“დამოუკიდებელი თეატრებისა და არტისტების მხარდასაჭერად და წასახალისებლად შეიქმნა პრემია “თავისუფალი“, - გვეუბნება თეატრის მკვლევარი, თეა კახიანი, რომელიც პრემია “თავისუფალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორია.
რას წარმოადგენს ეს კონკურსი, ვინ მონაწილეობს მასში და რა პრინციპით გადაეცემათ შემოქმედებით ჯგუფებსა თუ არტისტებს პრემია, ამაზე დამფუძნებლები და ორგანიზატორები გვესაუბრნენ.
თეა კახიანი:
- ჩემ გარდა პრემია “თავისუფალი“ დააფუძნა თეატრის მკვლევარმა გვანცა გულიაშვილმა. საორგანიზაციო ჯგუფში ასევე არიან ანა კვინიკაძე და თათა მუქერია – ორივე თეატრის მკვლევარია. მოკლედ, ეს ქალთა კოჰორტა შევიკრიბეთ და ჩვენი საქმიანობით დამოუკიდებელ თეატრებსა და არტისტებს ვაძლიერებთ. უკვე მეოთხე წელია, ამას აქტიურად ვაკეთებთ.
- საიდან მოვიდა იდეა?
- ჩვენთვის დამოუკიდებელი თეატრები საქართველოში ძვირფასი სივრცეებია, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბების შემდეგ გაჩნდა. ისინი თანდათანობით იზრდებოდა. ყველას ახსოვს ჭოლას (ლევან წულაძის) მიერ შექმნილი და დაარსებული “თეატრალური სარდაფი რუსთაველზე“. მასთან ერთად იყვნენ სხვა, ასევე დასაფასებელი და გამორჩეული თაობის რეჟისორები, რომლებსაც კარგად იცნობს საზოგადოება: ავთო ვარსიმაშვილი, მას ახლაც დამოუკიდებელი თეატრი აქვს “თავისუფალი თეატრის“ სახით და მრავალი წელია აძლიერებს ამ დამოუკიდებელ სცენას, მათთან ერთად იყო რეჟისორი ოთარ ეგაძეც.
ეს მოძრაობა, 90-იანი წლებიდან დაწყებული, დღეს საკმაოდ ძლიერია – ბევრი დამოუკიდებელი თეატრია საქართველოში. ტალღა, ვხედავთ, რომ სულ უფრო იზრდება და მეტი ადამიანი ერთვება ამ შემოქმედებით პროცესში... ჯერ ერთი, ამ პროცესის კვლევაა საინტერესო და თან წახალისება - ძალიან მნიშვნელოვანი.
პრემიის ორგანიზებისას, საკმარისი ინფორმაცია დაგროვდა. საერთოდ არ ვიცნობდით კონკრეტულ შემოქმედებით ჯგუფებს და ამ პროცესში, რომელიც ყოველწლიურად სეზონს აჯამებს, გამოიკვეთნენ შემოქმედებითი ჯგუფები, მოხდა მათი პრეზენტაცია.
ჯამში, ეს სტატისტიკა წონიანი აღმოჩნდა: სამი წლის განმავლობაში ყოველ წელს იკრიბება სხვადასხვა პროფესიონალისგან დაკომპლექტებული ჟიური (შემადგენლობა ყოველ წელს განსხვავებულია), რომლებიც სპექტაკლებს საქართველოს მასშტაბით ნახულობს. სამი წლის განმავლობაში ჟიურის უკვე 58 სპექტაკლი აქვს შეფასებული, - წელს კი 12 განაცხადია შემოსული.
- ეს სტატისტიკა საკმაოდ მნიშვნელოვანია...
– კი, გამოდის, რომ დამოუკიდებელ სივრცეში უკვე 70 სპექტაკლი დაგროვდა. ეს არ არის მაქსიმუმი, არიან თეატრები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში დგამენ სპექტაკლებს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო (ვერ წარმოადგინეს განაცხადი ან თავი შეიკავეს) არ შემოუერთდნენ ამ პროცესს. ასე რომ, თუ ვივარაუდებთ, ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტია.
