ავტორი:

"მშობელმა შეიძლება ერთი შეხედვით უწყინარი ფოტო გამოაქვეყნოს, თუმცა..." - ინფლუენსერი მშობლებისთვის: რა საფრთხეებს ქმნის ბავშვის პირადი ინფორმაციის ინტერნეტში გავრცელება?

"მშობელმა შეიძლება ერთი შეხედვით უწყინარი ფოტო გამოაქვეყნოს, თუმცა..." - ინფლუენსერი მშობლებისთვის: რა საფრთხეებს ქმნის ბავშვის პირადი ინფორმაციის ინტერნეტში გავრცელება?

ე.წ. ინფლუენსერი მშობლები, რომელთა ყოველდღიურობა სოციალური ქსელების კონტენტად იქცა, სულ უფრო ხშირად გვხვდებიან ციფრულ სივრცეში. მაკიაჟი, ემოციები, ოჯახური სივრცე - ყველაფერი შეიძლება ნახვების, მოწონებებისა და ზოგჯერ შემოსავლის წყაროდ იქცეს.

როგორ აისახება ბავშვების მონაწილეობით შექმნილი სოციალური მედიის კონტენტი მათ პირად სივრცეზე, ემოციურ კეთილდღეობასა და განვითარებაზე? ამ საკითხზე„ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე გვესაუბრა.

- პირველ რიგში, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ბავშვის ფოტოსა თუ ვიდეოს პერიოდული გაზიარება და ბავშვის მონაწილეობით მუდმივი კონტენტის წარმოება - რა თქმა უნდა, ეს ორი მოცემულობა სრულიად განსხვავებული პრაქტიკაა.

სოციალური მედია შეიძლება ძალიან კარგი სივრცე იყოს მშობლებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად, ინფორმაციის მისაღებად და ერთმანეთის მხარდასაჭერად. პრობლემას ვხედავ მაშინ, როდესაც ამ პროცესში მონაწილე ბავშვი კარგავს პირად სივრცეს და მისი ყოველდღიურობა საჯარო სანახაობად გადაიქცევა. მაგალითად, მშობელს შეუძლია გაგვიზიაროს, როგორ ასწავლის შვილს ფერების გარჩევას, როგორ ქმნის განმავითარებელ აქტივობას ან როგორ ეხმარება დამოუკიდებლობის განვითარებაში. მაგრამ ამისთვის აუცილებელი არ არის ბავშვის სახის, მისი ყველა რეაქციის, ემოციისა და სხვა დეტალების ჩვენება.

განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი ვიდეოები, რომლებშიც ჩანს ბავშვის ტირილი, ემოციური აფეთქება, შიში, დასჯა ან მისთვის უხერხული მდგომარეობა. თუ დავსვამთ მსგავს კითხავს: "ვის ინტერესს ემსახურება ამ კონკრეტული ქცევის გასაჯაროება და რა სარგებელს იღებს თავად ბავშვი?" - მჯერა სრულიად სხვა პასუხს ვიპოვით, პასუხს, რომელიც ბავშვის საჭიროებას ან ინტერესს არ შეიცავს.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბავშვი დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელსაც დაბადებიდან აქვს პირადი ცხოვრების, ღირსებისა და უსაფრთხოების უფლება. მასაც აქვს არჩევანის უფლება. მას, როგორც ცალკე პიროვნებას, დიდი პატივისცემითა და სიფრთხილით უნდა მოვექცეთ დაბადებიდანვე. ამიტომ ჩემთვის ზღვარი გადის იქ, სადაც ინფორმაციის გაზიარების სურვილი ბავშვის პირად სივრცესა და ინტერესებზე მაღლა დგება.

წარმოიდგინეთ მშობელი, რომელმაც ერთხელ გააზიარა შვილის ვიდეო და მას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ კიდევ გამოაქვეყნა ერთი ვიდეო, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოეხმაურა. თანდათან ბავშვის ყოველდღიურობა შეიძლება იქცეს იმ ძირითად მასალად, რომლის საშუალებითაც მშობელი აუდიტორიას ინარჩუნებს.

