95 ტიპის ნიღაბი და დამცავი სათვალე. ცხვირის იზოტონური მარილიანი ხსნარით გამორეცხვა დამხმარე მეთოდია, თუმცა არ ანაცვლებს დანიშნულ მკურნალობას; პროცედურისთვის გამოიყენეთ მხოლოდ სტერილური, დისტილირებული ან წინასწარ ადუღებული და გაგრილებული წყალი. თუ მცენარეთა მტვრის ალერგიასთან ერთად სახლის მტვრის ტკიპაზეც გაქვთ ალერგია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საძინებლის სისუფთავეს, თეთრეულის რეგულარულ რეცხვასა და ტენიანობის კონტროლს. ასევე მოერიდეთ ფოთლებისა და მცენარეული ნარჩენების დაწვას, თამბაქოს კვამლსა და სხვა გამღიზიანებლებს. მნიშვნელოვანია, არ შეწყვიტოთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა თვითნებურად, არ გამოიყენოთ ხანგრძლივად სისხლძარღვთა შემავიწროებელი ცხვირის წვეთები და სპრეები. თუ სეზონური ალერგია ყოველწლიურად მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს, ალერგოლოგთან განიხილეთ ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპიის შესაძლებლობა. ხველის, მსტვინავი სუნთქვის, გულმკერდის შებოჭილობის ან ქოშინის შემთხვევაში კი აუცილებელია ბრონქული ასთმის შეფასება. საუკეთესო შედეგს გარემოს კონტროლის, სწორად შერჩეული მედიკამენტური მკურნალობისა და საჭიროების შემთხვევაში იმუნოთერაპიის კომბინაცია იძლევა.