გერმანიის ქალაქებში ცხოვრების გაძვირებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და მაღაზიების დარბევაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციები ორგანიზებული იყო ახალგაზრდული კამპანიის “Gen Z regelt“-ის (“თაობა Z იღებს პასუხისმგებლობას“) მიერ. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ სკოლების ნაკლებ დაფინანსებას, ცხოვრების მაღალ ღირებულებას, საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურს.
მოძრაობის წარმომადგენელმა ლინა ფრიდრიხმა განაცხადა: “ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანდაცვისა და განათლების სისტემების უკეთესი მხარდაჭერაა. ჩვენ წინააღმდეგი ვართ სავალდებულო სამხედრო სამსახურის და მხარს ვუჭერთ ტვირთის უფრო სამართლიან განაწილებას“.

დღის განმავლობაში მშვიდობიანი მსვლელობები ღამის დადგომასთან ერთად ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. ფრანკფურტის პოლიციის ცნობით, ქალაქის ცენტრში ჩაიმსხვრა რამდენიმე მაღაზიის ვიტრინა, ხოლო მაშველებსა და პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკა, ქვები და ბოთლები დაუშინეს.
გარდა ამისა, თავდამსხმელებმა იარაღის მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრიეს, საიდანაც ორი ცეცხლსასროლი იარაღი მიიტაცეს - პოლიციამ ეჭვმიტანილის დაკავება და იარაღის ამოღება შეძლო.

ჰესენის შტატის შინაგან საქმეთა მინისტრმა რომან პოსეკმა განაცხადა, რომ ფრანკფურტის აქციაში “100-მდე მკაფიოდ იდენტიფიცირებული მემარცხენე ექსტრემისტი“ შეიჭრა და მომხდარს “სამარცხვინო“ უწოდა.
“ყველას თვალწინ გვაქვს საფრანგეთის კადრები, დარბეული და გადამწვარი სახლები, პოლიციის ცეცხლმოკიდებული ავტომობილები და თავდასხმები სამართალდამცველებზე... საფრანგეთი ამ მხრივ მაგალითად არ უნდა იქცეს“, - აღნიშნა პოსეკმა.
ოფიციალური მონაცემებით, ფრანკფურტში, მიუნხენსა და ბერლინში ქუჩებში 18 000-მდე დემონსტრანტი გამოვიდა, თუმცა მედიის ცნობით, გერმანიის ქალაქებში აქციებში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ ფრანკფურტში ცენტრალური სავაჭრო ქუჩა გადაკეტა და მრავალი მომიტინგე დააკავა.


გერმანიაში მომხდარი არეულობა ევროპის სხვა ქვეყნებში გაშლილი ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღის ნაწილია:
საფრანგეთში, შაბათს 320 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ცხოვრების გაძვირებისა და მწირის საჯარო სერვისების წინააღმდეგ გამართულ აქციებში. ტულუზაში, ლიონსა და მარსელში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაკავებულია 500-ზე მეტი ადამიანი.
პარიზში რამდენიმე ასეულმა ამბოხებულმა პოლიციას ჭურვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა.
იტალია: შეტაკებები დაფიქსირდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის რომსა და ტურინში.
პორტუგალია: პოლიციამ დაშალა ახლად აღმართული კარვების ქალაქი, სადაც ათასობით ადამიანი იჯარის კანონპროექტსა და საბინაო კრიზისს აპროტესტებდა. ქვეყანაში ბოლო ათწლეულში უძრავი ქონების ფასი ორჯერ გაიზარდა.
ახალგაზრდული საპროტესტო გამოსვლები ასევე დაფიქსირდა ბელგიაში, ირლანდიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, სერბეთსა და ალბანეთში, სადაც მთავარი მოთხოვნები საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას, განათლების ხარისხსა და სოციალური ხარჯების შემცირებას უკავშირდება.