ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ხელის თხოვნის ვიდეოებმა და ფოტოებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. კადრებში ჩანს მინდორზე მოწყობილი გრანდიოზული სივრცე, ცოცხალი მანეკენები, თეატრალური ელემენტები, ბუშტები და ფოიერვერკი. მომხმარებლების ნაწილი ფიქრობდა, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი, ნაწილს კი ეჭვი ეპარებოდა, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში გაიმართა.

როგორც „ამბები.ჯი“-მ გაარკვია, ვიდეო რეალურია და ის საღონისძიებო სივრცე „შუაგულშია“ გადაღებული, სადაც არა მარტო ხელის თხოვნის გრანდიოზულ ცერემონიებს, არამედ გრანდიოზულ ქორწილებს, კორპორატიულ საღამოებს და სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებებსაც აწყობენ.

როგორ იგეგმება ასეთი სიურპრიზები, რა ჯდება მათი ორგანიზება და რა ხდება მაშინ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის? ამ საკითხებზე „შუაგულის“ ივენთ მენეჯერი გვესაუბრება.

საიდან იწყება გრანდიოზული ხელის თხოვნის დაგეგმვა და რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყოს მზადება?
ხელის თხოვნის დაგეგმვა დაახლოებით 1 თვით ადრე იწყება, თუმცა სხვა ღონისძიებებისგან განსხვავებით, მისი ორგანიზება 2 კვირაშიც სრულიად შესაძლებელია. ცხადია გამონაკლისებიც არსებობს, ყოფილა შემთხვევები რომ 2 დღეშიც დაგვიგეგმავს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გუნდს უდიდესი გამოცდილება აქვს, უშუალოდ მომზადების პროცესი ძალიან მარტივად მიმდინარეობს - მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ ბიუჯეტი და ის, თუ როგორ წარმოუდგენია მომავალ სიძეს ეს ღონისძიება.

რა არის ასეთი ღონისძიების მინიმალური ბიუჯეტი და რა თანხამდე ასულა ყველაზე ძვირადღირებული შეკვეთა?
რაც შეეხება ბიუჯეტს, ხელის თხოვნის დაორგანიზება 500 ლარადაც კი არის შესაძლებელი. ჩვენი სივრცე მულტიფუნქციურია და მაქსიმალურად ვცდილობთ დამკვეთის ბიუჯეტს მოვერგოთ, დაგვიგეგმავს ტბაში, ნავში ხელის თხოვნა, ჩვენს ულამაზეს საქანელასთან, ტბის ხედით ფანჩატურში და რა თქმა უნდა, ჩვენს ულამაზეს და განსაკუთრებულ გულის კუნძულზე - მსგავსი ფორმისა და კონცეფციის კუნძული საქართველოში სხვა არ არსებობს, ამიტომ ის პირდაპირ ასოცირდება სიყვარულთან და ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულთან. ჩვენს პრაქტიკაში, ყველაზე ძვირადღირებული შეკვეთა 30 000 ლარის ბიუჯეტს შეადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელის თხოვნის შემდეგ წყვილები ქორწილსაც ჩვენთან გეგმავენ. რა თქმა უნდა, ამ დროს ისინი სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობენ, რადგან უკვე კარგად იცნობენ და ენდობიან ჩვენს გუნდს, ქორწილის მზადების პროცესიც განსაკუთრებით მარტივად და ყოველგვარი სტრესის გარეშე მიმდინარეობს.

გქონიათ შემთხვევა, როცა ქალმა ხელის თხოვნაზე უარი თქვა? როგორ იქცევა გუნდი ასეთ დროს?
მსგავსი შემთხვევა საბედნიეროდ, არასდროს გვქონია და იმედი გვაქვს, რომ არც გვექნება პრაქტიკაში. იქიდან გამომდინარე რომ მასშტაბურ ხელის თხოვნებს ვაორგანიზებთ ბიჭი ყოველთვის დარწმუნებულია გოგოს თანხმობაში.

რა არის ყველაზე რთული ასეთი ცერემონიის ორგანიზებისას და რას ურჩევდით ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებული ღონისძიების დაგეგმვა სურს?
ყველაზე რთული ორგანიზებისას მაინც მეგობრების ჩართულობაა, რაც ყოველთვის იწვევს ქაოსსა და დაბნეულობას რაც შემდეგ მომავალ სიძეზეც ცუდად აისახება. ხშირად ყველაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ გოგოს არაფერი გაეგო - გეგმა გვაქვს გაწერილი, მაგრამ ბევრი რამ ადგილზევე დაგვიდგამს. მთავარი გამოწვევა ისაა, რომ მომავალი სიძეები თავად უშვებენ მცირე შეცდომებს და ისეთი მოულოდნელობით გეგმავენ ყველაფერს, რომ რჩეული სიურპრიზს თითქმის ყოველთვის წინასწარ გრძნობს. ჩვენი რჩევაა ყველაფერი პროფესიონალებს მიანდონ, დეტალები წინასწარ კარგად გათვალონ და ისე დაგეგმონ ხელის თხოვნა, რომ გოგონა არაფერში დაეჭვდეს.
R