ავტორი:

138 ავტომობილი ფიქტიური რეექსპორტით და 545 ათასი ლარის ზიანი სახელმწიფოს - პროკურატურამ 19 პირს ბრალდება წარუდგინა

138 ავტომობილი ფიქტიური რეექსპორტით და 545 ათასი ლარის ზიანი სახელმწიფოს - პროკურატურამ 19 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ჯგუფურად ჩადენილი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

  • ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოყვანილი 138 ავტომობილი ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით ფიქტიურად მოაქციეს რეექსპორტის რეჟიმში და საქართველოდან კანონით დადგენილ ვადაში არ გაიყვანეს, რაც პირადი ანგარებითი მიზნებისთვის გამოიყენეს. აღნიშნული ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სახელმწიფო ბიუჯეტში არ შეიტანეს კანონით დადგენილი გადასახადი, რითაც სახელმწიფო 545 165 ლარით დააზიანეს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით) და 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად), 25.185-ე მუხლის ნე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მოტყუებით ქონებრივ დაზიანებაში დახმარება) და 25.210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებასა და გამოყენებაში დახმარება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეეფარდათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.