საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა გასულ კვირასაც გაგრძელდა. მოგეხსენებათ, მმართველი ძალა 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასა და აკრძალვას ითხოვს.
1. სასამართლოს პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურება და ოპოზიციაზე ზეწოლისთვის გამოყენება;
2. ხუთივე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა;
3. პარტიების ნაწილის აკრძალვა;
4. სარჩელის დაუკმაყოფილება და ამის გაფორმება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.
უკვე განვლილი ორკვირიანი განხილვის შემდეგ, ჩამოთვლილთაგან ყველაზე სავარაუდო სცენარი რომელი შეიძლება იყოს? - ამ კითხვით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- თქვენი ნებართვით, პროგნოზებისგან თავს შევიკავებ მარტივი მიზეზის გამო - არა მგონია, თვითონ ხელისუფლება, უფრო სწორად, ივანიშვილი იყოს ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რომელი სცენარით განავითარებს ამ პროცესს. ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, რაც დიდწილად შიდაპოლიტიკური კი არა, საგარეო-პოლიტიკურია.შესაბამისად, რის საშუალებასაც მისცემს ივანიშვილს ახალი მსოფლიო წესრიგი, რომლის დამკვიდრებაც დღეს ხდება, იმ მიმართულებით იმოძრავებს. დარწმუნებული ვარ, რომ მას თვითონ არა აქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული - ის მიღების პროცესშია. ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ივანიშვილი შესანიშნავი ტაქტიკოსი, მაგრამ ცუდი სტრატეგია. ის სტრატეგიაზე მაინცდამაინც არც ფიქრობს და მუდმივად ტაქტიკური მონახაზის მიხედვით მოქმედებს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც საკუთარი ანალიზისა და პროგნოზის საფუძველზე სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო - ეს მოხდა 2022 წელს, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. არადა, მისი პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა და, ფაქტობრივად, გაება ისეთ ხაფანგში, რომლის მძევლადაც თვითონ იქცა. შესაბამისად, ის სტრატეგიულ ნაბიჯებს აღარ დგამს და ისევ ტაქტიკურ მონახაზებს მიჰყვება.
თუ შევხედავთ, როგორ ვითარდებოდა ეს ე.წ. საკონსტიტუციო პროცესი თავიდან, ის მაქსიმალურად ცდილობდა პროცესის გაჭიანურებას. ამას ორი მთავარი მოტივი ჰქონდა: პირველი - მეტად დალაგებულიყო გლობალური საგარეო თემები და იმის მიხედვით ემოქმედა; მეორე - ამ თემით ზემოქმედება მოეხდინა ოპოზიციაზე, მოეხდინა პარტიების ნეიტრალიზება... ასეც მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ ამის შემდეგ რაღაც მოხდა, რამაც ის აიძულა, დაეჩქარებინა პროცესი ან გარკვეული ქმედებების იმიტაცია მაინც ეჩვენებინა.
- რა მოხდა ისეთი, რამაც პროცესი დააჩქარა?
- ეს ისევ საგარეო ფაქტორებს უკავშირდება. თუ თვალს გადავავლებთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსულ-ევროპულ და რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში მიმდინარე პროცესებს, ლოგიკას დავინახავთ.
რუსეთის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, მაგრამ დონალდ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებებმა თითქოს მას გაუხსნა შესაძლებლობის ფანჯარა, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი უძლეველობის მითი. ამასთანავე, რუსეთს მშვენივრად ესმის, რომ 3 ნოემბერს (აშშ-ის არჩევნებზე) ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს - თუ ტრამპმა ორივე პალატა წააგო, მოხდება მისი პოლიტიკური „გაკოჭვა“ და რუსეთისთვის დროებითი "თაფლობის თვე" დასრულდება. შესაბამისად, კრემლი ჩქარობს, რომ სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, გავლენის სფეროების კონტროლს შეუქცევადი სახე მისცეს.
თუ გადახედავთ ბოლო ერთ თვეს, რუსეთის არაერთი განცხადება მოვისმინეთ საქართველოს შესახებ, როგორც ეკონომიკაზე, ისე საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზეც კი... ეს ოდიოზური პირი, ვინმე ფიფია აქტიურობს ძალიან და იმასაც კი ბედავს და ამბობს, რომ "ერთიან სახელმწიფოში" უნდა ვიცხოვროთ, სადაც ცალ-ცალკე სახელმწიფოებად მოიხსენიებს აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს. ეს ყველაფერი ერთი დიდი სურათის ნაწილია. ამის დაჩქარება ხდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს კონტროლის მაქსიმალურად გაძლიერება და საქართველოს ხელისუფლებას მანევრის საშუალება შეეზღუდოს.
პარადოქსია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს ყოველთვის იყენებდა რუსეთის პრესინგის პრევენციისთვის. ის ამბობდა, კი ბატონო, ლოიალური ვარ, მაგრამ არის ხელის შემშლელი ფაქტორები - კონსტიტუცია, პარტიები, არა მაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა ამ ბარიერების მოსახსნელადო. ეს უნივერსალური არგუმენტი იყო მისთვის, რომ შეეჩერებინა რუსეთისგან ულტიმატუმების წამოყენება, მაგრამ ბოლო პერიოდში ზეწოლა ძალიან გაძლიერდა. ის დღესაც ცდილობს მანევრირებას. იმედი აქვს, რომ 3 ნოემბრის შემდეგ მეტი გარკვეულობა იქნება საერთაშორისო პოლიტიკაში. რომელ სცენარს აირჩევს საბოლოოდ - დატოვებს ამ თემას დასავლეთთან დიდი ვაჭრობისთვის, მიიღებს ნაწილობრივ გადაწყვეტილებას სასამართლოს დამოუკიდებლობის იმიტირებისთვის, თუ ბოლომდე გაჰყვება და პროდასავლურ ფლანგს მთლიანად გააუქმებს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცემულობა გვექნება რუსეთთან დაკავშირებით.
სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრად კობახიძესაც ამის გამო იტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლურსმანი უკვე ჩაჭედებული აქვს მის პოლიტიკურ კუბოში, არ იცის, ვინ უნდა იყოს შემდეგი. მას ჯერ არა აქვს ჩამოყალიბებული, რა ტიპის პრემიერ-მინისტრი სჭირდება: ისეთი, რომელიც "ტრაქტატი 2"-ს მოაწერს ხელს, თუ შედარებით "დავარცხნილი", რომელიც აზერბაიჯანის ტიპის ავტოკრატიას ჩამოაყალიბებს და დისტანციას შეინარჩუნებს რუსეთთან.
დემოკრატიასა და დასავლეთზე საუბარი მის პოლიტიკურ ცნობიერებაში დახურულია. ის ოცნებობს ისეთ ურთიერთობებზე დასავლეთთან, როგორიც აზერბაიჯანს აქვს: კონტაქტები და სავაჭრო პარტნიორობა, მაგრამ არანაირი ინტეგრაციული პროცესი. ეს არის მისი იდეალური მოდელი, თუ, რა თქმა უნდა, არ გახდა იძულებული, პირდაპირ რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციისკენ გადადგას ნაბიჯები, საითაც დღეს მივდივართ.
თუმცა, თუ ივანიშვილს საშუალება მიეცა, არ გაუჭირდება პუტინის გადაგდებაც. მას "პატრონის გადაგდება" არასოდეს უჭირდა... მე არ ვიზიარებ კონცეფციას, რომ ის თავიდანვე რუსული პროექტი იყო. მასზე რუსულ პოლიტიკას აქვს სერიოზული გავლენა, მაგრამ არა აბსოლუტური.
- წარმოუდგენელი მგონია, ქართველმა საზოგადოებამ რუსეთთან რეინტეგრაცია ასე უპრობლემოდ მიიღოს...
- ქართველი საზოგადოება თეორიულად ამის წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ერთგვარი კონფორმიზმი, მათ შორის აგრესიული კონფორმიზმი. ფუჭი იმედებითა და ილუზიებით ვცხოვრობთ, - ეგება ასე არ მოხდესო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინდიკატორი სახეზეა, საზოგადოება კი ამას კონსოლიდირებულად არ აპროტესტებს.
კონფორმიზმის გარღვევას სჭირდება ალტერნატიული ძალის ფორმირება, რომელიც ამ განწყობების კაპიტალიზაციას მოახერხებს. ეს როლი ეკუთვნის პოლიტიკურ ოპოზიციას, მაგრამ აქ დიდი პრობლემა გვაქვს. განაგრძეთ კითხვა