ავტორი:

“არსებული თეორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა სიცოცხლე დედამიწაზე, მცდარია“ - მეცნიერები ახალი კვლევის შემდეგ სკანდალურ დასკვნამდე მივიდნენ

“არსებული თეორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა სიცოცხლე დედამიწაზე, მცდარია“ - მეცნიერები ახალი კვლევის შემდეგ სკანდალურ დასკვნამდე მივიდნენ

ახლად გაკეთებული აღმოჩენა, ძირს უთხრის ათწლეულების განმავლობაში არსებულ თეორიას იმის შესახებ, თუ როგორ დაიბადა სიცოცხლე დედამიწაზე.

იმისათვის, რომ ცოცხალი ორგანიზმები უსიცოცხლო ქიმიური ნივთიერებებისგან წარმოქმნილიყვნენ, დედამიწას ორგანული მოლეკულების მარაგი და მათი ერთმანეთთან დასაკავშირებელი სათანადო პირობები ესაჭიროებოდა.

ამ მარაგის წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორია ამტკიცებს, რომ ყინულოვანმა კომეტებმა უზარმაზარი რაოდენობით კონცენტრირებული ქიმიური ნივთიერებები პირდაპირ დედამიწის ზედაპირზე მოიტანეს. თუმცა კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები ამბობენ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

ამ თეორიის მთავარი პრობლემა ისაა, რომ კომეტების უდიდესი ნაწილი ზედმეტად სწრაფად მოფრინავს და ატმოსფეროს ისეთი მკვეთრი კუთხით ეჯახება, რომ შეჯახებას ვერ გადაურჩება. პატარა კომეტები უეცარი დარტყმის შედეგად ნაწილებად იფანტება, ხოლო მათში არსებული მყიფე ორგანული მოლეკულები ზედაპირზე დაცემამდე თითქმის უცილობლად ორთქლდება ატმოსფეროში.

  • ეს თავის მხრივ ნიშნავს, რომ სიცოცხლის წარმოშობისთვის აუცილებელი სამშენებლო ბლოკების კომეტების გზით მიწოდება, წინა ვარაუდებისგან განსხვავებით, სტაბილური ნაკადის ნაცვლად, უფრო “ერთჯერად გამართლებულ შემთხვევას “ წარმოადგენს.

“ეს ერთგვარი რომანტიკული იდეაა, მაგრამ ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ მისი ალბათობა ძალიან მცირეა“, - აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი, კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტის თანამშრომელი დოქტორი რიჩარდ ანსლოუ.

იმისათვის, რომ გაიგონ, როგორ წარმოიშვა სიცოცხლე, მეცნიერებმა თავდაპირველად უნდა დაადგინონ, საიდან გაჩნდა ე.წ. “ნედლეული“მოლეკულები და როგორ შეიკრიბა ისინი ერთად. ამასთან რთული აღმოჩნდა იმის გარკვევაც, თუ როგორ შეიძლებოდა ძირითადი სამშენებლო ბლოკების კონცენტრაცია იმ დონემდე გაზრდილიყო, რაც სიცოცხლის წარმოშობისთვის არის საჭირო.

გავრცელებული თეორიის თანახმად მზის სისტემის კომეტებზე დაკვირვებამ, რომლებშიც სიცოცხლის წარმოშობისთვის მნიშვნელოვანი ნახშირბადითა და აზოტით მდიდარი ქიმიური ნივთიერებები აღმოჩნდა, კომეტები მიწოდების პერსპექტიულ მექანიზმად აქცია. მკვლევრები ყურადღებას ამახვილებენ წყალბადის ციანიდზე - ნედლეულ ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელიც წყალბადის, ნახშირბადისა და აზოტისგან შედგება. ეს ქიმიური ნივთიერება განსაკუთრებით პერსპექტიულად მიიჩნეოდა, რადგან ის უხვად გვხვდება მზის სისტემის გარე ნაწილიდან წამოსულ ყინულოვან კომეტებში და პოტენციურად, იმდენად გამძლეა, რომ შეჯახებასაც გაუძლებს.

თუმცა, ახალი კომპიუტერული მოდელირება აჩვენებს, რომ კომეტებს არ შეეძლოთ იმდენი წყალბადის ციანიდის მოტანა, რაც სიცოცხლის ქიმიური ჯაჭვური რეაქციის დასაწყებად იქნებოდა საკმარისი.

ნებისმიერი კომეტა, რომლის სიგანეც 100 მეტრზე ნაკლებია, ჰაერში დიდ სიმაღლეზე უბრალოდ ფეთქება, ხოლო კილომეტრიანი და მეტი ზომის კომეტები კი იშლება. იმ რაოდენობის წყალში გახსნის შემდეგ, რაც ადრეულ ეპოქაში დედამიწას ფარავდა, ამ გზით მოწოდებული წყალბადის ციანიდის კონცენტრაცია ბევრად უფრო დაბალი იქნებოდა, ვიდრე სიცოცხლის ქიმიური რეაქციების დასაწყებად არის საჭირო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კომეტები სიცოცხლის წარმოშობის წყაროდ მიჩნევა ნაკლებად სავარაუდოა.

შესაბამისად, საწყისი ქიმიური ნივთიერებები სადღაც სხვაგან უნდა გაჩენილიყო.

დოქტორი ანსლოუს თქმით, “არსებობს მრავალი პერსპექტიული ალტერნატიული ჰიპოთეზა, მათ შორის მათი ნახშირბადით მდიდარი ასტეროიდების ჩამოვარდნა, ან ალტერნატიულ ვარიანტად, ეს მოლეკულები შეიძლებოდა ახალგაზრდა დედამიწაზე ყოველგვარი შეჯახების გარეშეც სინთეზირებულიყო“.

წყარო