საბერძნეთში მოსულმა უხვმა ნალექმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ავტომობილები წაიღო, ქუჩები კი მდინარეებად აქცია.


ქარიშხალმა “აგნეტამ“ დასავლეთ და ჩრდილოეთ საბერძნეთში, ასევე აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე ძლიერი წვიმა მოიტანა. ცუდი ამინდი, სავარაუდოდ, ოთხშაბათამდე შენარჩუნდება.
სტიქიის ეპიცენტრში საკურორტო კუნძული როდოსი მოექცა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ძლიერმა წყალდიდობამ ავტომობილები წაიღო და ქუჩები დატბორა.

ღამით გაგზავნილმა გამაფრთხილებელმა შეტყობინებამ მოსახლეობა და ტურისტები მოუწოდა, თავი შემაღლებული ადგილებისთვის შეეფარებინათ და ქუჩაში გასვლას მორიდებოდნენ, დაიკეტა სკოლებიც.


ადგილობრივი მედიის ცნობით, ზოგიერთი მცხოვრები იძულებული გახდა, წყლის დონის მატებისგან თავის დასაცავად სახურავებზე ასულიყო.
მომდენო დღეებში მოსალოდნელია ნალექის გაძლიერება იონიის კუნძულებსა და ცენტრალური საბერძნეთის სანაპირო ზონებში, სადაც ჭექა-ქუხილი და კოკისპირული წვიმა გრძელდება.

სამოქალაქო დაცვის სააგენტომ საზოგადოებას, თავდაცვითი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. სააგენტოს წარმომადგენლებმა ასევე რეკომენდაცია მისცეს მოსახლეობას, არ ისეირნონ სანაპირო ზოლში, დაამაგრონ მოძრავი საგნები და თავი აარიდონ ნაკადულებსა და მდინარეებზე ფეხით ან მანქანით გადასვლას.