ავტორი:

"აქ ჩემი პატარა ბიჭისთვის ყოველდღიურად ვიბრძვი, სამშობლოში კი ჩემი გოგონა მელოდება. და მე ვარ დედა, რომელსაც გული ორ ნაწილად აქვს გაყოფილი" - ნათია ნუცუბიძის ამბავი

"აქ ჩემი პატარა ბიჭისთვის ყოველდღიურად ვიბრძვი, სამშობლოში კი ჩემი გოგონა მელოდება. და მე ვარ დედა, რომელსაც გული ორ ნაწილად აქვს გაყოფილი" - ნათია ნუცუბიძის ამბავი

"...საქართველოში მქონდა ყველაფერი, რაც საკუთარი შრომით, წლების განმავლობაში შევქმენი - წარმატებული კარიერა, სახელი, საყვარელი ადამიანები და ცხოვრება, რომელიც ძალიან მიყვარდა", - ამბობს ამერიკაში მცხოვრები ქართველი დერმატოლოგი, ნათია ნუცუბიძე.

  • მას საქართველოში გატარებული ბედნიერი ბავშვობის და სტუდენტობის შემდეგ ამერიკაში მოუხდა ცხოვრება, სადაც ურთულესი გზა განვლო, მაგრამ ამ ქვეყნის შესაძლებლობების უსაზღვროდ მადლიერია. იგი თავად გვიამბობს, როგორ ახერხებს ღამეები ტირილში გაატაროს, შემდეგ კი სახლიდან გასული თვალისმომჭრელად ბრწყინავდეს.

- ნათია, დღევანდელი გადასახედიდან როგორ იხსენებთ თქვენს ბავშვობას, სილამაზის გამო პრინცესული ბავშვობა გქონდათ?

- მე დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, ქვეყანაში, სადაც სილამაზეს განსაკუთრებულად აფასებენ, მაგრამ ადამიანის ნამდვილ ღირსებას მისი ხასიათი, აღზრდა და შინაგანი სამყარო განსაზღვრავს. რაც შეეხება პრინცესულ ბავშვობას, ალბათ გარედან შეიძლება ასეც ჩანდა. თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ პრინცესად ყოფნას არც გვირგვინი სჭირდება და არც სასახლე.

ბავშვობაში ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემთვის სიყვარული, ოჯახური სითბო და ის ღირებულებები იყო, რომლებიც მშობლებმა მასწავლეს. სილამაზე, რა თქმა უნდა, სასიამოვნო საჩუქარია, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მხოლოდ გარეგნობის გამო რაიმე განსაკუთრებული მეკუთვნოდა. პირიქით, ბავშვობიდან მქონდა სურვილი, საკუთარი შესაძლებლობებით შემექმნა ჩემი ცხოვრება. დღეს, როცა უკან ვიყურები, ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ნაწილი სწორედ ის არის, რომ ზღაპრის პრინცესად ყოფნას არასდროს დავჯერდი - ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ქალი, რომელიც საკუთარ ზღაპარს თავად ქმნის.

და თუ მკითხავთ, მქონდა თუ არა პრინცესული ბავშვობა, გიპასუხებთ: შეიძლება მქონდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ გავიზარდე ქალად, რომელსაც ბედნიერებისთვის პრინცი არ სჭირდება.

- როგორ გახსენდებათ სკოლის პერიოდი...

- სკოლის პერიოდი განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მახსენდება. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ლაღი და უდარდელი ეტაპი, სავსე მეგობრობით, სიცილით, ბავშვური ოცნებებითა და პირველი სიყვარულის ემოციებით. დღემდე ღიმილით ვიხსენებ იმ წლებს, რადგან სკოლასთან ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, ნამდვილად არ ვუჩიოდი ყურადღების ნაკლებობას. კომპლიმენტებიც ბევრი იყო, ყვავილებიც და ბავშვური სიყვარულის ლამაზი ისტორიებიც.

თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ყოველთვის საკმაოდ მომთხოვნი და ცოტა პრეტენზიული ვიყავი. ჩემთვის არასდროს ყოფილა საკმარისი მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან გარეგნობით აღფრთოვანება. ყოველთვის უფრო მეტად ადამიანის ხასიათი, გულწრფელობა, ყურადღება და დამოკიდებულება მაინტერესებდა. ალბათ, ბავშვობიდანვე მქონდა საკუთარი თავის პატივისცემისა და დამოუკიდებლობის განსაკუთრებული გრძნობა. მიყვარდა ყურადღება, მაგრამ არასდროს მინდოდა, ჩემი ბედნიერება ვინმეს ყურადღებაზე ყოფილიყო დამოკიდებული. დღეს, როცა იმ პერიოდს ვიხსენებ, ყველაზე მეტად სწორედ ის გულწრფელი ემოციები მენატრება, როცა ყველაფერი მარტივი, ბუნებრივი და ნამდვილი იყო. და იცით, რა არის საინტერესო? წლები გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ჩემში ისევ ცხოვრობს ის მხიარული, მეოცნებე გოგონა, რომელსაც სიცოცხლე, სიყვარული და სილამაზე უზომოდ უყვარს.

- პროფესიის არჩევაზე რას იტყოდით?

- პროფესიის არჩევა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. მედიცინა ჩემთვის არასდროს ყოფილა მხოლოდ პროფესია - ეს იყო დიდი სიყვარული, ინტერესი და სურვილი, ადამიანებისთვის რაღაც კარგი გამეკეთებინა. ყოველთვის მიზიდავდა სილამაზის სამყარო, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სილამაზისა და მედიცინის ერთმანეთთან დაკავშირება.

სწორედ ამიტომ ავირჩიე დერმატოლოგია და ესთეტიკური მედიცინა. სტუდენტობის წლები კი განსაკუთრებული სიყვარულით მახსენდება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. იყო უამრავი უძილო ღამე, გამოცდები, ნერვიულობა, შრომა, მაგრამ ამავდროულად, ბევრი ბედნიერი მომენტი, მეგობრობა და დაუვიწყარი მოგონება. მახსოვს, რამდენად დიდი ოცნებები მქონდა და როგორი მონდომებით მივდიოდი ჩემი მიზნებისკენ.

არასდროს მეშინოდა შრომის, რადგან ყოველთვის მჯეროდა, რომ წარმატება შემთხვევით არ მოდის, მას დიდი სიყვარული, თავდადება და ყოველდღიური განვითარება სჭირდება. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიყვარულია. განსაკუთრებით მაბედნიერებს ის, რომ ჩემი საქმიანობით ადამიანებს არა მხოლოდ გარეგნობის შეცვლაში, არამედ თავდაჯერებულობის დაბრუნებაშიც ვეხმარები. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ წლების შემდეგაც, მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, ჩემში ისევ ცხოვრობს ის ახალგაზრდა სტუდენტი გოგონა, რომელსაც დიდი ოცნებები ჰქონდა და სჯეროდა, რომ ერთ დღეს აუცილებლად შეძლებდა მათ განხორციელებას.

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ ამერიკაში გამგზავრება?

- ჩემი ამერიკული ისტორია სრულიად შემთხვევით დაიწყო. არასდროს მიოცნებია ამერიკაში ცხოვრებაზე და მით უმეტეს, არასდროს დამიგეგმავს აქ სამუდამოდ დარჩენა. საქართველოში მქონდა ყველაფერი, რაც საკუთარი შრომით, წლების განმავლობაში შევქმენი - წარმატებული კარიერა, სახელი, საყვარელი ადამიანები და ცხოვრება, რომელიც ძალიან მიყვარდა. ამერიკაში ჩამოსვლისას ორსულად ვიყავი და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს მოგზაურობა ჩემს ბედისწერას სამუდამოდ შეცვლიდა.

სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი რეალობის წინაშე, რომლისთვისაც მზად არ ვიყავი. ერთ დღეს მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო - ამერიკამდე და ამერიკის შემდეგ. იყო დღეები, როდესაც საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რატომ მოხდა ყველაფერი ასე. იყო შიში, მონატრება, ტკივილი და ბრძოლა, რომლის შესახებაც ბევრმა ადამიანმა დღემდე არაფერი იცის. მაგრამ სწორედ აქ აღმოვაჩინე საკუთარ თავში ისეთი ძალა, რომლის არსებობაც მანამდე არ ვიცოდი.

