ავტორი:

ახალგაზრდა დიზაინერის იდუმალი გარდაცვალება იახტაზე - რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, ბიზნესმენს 50-მილიონიანი სარჩელი ჩააბარეს: მოულოდნელი კომენტარი და ახალი დეტალები

ახალგაზრდა დიზაინერის იდუმალი გარდაცვალება იახტაზე - რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, ბიზნესმენს 50-მილიონიანი სარჩელი ჩააბარეს: მოულოდნელი კომენტარი და ახალი დეტალები

ამერიკელ ბიზნესმენ კრისტოფერ დურნანს, რომელსაც ნიუ-იორკელი მოდის დიზაინერის, მართა ნოლან-ო’სლატარას გარდაცვალების საქმეს უკავშირებენ, რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ ფლორიდაში სასამართლო უწყება ჩააბარეს.

დოკუმენტით მას ოფიციალურად აცნობეს, რომ დიზაინერის ოჯახმა მის წინააღმდეგ 50 მილიონი დოლარის ოდენობის სამოქალაქო სარჩელი შეიტანა.

როგორც სასამართლო დოკუმენტებიდან ირკვევა, ადვოკატები დურნანისთვის უწყების ჩაბარებას აგვისტოდან ცდილობდნენ, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში მის პოვნას ვერ ახერხებდნენ. მათ ბიზნესმენის სხვადასხვა მისამართზე მიაკითხეს ნიუ-იორკსა და ფლორიდაში. საბოლოოდ, დურნანს პირველ ოქტომბერს, ფლორიდის შტატის ქალაქ იუპიტერში, საცხოვრებელ სახლთან მიაკვლიეს.

უწყების ჩაბარებისას ბიზნესმენმა მოულოდნელი კომენტარი გააკეთა: "'გამიკვირდა, ამდენი დრო რომ დაგჭირდათ“.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მართა ნოლან-ო’სლატარა 2025 წლის 5 აგვისტოს მონტოკის იახტ-კლუბში, დურნანის კუთვნილ იახტაზე იპოვეს.

მოდის დიზაინერი უგონო მდგომარეობაში, გაციებული და სისხლიანი იყო. თავდაპირველად მისი გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკული ნივთიერებების შემთხვევითი ზედოზირება მიიჩნიეს, თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ მის ორგანიზმში კოკაინის მხოლოდ მცირე კვალი გამოავლინა.

დიზაინერის ოჯახის მიერ შეტანილი სარჩელის თანახმად, დურნანს ძალადობაში, დაუდევრობასა და უხეშ გაუფრთხილებლობაში ადანაშაულებენ. ოჯახის მტკიცებით, სწორედ ამ ქმედებებმა გამოიწვია ნოლან-ო’სლატარას გარდაცვალება. ოჯახი ბიზნესმენისგან 50 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ დურნანი ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანია, რომელმაც დიზაინერი გარდაცვალებამდე ცოცხალი ნახა.

წყარო