კალიფორნიის შტატის ქალაქ ფერფილდში, Spirit Halloween-ის მაღაზიაში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ საღამოს, ჰელოუინის დღესასწაულის წინ, მომხმარებლებით სავსე მაღაზიაში მოხდა. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
ფერფილდის პოლიციის უფროსის, დენ მარშალის განცხადებით, სროლა დაახლოებით 20:30 საათზე, სავაჭრო ცენტრ Solano Town Center-ში მდებარე სეზონურ მაღაზიაში მოხდა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ექვსი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის პოლიციას სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არ ჰყავს. სამართალდამცველებს არც მისი ვინაობა და არც სროლის მოტივი გაუმჟღავნებიათ. ასევე უცნობია, მოქმედებდა თუ არა თავდამსხმელი მარტო.


გამოძიებაში ფერფილდის პოლიციას FBI-ც ეხმარება. უწყებამ შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებების შეგროვების ჯგუფი გაგზავნა.
აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს, კალიფორნიაში მომხდარ სროლამდე რამდენიმე საათით ადრე, მსგავსი შემთხვევა მიჩიგანის შტატშიც დაფიქსირდა. ქალაქ მედისონ ჰაიტსის ერთ-ერთ მაღაზიაში 21 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს.