კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონია. 20 წლის მრბოლელი ამ სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.

მეხიკოში გამართული რბოლა მაქს ვერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილი "ფერარის“ პილოტმა ლუის ჰამილტონმა დაიკავა, ანტონელი კი მესამე პოზიციას დასჯერდა. მიუხედავად იმისა, რომ რბოლის მოგება ვერ შეძლო, საჭირო შედეგი აჩვენა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უპირატესობა შეინარჩუნა.

20 წლის იტალიელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია. მან სებასტიან ფეტელის რეკორდი გააუმჯობესა - გერმანელმა პირველი ტიტული 2010 წელს, 23 წლის ასაკში მოიპოვა. ამასთან, ანტონელი პირველი იტალიელია 1953 წლის შემდეგ, რომელმაც ფორმულა 1-ის ჩემპიონობა იზეიმა. მანამდე ეს მიღწევა ალბერტო ასკარის ეკუთვნოდა.
ანტონელისთვის მიმდინარე სეზონი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა.
მან პირველი ექვსი რბოლიდან ხუთი მოიგო, იაპონიის გრან პრის შემდეგ კი ჩემპიონატის ლიდერი გახდა. სეზონის განმავლობაში იტალიელმა ჯამში ცხრა გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია მონცას გრან პრიც, სადაც მან რბოლა მე-19 პოზიციიდან დაიწყო და პირველ ადგილზე დაასრულა.

ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია "მერსედესისთვისაც“ - გუნდმა მრბოლელთა ჩემპიონობა 2020 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა. მაშინ ტიტული ლუის ჰამილტონმა მოიგო. ანტონელი კი გუნდმა ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში, ახალგაზრდა მრბოლელთა პროგრამაში ჩართო. გასულ სეზონში, ჰამილტონის "ფერარიში“ გადასვლის შემდეგ, გუნდმა მისი ადგილი სწორედ ახალგაზრდა იტალიელს ანდო.