მაიკლ დუგლასმა ბოლოდროინდელ ინტერვიუში თავისი დიდი ხნის მეგობრისა და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის, ჯეკ ნიკოლსონის შესახებ ისაუბრა. დუგლასის თქმით, ნიკოლსონი თავს კარგად გრძნობს, თუმცა კინემატოგრაფიულ საქმიანობას ჩამოშორდა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნასაც ერიდება.
82 წლის მსახიობს უელსის ქალაქ სუონსიში გამართულ ღონისძიებაზე ჯეკ ნიკოლსონთან თანამშრომლობის გამოცდილების შესახებ ჰკითხეს.
მართალია, მსახიობებს ერთად არასდროს უთამაშიათ ფილმში, თუმცა დუგლასი 1975 წლის საკულტო ფილმის, "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (One Flew Over the Cuckoo’s Nest) პროდიუსერი იყო, რომელშიც მთავარ როლს სწორედ ნიკოლსონი ასრულებდა.


შეგახსენებთ, რომ 89 წლის ჯეკ ნიკოლსონს კინოკარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება არასდროს გაუკეთებია. 2010 წელს გამოსული ფილმის, "How Do You Know“-ს შემდეგ, მსახიობი დიდ ეკრანზე აღარ გამოჩენილა და წლების განმავლობაში საჯარო ღონისძიებებსაც იშვიათად ესწრებოდა.
ნიკოლსონის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები საზოგადოებაში ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

მიმდინარე წლის აპრილში მისმა ქალიშვილმა, ლორენ ნიკოლსონმა, სოციალურ ქსელში მამის იშვიათი ფოტო გააზიარა. ფოტოზე მსახიობი მომღერალ ჯონი მიტჩელთან ერთად საკუთარ სახლშია გადაღებული. "89!!“ – ასეთი წარწერა დაურთო ლორენმა ფოტოს Instagram-ის სთორიში.

ნიკოლსონი საზოგადოებაში ბოლოს 2025 წელს, გადაცემა Saturday Night Live-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოჩნდა. ის მაყურებელთა შორის იჯდა და ადამ სენდლერი წარადგინა, რომელთან ერთადაც 2003 წლის კომედიურ ფილმში "ბრაზის მართვა“ (Anger Management) მონაწილეობდა.
მიუხედავად ეკრანიდან ხანგრძლივი პაუზისა, ჯეკ ნიკოლსონი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მსახიობად რჩება. მას კარიერის განმავლობაში სამი "ოსკარი“ აქვს მიღებული.
წყარო: pagesix.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა