22 წლის მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ითხოვს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაიკითხოს შს მინისტრი, სულხან თამაზაშვილი და ასევე დაიკითხოს, მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, გიორგი კავილაძის მამაც. ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც იზა ომაძე აღნიშნავს, უსასრულოდ ვერ დაელოდება იმას, თუ როდის იქნება "ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო სისტემა“, ამიტომ, პასუხს ითხოვს ახლა.
"ჩვენი ცხოვრების რეჟიმი ასეთია, მოკლედ: ნიკო კვარაცხელიას დედამ მიმართა სულხან თამაზაშვილს მან პასუხი არ დაუბრუნა, ირიბად, მხოლოდ სულხან თამაზაშვილის დასაცავად, უპასუხა ბატონმა ცოტნე ანანიძემ, მერე ნიკო კვარაცხელიას დედას მხარდაჭერა გამოუხატა ძვირფასმა ქალბატონმა ეკა კუპატაძემ, გიგა ავალიანის დედამ, იქ რამდენიმე ადამიანს ძალიან უნდა მხარდაჭერის გამოხატვა მაგრამ სამსახურს დაკარგავს და ეშინია...
ასე გრძელდება უსასრულოდ "მოდი ვნახოთ ვენახი”- სა არ იყოს….
მე გეტყვით მარტივად: ოცდაათ ტომზე მეტია ნიკო კვარაცხელიას საქმე რომელზეც მართლმსაჯულების სახლის ახალგაზრდა იურისტები, ხელმძღვანელთან ქალბატონ ეკა ბესელიასთან ერთად მუშაობდნენ. ეს ზღვა მასალა საშინელი ტკივილის ფასად შევისწავლე მეც, შემიძლია გითხრათ ამ უსასტიკესი მკვლელობის მასალებში "მბჟუტავად ანათებს“ ორი ადამიანის სახელი, რომლებიც თუ საკუთარი სინდისის ხმას მოუსმენენ, იმედი მაქვს, ამ საქმეს ნათელს მოჰფენენ, ერთი სწორედ ბატონი სულხან თამაზაშვილია. მეორე გიორგი კავილაძის მამა (რომლის მეგობართან საუბრის დეტალებს გავეცანი).
მინდა ორივე დაიკითხოს! არ მივცემთ ჩვენებას, ესეც პასუხია ჩემთვის! მეგობრებო, მე არ ვიცი, ამ ქვეყანაში როდის იქნება სამართლიანი სასამართლო სისტემა, ვერ დაველოდები უსასრულოდ, პასუხს ვითხოვ ახლა, რადგან ამ მკვლელობის უზუსტესად შეფასება მარტო ჩვენი ოჯახისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის!
მხოლოდ ერთს დავამატებ, ნიკო კვარაცხელიას საქმე კულისებს მიღმა, ქუჩაში, სკვერში და ასე შემდეგ არ გაირჩევა. მხოლოდ სამართლებრივი კუთხით და უზუსტესად უნდა შეფასდეს“- წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველებმა აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. სასამართლომ ისინი ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო - აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულები არიან: ძმები დავით და გურამ კაკულიები და ბესარიონ (ბუსა) ჟვანია. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.