ევროპის 6 ქვეყნის ათეულობით სუპერმარკეტი სავარაუდო კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა, რამაც სავაჭრო ობიექტებში მაცივრებისა და საყინულეების მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია. ჰაკერებმა მაცივრები გაყინვის ნაცვლად გათბობის რეჟიმში გადაიყვანეს, რის გამოც მილიონობით ევროს ღირებულების პროდუქტი გადასაყრელი გახდა.
ბელგიური კომპანია Sabcobel-ის ცნობით, რომელიც დაზარალებული მაცივრების ნაწილს აწარმოებს, ჰაკერებმა სისტემები გაყინვის რეჟიმიდან ლღობის რეჟიმში გადართეს, რამაც მათი მკვეთრი გაცხელება გამოიწვია. ზოგიერთ მაღაზიაში საყინულეების ტემპერატურამ 50°C-საც კი მიაღწია.
როგორც ვარაუდობენ, თავდამსხმელებმა ზუსტად ის მეთოდი გამოიყენეს, რომლითაც ოქტომბრის დასაწყისში საფრანგეთის ასობით სუპერმარკეტს დაესხნენ თავს.
Sabcobel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან მოელანსმა განაცხადა, რომ კომპანია მთელი ღამისა და დილის განმავლობაში მუშაობდა დაზარალებული მოწყობილობების ქსელიდან გათიშვაზე. მისი თქმით, საფრანგეთზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ კომპანია ცდილობდა სისტემების დაცვას, თუმცა მოწყობილობებს მხოლოდ პროგრამული განახლება არ ჰყოფნით და ფიზიკური მოდიფიკაცია სჭირდებათ.
ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის გამო მილიონობით ევროს ღირებულების პროდუქციის გადაყრა გახდა საჭირო.
ბელგიაში, Delhaize-ის ერთ-ერთმა ფილიალმა განაცხადა, რომ 100 000 ევროს ღირებულების პროდუქტი დაკარგა, და ეს შეფასება არ მოიცავს მაღაზიის დაკეტვით გამოწვეულ დამატებით ზარალს.
სუპერმარკეტების ქსელ Carrefour-ის განცხადებით, ინციდენტი ბელგიის მხოლოდ 15 მაღაზიას შეეხო. Colruyt Group-ის ცნობით კი, რომელიც Spar-ის მაღაზიებსაც მოიცავს, თავდასხმა 5 ობიექტზე დაფიქსირდა.
შვედეთში თავდასხმა შეეხო ICA-სა და Coop-ის სუპერმარკეტებს. სამხრეთ შვედეთის ქალაქ შობოში მდებარე ICA-ს ფილიალმა სოციალურ ქსელში დაწერა: “ჩვენი მაცივრები და საყინულეები ღამით გატეხეს და ტემპერატურა 50 გრადუსზე დააყენეს“.
შვედეთში Coop-ის 800 მაღაზიიდან 7 დაზარალდა, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება.თავდასხმის გეოგრაფია: ირლანდია, ნიდერლანდები და ესტონეთი
კიბერთავდასხმის ტალღა ასევე შეეხო ირლანდიას, ნიდერლანდებს და ესტონეთს.