კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის ეპიდემიამ 5 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე მაჩვენებელია. ეპიდემია უკვე გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მეზობელ სახელმწიფოებშიც დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეპიდემიის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე იტურის პროვინციაა. აღნიშნული ტერიტორია კონფლიქტის ზონას წარმოადგენს, რაც ვირუსის გავრცელების შეკავებას საგრძნობლად ართულებს.

გაეროს ცნობით, ეს არის კონგოს ისტორიაში ებოლას რიგით მე-17 ეპიდემია და მასშტაბით მსოფლიო ისტორიაში მეორე უდიდესი აფეთქება. შედარებისთვის, ქვეყანაში მანამდე არსებული ყველაზე მძიმე ეპიდემიის დროს, 2018-2020 წლებში, 2 299 გარდაცვალება დაფიქსირდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეპიდემია 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირდა, რასაც 11 325-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ვირუსი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და აშშ-ში გავრცელდა.
მიმდინარე ეპიდემია გამოწვეულია ებოლას Bundibugyo-ს შტამით, რომლის საწინააღმდეგო ლიცენზირებული მკურნალობა ან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა კლინიკური გამოცდები მიმდინარეობს.
ებოლა იშვიათი და სასიკვდილო ვირუსული დაავადებაა, რომლის სიმპტომებიც უეცრად იწყება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ვითარდება პირღებინება და დიარეა, რამაც შესაძლოა ორგანოების უკმარისობა გამოიწვიოს, ხოლო ზოგ პაციენტში ვლინდება შინაგანი და გარეგანი სისხლდენა. ვირუსი ადამიანიდან ადამიანს ინფიცირებული სხეულის სითხეებით, მათ შორის სისხლითა და პირღებინების მასით გადაეცემა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აფრიკის ოფისის განცხადებით, ეპიდემიის შესაჩერებლად აუცილებელია ძირითადი საკონტროლო ღონისძიებების გაფართოება, დაზარალებულ რეგიონებზე წვდომის გაზრდა და ადგილობრივ თემებთან მუშაობა.

მკურნალობასა და პრევენციას კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ჯანდაცვის მუშაკებსა და ოფიციალურ პირებზე განხორციელებული თავდასხმები.
ცოტა ხნის წინ, ებოლას განგაშზე რეაგირებისას განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ექთანი მოკლეს, ხოლო მეორე მედიკოსი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივმა ახალგაზრდობამ მათ წყლის წყაროების დაბინძურებასა და ვირუსის გავრცელებაში დასდო ბრალი.
გასულ თვეს, ებოლას გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების პოპულარიზაციის გამო, ადგილობრივებმა პოლიტიკოსი ცემით მოკლეს. აგვისტოში წითელი ჯვრის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეპიდემიის პირველი 100 დღის განმავლობაში დაფიქსირებული 11 ძალადობრივი ინციდენტის დროს მათი მოხალისეები დაშავდნენ, ხოლო სასწრაფო დახმარების ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.
ებოლას შემთხვევები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიჯნაზე მდებარე ქვეყნებშიც დაფიქსირდა:
უგანდაში ეპიდემიის დაწყებისთანავე დაფიქსირდა 20 შემთხვევა და 2 გარდაცვალება, თუმცა აგვისტოს შემდეგ ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. აქ კონგოდან გადამსვლელებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები კვლავ მოქმედებს.
კენიაში დაფიქსირებულია ინფიცირების 9 დადასტურებული შემთხვევა და 2 გარდაცვალება. ხოლო ნიგერიაში შაბათს დაფიქსირდა 2 სავარაუდო შემთხვევა, დაინფიცირებული პირები იზოლირებულნი არიან და ტესტირებას გადიან.