ქართველების უცხოეთში წარმატებული მოღვაწეობის შესახებ, არაერთხელ დაწერილა და არაერთი გამოჩენილი, თუ დამსახურებული ადამიანი ყოფილა. ერთ-ერთ მათგანი თამარ გამსახურდია გახლავთ...
1896 წელს ბაქოსთან ახლოს საცირკო ხელოვნების ოსტატის რომან სერგოს ძე გამსახურდიას (1860-1939 წლები) ოჯახში დაიბადა ცნობილი მოცეკვავე და დიზაინერი თამარ გამსახურდია.
XX საუკუნის დასაწყისში თამარი თბილისის საბალეტო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ მოსკოვში, “დიდი თეატრის“ ცნობილი სოლისტის მიხეილ მორდკინის კერძო სკოლაში. სულ მალე კი ზიმინის კერძო ოპერის პრიმა-ბალერინა გახდა.
თამარ გამსახურდიას სასცენო წარმატებებზე მეტყველებს რევოლუციამდელი რუსეთის საკონცერტო აფიშები, მოსკოვის “დიდი თეატრის“ მუზეუმში დაცული 1917 წელს გამოცემული თამარის პორტრეტებით დამშვენებული ღია ბარათები, მსახიობ მიხეილ ჟაროვის მემუარები...
ქალის თეთრეულის სამოდელო სახლი “ლორ ბელენ“ XX საუკუნის 20-იან წლებში ბერლინში დააარსა რუსეთიდან ემიგრირებულმა წარმოშობით ებრაელმა ლარისა ბეილინამ. “ლორ-ბელენი“ 30-იან წლებში პარიზში გადავიდა და იარსება 60-იან წლებამდე.
გამსახურდიამ და ბეილინამ ერთმანეთი ბერლინში გაიცნეს და დამეგობრდნენ. ლარისა გერმანული თეოსოფიით და გიორგი გურჯიევის მისტიკით იყო გატაცებული, თამარი კი სამოდელო ბიზნესს უძღვებოდა და თან ძალიან წარმატებულად.
“ლორ ბელენი“ მდებარეობდა პარიზის მე-16 კვარტალში, რუ ბუასსერის 59-ში, ორიენტირებული იყო ქალის კორსეტების წარმოებაზე. თამარს მუშაობაში ეხმარებოდა საბალეტო კოსტიუმის აგებულების ცოდნა. თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით ყოფილი მოცეკვავე ბიუსჰალტერებსა და კორსეტებს უფრო დახვეწილსა და მოქნილს ხდიდა. რეზინის, კაუჩუკისა და ელასტიკური ქსოვილების წყალობით, ქალის ფიგურა სრულყოფილი ჩანდა. თამარს ეკუთვნის სპორტისა და ცხენოსნობისას გამოსაყენებელი სპეციალური ბიუსჰალტერების შექმნის იდეა.
სამოდელო სახლის პოპულარობაზე მეტყველებს თამარის გერის, სერგი დე კობის ქალიშვილის ირინე ხოლმან დე კობის საოჯახო არქივში დაცული “ლორ ბელენის“ კლიენტების სია, რომელთა შორის არიან ჟაკლინ კენედი, ბეგუმ აღა-ხანი, ბარონესა როტშილდი, იუგოსლავიის დედოფალი ანნამა. კლიენტთა შორის განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მარლენ დიტრიხი, რომელიც არა მხოლოდ კლიენტი იყო, არამედ უახლოესი მეგობარიც. 1963 წელს მარლენ დიტრიხს საბჭოთა კავშირში ვიზიტისას სწორედ თამარის შექმნილი კორსეტი ემოსა.
XX საუკუნის 40-იან წლებში ლარისა ბეილინა ფაშისტებისგან თავდასაღწევად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. იმ პერიოდში სამოდელო სახლს მთლიანად გამსახურდია განაგებდა. გააფართოვა წარმოება და დაიწყო დეკოლტირებული საღამოს კაბების გამოშვება.
სამოდელო ბიზნესში თამარ გამსახურდიას გვერდში ედგა და “ლორ ბელენში“ მხატვარ-ილუსტრატორად მუშაობდა თამარის გერი ირინა ხოლმან დე კობი.
ლარისა ბეილინას გარდაცვალების შემდეგ “ლორ ბელენი“ ნიუ-იორკში გადაიტანეს. თამარ გამსახურდია საცხოვრებლად ნიცაში გადავიდა.
რუსეთის რევოლუციის შემდეგ თამარი ყირიმში გადავიდა. მამის დახმარებით იალტაში გახსნა საბალეტო სტუდია. გამსახურდიას მოსწავლეთა შორის იყო კავკასიური წარმოშობის მოხალისეთა არმიის ოფიცერი ალექსანდრე მიროსხეჯი. ალექსანდრემ სასცენო ფსევდონიმად დემიდოვი აიღო. რამდენიმეთვიანი დაძაბული რეპეტიციის შემდეგ დემიდოვი გამსახურდიას ღირსეული პარტნიორი გახდა. ასე შეიქმნა იმ დროისათვის ძალიან პოპულარული საბალეტო დუეტი – გამსახურდია-დემიდოვი. 1919 წელს გასტროლებზე კონსტანტინოპოლსა და მარსელში წავიდნენ და დაქორწინდნენ კიდეც.
1920 წელს ცოლ-ქმარმა მსოფლიო ტურნე წამოიწყო, იცეკვეს ლონდონის - “კოლიზეუმში“, პარიზის - “კაზინო დე პარიში“, ბუენოს-აირესის თეატრში - “კოლონ“. დუეტის ყველაზე დასამახსოვრებელი ნომერი გახლდათ კრისტოფ გლიუკის მუსიკაზე მიხეილ მორდკინის მიერ დადგმული “ვაქჰანალია“. სწორედ “ვაქჰანალიას“ შესრულებისას თამარმა მეტოქის მიერ სცენაზე ჩარჭობილ ლურსმანზე ზურგი დაიზიანა.
ტრავმის გამო თამარი, როგორც მოცეკვავე, სცენას ჩამოშორდა, თუმცა 1927 წელს ქორეოგრაფად დაიწყო მუშაობა რუსი ლილიპუტების დასში. დასისთვის, რომელიც პარიზის კაბარეში - “ფოლი ბერჟერ“ გამოდიოდა, დგამდა რუსულ, ჩინურ, ჰოლანდიურ ცეკვებს. თამარი დასს ამერიკის ტურნეშიც გაჰყვა და სწორედ იქ გაიცნობს თავის მეორე მეუღლე, დასის იმპრესარიოს რუსეთის არმიის ყოფილ ოფიცერს სერგეი დავითის ძე კობიევი (კობიაშვილი) (1891-1965 წლები).
1931 წელს ანა პავლოვამ თამარი თავის დასში მიიწვია სოლისტად, თუმცა ეს თანამშრომლობა ანას მოულოდნელი გარდაცვალების გამო არ შედგა...
თამარ გამსახურდია ნიცაში 1979 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია სანტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თამარ გამსახურდია რუსეთს ეწვია, სადაც დატოვა თავისი პირადი არქივი, რომლის ადგილსამყოფელიც დღეისთვის უცნობია.