რა თქმა უნდა, სასცენო ხელოვნება მხოლოდ რაოდენობრივი შეფასებით არ ამოიწურება – აქ თვისებრივ და პროფესიულ შეფასებაზეც უნდა ვისაუბროთ. ამ კუთხითაც შესანიშნავი შედეგი აქვთ დამოუკიდებელ არტისტებს იმიტომ, რომ დამოუკიდებელი სივრცეები ნაკლებად ითვალისწინებს კონიუნქტურას, არჩევანში თავისუფლები არიან. თამამი ექსპერიმენტები ხშირად ხორციელდება უფულოდ, ბიუჯეტის გარეშე, ენთუზიაზმით – მაგრამ სწორედ ასეთი ექსპერიმენტებია ხოლმე ხელოვნებაში დიდი ძვრების დასაწყისი. ეს პროფესიონალებისთვის, დარგის სპეციალისტებისა და მაყურებლისთვისაც მნიშვნელოვანია. დამოუკიდებელ თეატრებს, სხვათა შორის, მაყურებელი არ აკლიათ.
– რა ეტაპზეა ახლა ეს პროექტი? როდის არის დასკვნითი ნაწილი – ფინალი?
– განაცხადების მიღება, ტრადიციულად, სექტემბერში იწყება. ოქტომბერში და ნოემბერში ჟიურის წევრები ნახულობენ სპექტაკლებს. უკვე დავასრულეთ კიდეც – მაყურებელთან ერთად ვესწრებით წარმოდგენებს. ვიყავით ბათუმში და ვნახეთ სპექტაკლი, ვიყავით ქუთაისში (ორი სპექტაკლი ვნახეთ) და თბილისშიც რამდენიმე წარმოდგენას დავესწარით. ნოემბერშიც დაგეგმილია სპექტაკლები დამოუკიდებელ სივრცეებში, დეკემბრის შუა რიცხვებში კი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
წელს ხუთი ნომინაციის გაიცემა გვინდა:
თითოეულში გაიცემა ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით... თუმცა, პრობლემა ის არის, რომ დებიუტის ნომინაციისთვის ჯერჯერობით დამფინანსებელი არ გვყავს მოძიებული და ამ პროცესში ვართ. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სრული ბიუჯეტი გვქონდეს და ყველაფერი წინასწარ დავგეგმოთ – ყოველთვის პარალელურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა. სამ პრემიას ტრადიციულად “კოკა-კოლა“ აფინანსებს, ერთს - “ხაზარაძის ფონდი კულტურისთვის“.
– დღეს თანამედროვე ქართული თეატრი რა პოზიციაზეა, რა სათქმელს ამბობს და რა ხერხებით?
– როცა ვლაპარაკობთ სიახლესა და ექსპერიმენტზე, ეს არ არის რაიმე ლოკალური პროცესი – ეს არის იმ გლობალური ტენდენციების გამოძახილი და ანარეკლი, რომელიც მსოფლიოში (საშემსრულებლო ხელოვნებაში) მიმდინარეობს. ეს ყველაფერი დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლით, როდესაც რკინის ფარდა ჩამოიხსნა და საინფორმაციო ვაკუმი თანდათან ამოივსო.
90-იანი წლებიდან დაწყებულმა ძიებებმა (რომელიც, სხვათა შორის, ჩემი კვლევის საგანი იყო) ნიადაგი მოუმზადა იმას, რასაც დღეს აკეთებენ ახალი თაობის რეჟისორები. 70-იანი წლებიდან დაწყებული ეს უწყვეტი პროცესი, რასაც ჩვენ, თეატრის მკვლევრები ვხედავდით, ბოლო პერიოდში თითქოს შეჯამდა და უფრო გამოხატული სახე მიიღო პოსტდრამატული თეატრის ფორმებით. პოსტდრამატული თეატრის მაჯისცემა სწორედ ახლა დაგვირგვინდა.
საბჭოთა კავშირის დროს თეატრი მასობრივ ხელოვნებად ითვლებოდა, რადგან მაშინ არ იყო დღევანდელი მასმედია და სოციალური ქსელები – არსებობდა მხოლოდ ერთი ტელევიზია და რამდენიმე გამოცემა. ამით აიხსნება ისიც, რომ კომუნისტებმა ბევრი თეატრი ააშენეს (სსრკ-ში თეატრი პროპაგანდის ინსტრუმენტადაც გამოიყენებოდა). 90-იანების შემდეგ, როცა დამოუკიდებლები გავხდით და ტექნოლოგიური პროგრესიც წამოვიდა, თეატრმა ეს მასობრივი ფუნქცია დაკარგა და საკმაოდ ნიშურ ხელოვნებად იქცა.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ აუდიტორიის რაოდენობა მაინც იზრდება კარგი პროექტების შემთხვევაში. მაგალითად, დავით დოიაშვილის “ახალი თეატრი“ ბრწყინვალე მაგალითია. ის არის იმის დასტური, რომ საინტერესო და მაღალი ხარისხის სპექტაკლს ყოველთვის ჰყავს მაყურებელი.