მივხვდი, რომ ქალი განსაკუთრებით ძლიერი მაშინ ხდება, როდესაც არჩევანი აღარ აქვს და საყვარელი ადამიანებისთვის შეუძლებელიც უნდა შეძლოს. დღეს, როცა ჩემს განვლილ გზას ვუყურებ, ერთი რამ ზუსტად ვიცი: მე ამერიკაში ახალი ცხოვრების საძებნელად არ ჩამოვსულვარ. მე აქ სრულიად შემთხვევით დავრჩი, მაგრამ ამ შემთხვევითობამ ჩემი ცხოვრება, ჩემი ღირებულებები და თავად მე სამუდამოდ შემცვალა.

ზოგჯერ ბედისწერა არ გეკითხება, მზად ხარ თუ არა. უბრალოდ გიცვლის ცხოვრებას და გაჩვენებს, სინამდვილეში რამდენად ძლიერი ხარ. შევძელი ურთულესი გამოცდების გავლის შემდეგ ლიცენზია ამეღო, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

- ამდენი სირთულეების ფონზე როგორ ახერხებთ შეუდარებლად გამოიყურებოდეთ?

- იცით, ხშირად ადამიანები ხედავენ მხოლოდ იმას, რასაც გარედან ვაჩვენებთ - ლამაზ ქალს, ღიმილს, წარმატებას, ლამაზ კაბებსა და ბედნიერ მომენტებს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა დგას ამ ყველაფრის უკან. ჩემი ცხოვრება ნამდვილად არ არის ისეთი მარტივი და ზღაპრული, როგორიც ფოტოებზე ჩანს. ყოფილა ღამეები, როდესაც ტირილში გამთენებია, დილას კი ავმდგარვარ, გამიღიმია, ლამაზად ჩამიცვამს და ისე გავსულვარ სახლიდან, თითქოს არაფერი მომხდარა.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიყვარული ჩემი შვილებია და, ამავდროულად, ყველაზე დიდი ტკივილიც მათ უკავშირდება. დედისთვის იმაზე რთული არაფერია, როდესაც შვილს სტკივა და მის ნაცვლად ამ ტკივილის საკუთარ თავზე აღება არ შეუძლია. ან როდესაც მეორე შვილი ძალიან შორს ჰყავს და მონატრებას ყოველდღე გულით ატარებს. მაგრამ იცით, რა არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპი? მე არ მინდა, რომ ჩემმა ტკივილმა ჩემი ქალურობა, სილამაზე და ცხოვრების სიყვარული წამართვას.

მიყვარს საკუთარი თავის მოვლა, ლამაზად ჩაცმა, სიცილი, ცეკვა, ადამიანებისთვის სიხარულის გაზიარება. და ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ მაქვს. პირიქით, ეს ჩემი გზაა, არ დავნებდე იმ სირთულეებს, რომლებიც ცხოვრებამ მარგუნა.ხშირად მეუბნებიან, როგორი ძლიერი ხარო. სინამდვილეში კი მაქვს ბევრი სისუსტე მეც ძალიან მგრძნობიარე ქალი ვარ, რომელსაც ზოგჯერ უბრალოდ უნდა, ვიღაცამ ჩაეხუტოს და უთხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ჩემი ღიმილი არ ნიშნავს, რომ არასდროს მიტირია. ჩემი სილამაზე არ ნიშნავს, რომ ცხოვრება მარტივია. და ჩემი ბრწყინვალება არ ნიშნავს, რომ ტკივილი არ მაქვს.უბრალოდ, მე გადავწყვიტე, რომ როგორი მძიმე ცხოვრებაც არ უნდა მქონდეს, მას არ მივცემ უფლებას, ჩემში ის ქალი მოკლას, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა სიყვარულის, ბედნიერებისა და სასწაულების. და თუ გარედან ვბრწყინავ, ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე ბნელ დღეებშიც კი საკუთარი სინათლის ჩაქრობის უფლება საკუთარ თავს არასდროს მივეცი

.- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ჩემი ყოველდღიურობა ალბათ ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ქალის ყოველდღიურობისგან. მე მხოლოდ დედა და ექიმი არ ვარ, ერთდროულად უამრავი პასუხისმგებლობის მატარებელი ქალი ვარ, რომელსაც ზოგჯერ საკუთარი თავისთვის რამდენიმე წუთის გამონახვაც კი უჭირს. ჩემი დილა პირველ რიგში, ჩემი შვილით, აჩით იწყება. აჩი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვია, რომელსაც მუდმივი ყურადღება, ზრუნვა და სიყვარული სჭირდება. მისი ყოველდღიურობა სავსეა თერაპიებით, ექიმებითა და სხვადასხვა პროცედურით. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ცხოვრება ჩვეულებრივ საბავშვო ბაღის რეჟიმს არ ჰგავს.

ამ ყველაფრის პარალელურად, ვმუშაობ, ვიღებ პაციენტებს, ვასწავლი სტუდენტებს, ვვითარდები პროფესიულად და მუდმივად ვცდილობ, საკუთარ თავს ახალი მიზნები დავუსახო. მაგრამ აქ აუცილებლად მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღვნიშნო - ამერიკის შეერთებული შტატები უდიდეს დახმარებას მიწევს ჩემი შვილის მოვლასა და განვითარებაში. ეს ქვეყანა გვაძლევს სამედიცინო მომსახურების, სპეციალური პროგრამების, პროფესიონალი მომვლელებისა და თერაპიების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას. სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით შემიძლია, ვიყო ჩემი შვილის გვერდით და ამავდროულად, გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამერიკას. მიუხედავად იმისა, რომ აქ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, ამ ქვეყანამ ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში უდიდესი მხარდაჭერა გამიწია. ეს არის სიკეთე, რომელსაც არასდროს დავივიწყებ. მე არ ვარ ქალი, რომელიც ყველაფერს მარტივად ასწრებს. მე ვარ დედა, რომელმაც ისწავლა, როგორ იცხოვროს ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი, როგორ იბრძოლოს შვილისთვის და ამავე დროს არ თქვას უარი საკუთარ ოცნებებზე.და ამერიკას ყოველთვის მადლიერებით მოვიხსენიებ, რადგან ზოგჯერ ყველაზე დიდი ბედნიერება ის კი არ არის, რომ დახმარება არ გჭირდება, არამედ ის, რომ ყველაზე რთულ დროს მარტო არ ხარ.

- გვიამბეთ თქვენს პრინცესა ანასტასიაზე...

- ჩემი ანასტასია…მასზე საუბარი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემოციურია. ის ჩემი პირველი სიყვარულია, ჩემი პირველი დედობრივი ბედნიერება, გოგონა, რომელმაც პირველად მაგრძნობინა, რას ნიშნავს იყო დედა.უკვე სამი წელია, ჩემი შვილი არ მინახავს და დამიჯერეთ, ამაზე დიდი ტკივილი დედისთვის ალბათ ძალიან ცოტაა. შეიძლება მთელი დღე ვიღიმოდე, ვმუშაობდე, ადამიანებთან ვურთიერთობდე, მაგრამ დგება საღამო, როდესაც ყველაფერი ჩუმდება და მონატრება მთელი სიმძაფრით მახსენებს თავს.ყველაზე მეტად ის მტკივა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩემი გოგონა იზრდება, ლამაზდება, ყალიბდება საოცარ ადამიანად, მე კი მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებს შორიდან ვადევნებ თვალს. ვერ ვეხუტები მაშინ, როცა მინდა, ვერ ვკოცნი ძილის წინ და ვერ ვეუბნები პირისპირ, რამდენად უსასრულოდ მიყვარს

.ზოგჯერ მის ფოტოებს ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენი რამ შეიცვალა ამ სამი წლის განმავლობაში… რამდენი ჩახუტება, რამდენი ჩვეულებრივი დედაშვილური დღე დაგვაკლდა.ყველაზე რთული ალბათ ის არის, რომ აქ ჩემი პატარა ბიჭისთვის ყოველდღიურად ვიბრძვი, იქ კი ჩემი გოგონა მელოდება. და მე ვარ დედა, რომელსაც გული ორ ნაწილად აქვს გაყოფილი, ერთი ამერიკაშია, მეორე საქართველოში.