ავტორი:

The Revolution According to Kamo: კახა კინწურაშვილი ჰოლივუდში მოღვაწე რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

The Revolution According to Kamo: კახა კინწურაშვილი ჰოლივუდში მოღვაწე რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

ქართველი მსახიობი კახა კინწურაშვილი ჰოლივუდში მოღვაწე უნგრელი რეჟისორის კორნელ მუნდრუცოს ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს.

The Revolution According to Kamo - ასე ეწოდება ფილმს, სადაც მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის დაშლის ფონზე ვითარდება და განგსტერული ეპოსის ჟანრშია გადაწყვეტილი. ამბავი მოგვითხრობს ბავშვობის ორ მეგობარზე, სიმონ ტერ-პეტროსიანსა (კამო) და იოსებ ჯუღაშვილზე (სტალინი), რომელთა რევოლუციური იდეები საბოლოოდ სახიფათო ქმედებებში გადაიზრდება.

ფილმში ნაჩვენები იქნება 1907 წლის თბილისის ბანკის ცნობილი და სისხლიანი ძარცვაც.

"ნანგრევებად ქცეული სამყაროს ჩრდილში ორ ბიჭს შორის ყალიბდება კავშირი, რომელიც ისტორიის მსვლელობას შეცვლის. გაზრდასთან ერთად, მათი რევოლუციის ბავშვური ოცნება ბევრად უფრო სახიფათო მოვლენად იქცევა: სტრატეგიული, ქარიზმატული და დაუნდობელი სოსო იოსებ სტალინი გახდება. მისი ერთგული მეგობარი და თანამზრახველი, კამო, კი მისთვის მსხვერპლად შესაწირ ფიგურად იქცევა", - ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

  • პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო. ფილმის ნაწილს თბილისში გადაიღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავად ფილმი თითქმის მთლიანად ქართულ ენაზე იქნება გადაღებული.

როგორც “კინო სეანსი“ წერს, სცენარის თავდაპირველი იდეა “ოსკარის“ მფლობელ პოლონელ რეჟისორს პაველ პავლიკოვსკის ეკუთვნის, რომელსაც კინომოყვარულები კარგად იცნობენ ფილმებით Cold War და Ida.

მუნდრუცო კანის ფესტივალის ტრიუმფატორია, ნომინირებული იყო “ოქროს პალმის რტოზეც“, არის ვენეციის ფესტივალის გამარჯვებული, ასევე ვენეციური “ოქროს ლომისა“ და ბერლინალეს “ვერცხლის დათვის“ ნომინანტი.

მისი შექმნილია ისეთი გახმაურებული პროექტები, როგორებიცაა “ოსკარისა“ და “ოქროს გლობუსის“ ნომინანტი ფილმი Pieces of a Woman (როლებში: ვანესა კირბი და შაია ლა ბეფი) და Apple TV-ის მინისერიალი The Crowded Room (როლებში: ტომ ჰოლანდი და ამანდა საიფრედი).