ძალიან დასანანია, რომ დღეს რეჟისორი, რომელმაც ფაქტობრივად ახალი თეატრის ისტორია და ლეგენდა შექმნა, დარჩენილია უფუნქციოდ, რადგან ეს თეატრი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ფუნქციონირებს, წარმოდგენები შეჩერებულია. და ეს არ არის მხოლოდ დავით დოიაშვილის შემთხვევაში ასე – ჩვენი ჟიურის წევრია ქალბატონი ნინო კასრაძეც. პირდაპირ ვიტყვი: დიდი უსამართლობაა, როდესაც მსგავსი ნიჭისა და გამოცდილების არტისტებს სახელმწიფო ხელფასს არ უხდის და მათი ნიჭი არ არის დაფასებული. ფაქტობრივად, იგნორირებულები არიან ადამიანებიც და მათი შემოქმედებაც – ეს ნამდვილი ტრაგედიაა.
– რა ხდება თემატური თვალსაზრისით დამოუკიდებელ სცენებზე?
– თემატურად ძალიან მრავალფეროვანია. ასე არ არის, რომ მხოლოდ ერთი მიმართულების სპექტაკლები იდგმებოდეს: შეგხვდებათ როგორც კლდიაშვილის “ბაკულას ღორები“, ისე უახლესი ევროპული დრამატურგია, კომედია თუ დრამა. დღევანდელი ქართული დამოუკიდებელი სცენა დიდ მრავალფეროვნებას ასახავს და მუდმივად ცდილობს ახალი ავტორების პიესების ძიებას, რაც აუცილებლად ამდიდრებს ჩვენს თეატრალურ ლანდშაფტს.
მაგრამ თუ ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება მხარდაჭერილი, ის აუცილებლად დაკარგავს ფორმას და მოკვდება. ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა და მიღწეული შედეგების დაფასება. რესურსის გარეშე თვითდინებით რაღაც პერიოდი კიდევ იარსებებს, მაგრამ ბოლოს ჩაქრება და არ გვინდა, რომ ეს მოხდეს.
– ჟიურის წევრები გაგვაცანით?
– პრემია “თავისუფლის“ მეოთხე გამოშვების ჟიურის წევრები არიან: ნინო კასრაძე (მსახიობი, ამჟამად დამოუკიდებელი არტისტი) ზაზა სოფრომაძე (თეატრის მკვლევარი) და მარიკა მამაცაშვილი (თეატრის მკვლევარი).
- ქართული თანამედროვე თეატრი - გარკვეული პოლიტიკური განწყობებიდან გამომდინარე, დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა ჯერ კიდევ ამ სამი-ოთხი წლის წინ. ეს როგორც არ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ პოლიტკორექტულები, თუნდაც გვერდი ავუაროთ და ნაკლებად შევეხოთ პოლიტიკას, არ გამოდის. იმიტომ, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც მთელი თანამედროვე ქართული თეატრის დამოუკიდებელი სექტორი სამი თვის განმავლობაში გაფიცვაში იყო. ეს არ გაუკეთებია არცერთ სხვა სფეროს: მაგალითად, არ გაფიცულა არც სკოლა, არც ბანკი, არცერთი სხვა სპეციალობისა თუ საქმიანობის წარმომადგენლები - მით უმეტეს, ასეთი ხანგრძლივობით.
ამან მოიტანა მძიმე შედეგები. ჩვენ ვსაუბრობთ სექტორზე, რომელიც ქართულ თეატრში არანაირ დაფინანსებას არ იღებს სახელმწიფოსგან. ანუ, ოფიციალურად ის არ ფინანსდება, არ არის კულტურის სამინისტროს დაფინანსების ქვეშ. შესაძლოა, არსებობდეს ერთჯერადი პროექტები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური აფინანსებს სურვილისა და განწყობის შესაბამისად, თუმცა დამოუკიდებელი სექტორი აბსოლუტურად არის სახელმწიფო დოტაციისგან განყენებული.
შესაბამისად, გაფიცვა იმ პირობებში, როდესაც თეატრს შენობის შესანახად, ხელფასების გასაცემად, ინვენტარის, კოსტიუმებისა თუ დეკორაციების შესაქმნელად მხოლოდ სალაროს შემოსავლით (ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხით) უწევს არსებობა - წარმოიდგინეთ, რამხელა დარტყმა იყო ამ სფეროსთვის! თუნდაც კომუნალური გადასახადები რომ ავიღოთ...
როდესაც ამ მოცემულობაში აღმოვჩნდით, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა გაგვეთვალისწინებინა ან გვექნა? დადგა მომენტი, როდესაც სიტყვაც კი, რომელიც რეალურად ყველაზე ძლიერი ენერგიის მქონეა, რაღაცნაირად უწონო გახდა და საჭირო შეიქნა რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმა. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, არასაკმარისად მოგვეჩვენა.
ამ მოცემულობამ წარმოშვა იდეა, რომ კერძო სექტორი ჩაგვერთო და დაგვეინტერესებინა დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეების, კომპანიებისა და არტისტების დაფინანსებით. ამ საფუძველზე შეიქმნა პრემია, რომელსაც ეწოდა “თავისუფალი“. ის ეძღვნება არა მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფო სისტემისგან თავისუფალ, არამედ ზოგადად თავისუფალ და თავისუფლებისათვის მებრძოლ ახალ ქართულ თეატრს.
ჩემთვის ეს პრემია ნიშნავს დიდი საერთო ბრძოლისა და იდეისთვის გაერთიანების სიმბოლოს. ამ ოთხმა წელმა დამარწმუნა, რომ ეს ძალიან საჭირო და აუცილებელი საქმეა: ფულადი ჯილდოები, რომლებიც ამ პრემიის ფარგლებში გაიცა, ასე ვთქვათ, “ჩაბრუნდა“ თეატრის სივრცეში. ჩვენ ვნახეთ, როგორ წარდგა “პრემია თავისუფლის“ მიერ დაჯილდოებული 2023 წლის საუკეთესო სპექტაკლი 2024 წელს ახალი ნამუშევრით. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ მინიმალური რესურსითაც კი ახერხებდა ეს იდეალისტთა გაერთიანება, რომ არ ეღალატა თავისი პრინციპებისთვის და წინ წასულიყო.
დღეს სწორედ ამ სივრცეებში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროცესები. ჩვენ ვხედავთ ლაბორატორიული ტიპის სივრცეებს, სადაც მუშაობენ სიახლეებზე, იბადება ბევრი ექსპერიმენტი. ერთ დროს ექსპერიმენტად მიჩნეული მიმართულებები დღეს უკვე მიმდინარეობად ყალიბდება. საბოლოო ჯამში, ეს არის პროცესი, რომელიც აუცილებლად შეაღწევს აკადემიური თეატრის სივრცეშიც, სრულად მოიცავს მთელ ქართულ თეატრს და შექმნის იმას, რაც ჩვენი დროიდან ქართული თეატრის შესახებ ისტორიას უნდა შემორჩეს.
- წელს დეკემბერში კონკრეტულად რა მოლოდინები გაქვთ? ჟიური ვის შეარჩევს? ვინ არიან ის შემოქმედები და მსახიობები, რომლებსაც სიურპრიზები ელის და რა იქნება ჟიურისთვის პრიორიტეტი?
- ჩვენ, როგორც პრემიის დამფუძნებლები, პირველ რიგში, კომპეტენტურ ჟიურის ვარჩევთ. უკვე მეოთხე წელია, ვცდილობთ, შევარჩიოთ ადამიანები, რომელთა კვალიფიკაციაშიც და კეთილსინდისიერებაშიც არავის ეპარება ეჭვი.
აქვე მინდა ერთი რამე დავაზუსტო: არ გვიყვარს სიტყვა “კონკურსის“ ხმარება “პრემია თავისუფალთან“ მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს ჟიური და არის ნომინაციები, ეს უფრო თანამოაზრეთა და თანამებრძოლთა ერთობლიობაა. აქ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს ყველას გამარჯვებაა, რადგან ისინი ერთი სფეროს და ერთი საზოგადოების წარმომადგენლები არიან. ეს უფრო ერთგვარი პლატფორმაა, სადაც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და სამომავლო გეგმებზე თანხმდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ წელს, სფეროში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, წინა წლებთან შედარებით თითქმის განახევრებული რაოდენობის განაცხადი მივიღეთ, გვაქვს მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა. წარმოდგენილია კოკო როინიშვილის, დათო ჩხარტიშვილის, პატა ციკოლიას (სამინის თეატრიდან) ნამუშევრები. რეგიონებში ვნახეთ აჩი გოგუაძის სპექტაკლი ბათუმში (ნინო ხარატიშვილის მიხედვით - “ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი“), ვიყავით ქუთაისშიც...
არჩევანი მრავალფეროვანია და იმაზე მიუთითებს, რომ სფერო ყველაფრის მიუხედავად აქტიურად მუშაობს და არ ჩერდება. ჟიურისთვის მარტივი არ იქნება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შედეგი აუცილებლად ძალიან ღირსეული და საინტერესო იქნება.