ავტორი:

"რუსული ნარატივი არ გაგივათ!“ - რას წერს ზურაბ სიხარულიძე ტელეკომპანია "იმედის“ რეალითი შოუზე "დამოკიდებული“

"რუსული ნარატივი არ გაგივათ!“ - რას წერს ზურაბ სიხარულიძე ტელეკომპანია "იმედის“ რეალითი შოუზე "დამოკიდებული“

ექიმი-ნარკოლოგი და პარტია "ფედერალისტების" წევრი ზურა სიხარულიძე რეალითი შოუ "დამოკიდებული" შესახებ წერს.

  • იგი აკრიტიკებს გადაცემის ფორმატს და მიიჩნევს, რომ ის დამოკიდებულების მკურნალობის იძულებით, იზოლაციაზე დაფუძნებულ მიდგომას წარმოაჩენს როგორც გამოსავალს.

ცნობისთვის, გადაცემა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ კვირაში გავიდა. ის ნარკოდამოკიდებულ ადამიანებსა და მათი მკურნალობის პროცესს ეხება. გადაცემის წამყვანები მომღერალი თიკა ჯამბურია და გუკა ობლაძე არიან.

"თავს ძალა დავატანე და რეალითი შოუ „დამოკიდებულების“ ერთი ეპიზოდი სრულად ვნახე. საბოლოოდ, ნათლად დავინახე მისი მთავარი გზავნილი: საზოგადოება შეაჩვიონ რუსულ, რეპრესიულ ნარკოლოგიურ მოდელს და დააჯერონ, რომ დამოკიდებულების მკურნალობის ერთადერთი გზა იძულება, იზოლაცია და ადამიანის ნების გატეხვაა.

ეს თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის დისკრედიტაციის სახიფათო მცდელობაა.

პროფესიულ ეთიკაზე აღარ ვისაუბრებ - ადიქტოლოგთა ასოციაციის განცხადებაში ყველაფერი ნათლად არის ნათქვამი.

ერთ რამეს კი პირდაპირ ვიტყვი: საქართველოში ნარკოლოგიის დარგი უკვე კი არ კვდება, პრაქტიკულად აღარ არსებობს. თუმცა, ის, რასაც ზოგიერთი კლინიკა დღეს კადრულობს, კლინიკურ საქმიანობასაც კი ძნელად შეიძლება ეწოდოს.

დამოკიდებულების მქონე ადამიანი არ არის რეიტინგის, ექსპერიმენტებისა და სატელევიზიო სანახაობის ობიექტი. მისი დამცირება მკურნალობა არ არის, იძულება კი – რეაბილიტაცია.

მკურნალობა რთული და ხშირად ძალიან მძიმე პროცესია. მას თან ახლავს ისეთი პირადი და ინტიმური საკითხები, რომლებიც მხოლოდ ექიმსა და პაციენტს შორის უნდა დარჩეს. რეაბილიტაცია ადამიანის ნების გატეხვას არ ნიშნავს. საზოგადოებას სჭირდება თანამედროვე მედიცინა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობა, ზიანის შემცირება და ადამიანზე ორიენტირებული დახმარება და არა რუსული ნარკოლოგიური მოდელის სამედიცინო დახმარების სახელით შეფუთვა.

როდესაც ეკრანიდან ამ ყველაფერს ვხედავ და ვისმენ, თანაც ასეთი ტრაგიკული სახეებითა და ტონით, ხოლო ეპიზოდი შსს-ის მაღალჩინოსნის ბრიფინგით სრულდება, ალბათ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია.რუსული ნარატივი არ გაგივათ! ამ ქვეყანაში რუსული ნარკოლოგიის დაბრუნებას ვერ შეძლებთ! დროა, შეწყვიტოთ ეს სამარცხვინო შოუ თუ რაც ჰქვია ამას.

და თქვენ, ვინც თავს სპეციალისტებს უწოდებთ, ერთი შეკითხვა მაქვს: ამ დარგში 35 წელია ვმუშაობ და აქამდე ერთხელაც არ გადამკვეთიხართ. სად იყავით აქამდე? რომელ "აკოპში“ იყავით ჩაკეტილები?

მორჩით ამ სამარცხვინო შოუს! ეს უკვე აღარ არის უბრალოდ სატელევიზიო გადაცემა - ეს არის საზოგადოებაზე ზემოქმედების მცდელობა." - წერს ზურაბ სიხარულიძე.