მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები უსახლკარო ძაღლებთან მიმართებით შესაძლო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების აღკვეთას და სავარაუდო სამართალდამრღვევთა დასჯას ითხოვენ.
“სამწუხაროდ, დადასტურდა ის, რაზეც თვეების განმავლობაში აქ, აქციებზე ვსაუბრობდით, რომ აგრძელებენ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები მასობრივად, მიუსაფარი ძაღლების ხოცვა-ჟლეტას იმის ნაცვლად, რომ განახორციელონ მათი სტერილიზაცია-ვაქცინაცია და ამ ფორმით შეეცადონ მათი რიცხოვნობის შემცირებას. იმედია ახლა მაინც უფრო გააქტიურდება საზოგადოება, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მრავალრიცხოვანი ბუნებრივია, ისინი არ გაჩერდებიან. რაც შეეხება გამოძიებას, არანაირი იმედი გამოძიების მე არა მაქვს. მოვითხოვ მონიტორინგის სამსახურის უფროსის არაგველის დაპატიმრებას. თუ არაფერი არ შეიცვალა ჩვენ მომავალ კვირას იგივე დროს შევიკრიბებით”, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, „ტვ პირველმა“ გაავრცელა მასალა, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვდნენ ნეშტების ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები. თბილისის მერიამ სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხოველთა სამარხების შესახებ. უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, ,,თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”