ბევრი მშობელი შეიძლება გულწრფელად ფიქრობდეს, რომ კარგ საქმეს აკეთებს, თუმცა კეთილი განზრახვა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქმედება ბავშვისთვისაც სასარგებლოა. წარმოიდგინეთ სამი წლის ბავშვი, რომელსაც ემოციური აფეთქება აქვს. ის ტირის, ბრაზობს, შესაძლოა იატაკზეც წვება. განვითარების თვალსაზრისით, ეს შეიძლება სრულიად ასაკობრივი გამოცდილება იყოს, ბავშვს ჯერ კიდევ უჭირს ძლიერი ემოციების დამოუკიდებლად მართვა. ამ დროს მას სჭირდება ზრდასრული, რომელიც დაეხმარება დამშვიდებაში, ემოციის გააზრებასა და რეგულაციაში, მაგრამ როდესაც მშობელი ამ ყველაფერს იღებს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ათასობით ადამიანი უყურებს, აფასებს ან კომენტარს აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი.

ბავშვები პირადი საზღვრების მნიშვნელობას მხოლოდ სიტყვებით არ სწავლობენ. ისინი აკვირდებიან, როგორ ექცევიან ზრდასრულები მათ საზღვრებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდობის პერიოდი, როდესაც აქტიურად მიმდინარეობს საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბება, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და თანატოლებთან ურთიერთობების განვითარება.

წარმოიდგინეთ 13 წლის მოზარდი, რომელიც აღმოაჩენს, რომ ინტერნეტში დღემდე ხელმისაწვდომია მისი ოთხი წლის ასაკში გადაღებული ვიდეოები, როგორ ტიროდა, როგორ ბრაზობდა, როგორ სარგებლობდა საპირფარეშოთი... შესაძლოა ეს მას სირცხვილს ან ბრაზს უჩენდეს, შესაძლოა გაუჩნდეს განცდა, რომ საკუთარი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებები სხვებმა მიიღეს. ზოგიერთ შემთხვევაში ამ მასალამ შეიძლება თანატოლების დაცინვის ან კიბერბულინგის საფუძველიც შექმნას.

- რა საფრთხეებს ქმნის ბავშვის ფოტოებისა და პირადი ინფორმაციის ინტერნეტში გავრცელება?

- ეს საკითხი გაცილებით სერიოზულია, რადგან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მასალაზე სრული კონტროლის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

პირველი საფრთხე არის ციფრული კვალი. ბავშვი შეიძლება ჯერ საუბარსაც ვერ ახერხებდეს, მაგრამ ინტერნეტში უკვე არსებობდეს მისი სახელი, დაბადების თარიღი, ფოტოები, საცხოვრებელი გარემოს დეტალები, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ყოველდღიური ჩვევები.

მეორე საფრთხე არის იდენტიფიცირება. ზოგჯერ მშობელი პირდაპირ არ ასახელებს ბავშვის მისამართს, მაგრამ ვიდეოში ჩანს საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღის ან სკოლის დასახელება, ფორმა, ეზო ან ადგილი, სადაც ბავშვი ყოველდღიურად იმყოფება. ამ დეტალების ერთობლიობამ შესაძლოა უცხო ადამიანს ბავშვის იდენტიფიცირება და მისი გადაადგილების ჩვევების დადგენა გაუადვილოს.

მესამე და განსაკუთრებით საყურადღებო საფრთხე არის ბავშვების გამოსახულებების სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით გამოყენება. მშობელმა შეიძლება გამოაქვეყნოს ერთი შეხედვით უწყინარი ვიდეო, მაგალითად, ბავშვი საცურაო კოსტიუმით, საწოლში ან ყოველდღიური ჰიგიენის პროცესში. თუმცა ვერ გააკონტროლებს, ვინ შეინახავს მასალას, რა კონტექსტში გაავრცელებს ან როგორ გამოიყენებს.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა კიდევ ერთი საფრთხე წარმოშვა: ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია ჩვეულებრივი ფოტოს მანიპულირება და ბავშვის გამოსახულებით სექსუალური ხასიათის ყალბი მასალის შექმნა. აშშ-ის დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნულმა ცენტრმა (NCMEC) დააფიქსირა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის მასალების, მათ შორის რეალური ბავშვების ფოტოების მანიპულირების შემთხვევები. განაგრძეთ კითხვა