ფრანგმა სამართალდამცავებმა პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს, ხოლო გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მკაცრი სასჯელების დაწესება მოითხოვა მას შემდეგ, რაც ევროპაში გამართული მშვიდობიანი და ძირითადად ახალგაზრდების მიერ ინიციირებული აქციები ძალადობაში გადაიზარდა.

პორტუგალიაში პოლიციამ (მათ შორის ძაღლებით აღჭურვილმა რაზმებმა) საპროტესტო ბანაკები რეზინის ხელკეტების გამოყენებით დაარბია, შვეიცარიაში კი სამართალდამცავებს ქვაფენილიდან ამოღებული ქვები დაუშინეს.
განათლების სისტემასთან, საჯარო სერვისების გაუარესებასთან, შემცირებულ პერსპექტივებთან, რთულ საცხოვრებელ პირობებთან და ცხოვრების გაძვირებასთან დაკავშირებულმა პროტესტმა მიმდინარე შემოდგომაზე არაერთ ევროპულ ქვეყანაში იფეთქა.

გასულ შაბათს საღამოს ძალადობამ საფრანგეთის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში, მარსელში, გრენობლში, ბორდოში, ლიონსა და ტულუზაში მას შემდეგ იფეთქა, რაც ქუჩებში დაახლოებით 320,000 დემონსტრანტი გამოვიდა.
მანიფესტაციების დასრულებისთანავე, ადგილზე მოძალადე ნიღბიანი და კაპიუშონიანი არეულობის მონაწილეები გამოჩნდნენ. დაკავებულთა რიცხვმა 770-ზე მეტ ადამიანს გადააჭარბა.
პარიზის პროკურატურის განცხადებით, დაახლოებით 15 ჟანდარმისა და პოლიციელისგან შემდგარ ჯგუფს ცეცხლის გამჩენი მოწყობილობები (მოლოტოვის კოქტეილები) ესროლეს, რის საფუძველზეც “საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელთა განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით ოფიციალური გამოძიება უკვე დაიწყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის მეორე ხარისხის დამწვრობის მქონე პირებიც არიან.
ბოლო აქციებზე ფიზიკური ძალადობისა და ძარცვის მასშტაბი შესამჩნევად დაბალი იყო, ვიდრე 17 ოქტომბერს, როდესაც საფრანგეთის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ურბანული არეულობის დროს 2,600 ადამიანი დააკავეს, ხოლო 3,000-მდე მაღაზია გაიძარცვა.
მოძალადეები და მაროდიორები ქვეყნის ფინანსურ ჰაბში, ფრანკფურტში შეიჭრნენ, ქალაქში მობილიზებული 1,300 პოლიციელიდან 100-ზე მეტი დაშავდა, სამართალდამცავებს სხვადასხვა საგნებთან ერთად “მოლოტოვის კოქტეილებიც“ ესროლეს. პოლიციამ კი 54 ეჭვმიტანილი დააკავა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან პოზეკის განცხადებით, დაკავებულთა უმრავლესობა გერმანიის მოქალაქეა, თუმცა სამართალდამცველების შეფასებით “მათ 1,000-დან 1,500-მდე ძალადობრივ პროვოკატორთან, უპირატესად მიგრანტული წარმომავლობის პირებთან მოუწია დაპირისპირება“.
ძალადობრივი ინციდენტები შაბათს საღამოს კიოლნშიც მოხდა, სადაც პოლიციამ ბრბოს დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. ასევე ბერლინში, სადაც დემონსტრანტებმა პოლიციას ბოთლები და ფეიერვერკები ესროლეს.
