მას შემდეგ, რაც ასტეროიდმა დინოზავრები გაანადგურა, გიგანტური ფრინველები ათეულობით მილიონი წლის განმავლობაში ეკოსისტემის თავში მოექცნენ, ჩვენი წინაპრები კი მათ ნადავლს შორის იყვნენ.
2.8 მილიონი წლის წინ, სამხრეთ აფრიკის სავანაში, ჩვენი შორეული წინაპრის სამი წლის შვილი დააბიჯებდა, რომელსაც კბილებიც კი არ ჰქონდა საბოლოოდ ამოსული. ახალგაზრდა Australopithecus africanus-მა არ იცოდა, რომ მას მაღლიდან ვიღაც უთვალთვალებდა.
უეცრად, ჰაერიდან უზარმაზარი მტაცებელი ფრინველი დაეშვა. მან ჩვილი გაიტაცა და მოკლა.
ზუსტად ცნობილი არ არის, თუ ფრინველის რომელმა სახეობამ იმსხვერპლა ადრეული ადამიანის ეს ჩვილი, რომელიც დღეს “ტაუნგის ბავშვის“ სახელწოდებითა არის ცნობილი, თუმცა ნამარხის თვალის ბუდეებთან არსებული ნაკაწრები ზუსტად ემთხვევა არწივის კლანჭების კვალს, მტაცებლისა, რომელიც მსხვერპლს სწორედ ასე ინადირებს.
ქვის ხანა ძალიან სახიფათო ეპოქა გახლდათ. სამყარო მეგაფაუნამ იგდო ხელთ. ადრეული ადამიანები მამონტების, მასტოდონტების, გიგანტური ზარმაცების, ხმალკბილა კატებისა და... ადამიანის “მოყვარული“ უზარმაზარი ფრინველების გვერდით ცხოვრობდნენ.

ათეულობით მილიონი წლის განმავლობაში, დინოზავრების გადაშენებიდან დიდ გამყინვარებამდე ცას ეს გიგანტები განაგებდნენ. მათმა მმართველობამ, შესაძლოა, უდიდესი და დღემდე შეუფასებელი როლი ითამაშა ადამიანის ევოლუციის პროცესში. მიიჩნევა, რომ ზოგიერთმა მათგანმა წარუშლელი კვალი დატოვა ბავშვების გამტაცებელი ფრინველების ლეგენდებში, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში ამ ფრინველების გადაშენების შემდეგაც დიდხანს იცოცხლეს.
როდესაც არამფრინავი დინოზავრები დედამიწის პირისგან აღიგავნენ, ცა მტვრით დაიფარა და მცენარეთა უმეტესობა დაიღუპა. ცხოველებისთვის საკვებად თითქმის არაფერი დარჩა, გარდა თესლეულისა, ეს კი ფრინველებისთვის იდეალური პირობა აღმოჩნდა.
სხვა მტაცებლების არარსებობის გამო, მცირე ზომის მიწის ნისკარტიანი ფრინველების ნაწილმა, რომელიც კატასტროფას გადაურჩა, გიგანტებად ევოლუციონირება შეძლო.

ზოგიერთი მათგანი მცენარეჭამია გახდა. მაგალითად, ავსტრალიური Dromornithidae, რომლებიც თანამედროვე იხვებს ჰგავდნენ, ფრენა ისწავლა და ოკეანის გიგანტურ მტაცებლად იქცა.
ერთ-ერთი მაგალითია ოდესმე არსებული ყველაზე დიდი მფრინავი ფრინველი Pelagornis sandersi, რომლის ფრთების გაშლილობა 7 მეტრს აღწევდა.

სწორედ ამ საზარელ ფრინველებთან ბრძოლა უწევდათ ჩვენს წინაპრებს.
როგორც პალეოანთროპოლოგები აცხადებენ ეჭვგარეშეა, რომ ადრეული ადამიანები მსგავსი ფრინველებისთვის მსხვერპლს წარმოადგენდნენ.
მტაცებლებისგან, ფრინველებიდან და ლეოპარდებიდან დაწყებული, აფთრებითა და გიგანტური ნიანგებით დამთავრებული, თავის დაღწევის საჭიროება ჩვენს წინაპრებზე უდიდეს ევოლუციურ ზეწოლას ახდენდა. მიიჩნევა, რომ გიგანტური ფრინველების ლუკმად ქცევის შიშმა ფორმა მისცა როგორც ადამიანის სხეულს, ისე გონებას.

დევნაზე ორიენტირებული მტაცებლებისგან განსხვავებით (როგორებიც მაგალითად ლომები ან მგლები არიან), მტაცებელი ფრინველები ხშირად ჩასაფრებულნი ნადირობენ. შესაძლოა სწორედ ამან განაპირობა ადამიანის მიდრეკილება სოციალიზაციისკენ, როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ადევნებს თვალს მოულოდნელი თავდასხმის ასაცილებლად. ამას “მრავალი თვალის ეფექტი“ ეწოდება.
ჰაერიდან სიკვდილის თავიდან აცილების აუცილებლობას შესაძლოა ენის ევოლუციისთვისაც კი ჩაეყარა საფუძველი. მონაცემები აჩვენებს, რომ პრიმატების უმეტესობა სხვადასხვა ტიპის მტაცებლისთვის ზოგად განგაშის სიგნალს იყენებს (მაგალითად, ერთსა და იმავე ხმას ლომისა თუ ლეოპარდის გამოჩენისას). თუმცა, მტაცებელი ფრინველების გამოჩენისას ისინი სრულიად სპეციფიკური სიგნალებით პასუხობენ.