ავტორი:

აშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები ჩატარდება

აშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები ჩატარდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნების დაწყებამდე წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 54 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა. კონგრესის შუალედურ არჩევნებში ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს, ხოლო კონგრესის 100 წევრიდან 35-ს ირჩევენ.

ამჟამად, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას "რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 218 "რესპუბლიკელი“, 214 "დემოკრატი“, ერთი დამოუკიდებელი წევრი და ორი თავისუფალი ადგილია. სენატში 53 "რესპუბლიკელი“, 45 "დემოკრატი“ და 2 დამოუკიდებელი სენატორია, რომლებიც კენჭისყრაში "დემოკრატებთან“ ერთად მონაწილეობენ.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები რამდენიმე შტატის გუბერნატორსაც ირჩევენ.

  • აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ შუალედურ არჩევნებში “დემოკრატები” კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ, მისი ადმინისტრაციის მიერ მიღწეული პროგრესის დიდი ნაწილი შესაძლოა გაქრეს.

Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა ყურადღება გაამახვილა იმ პოლიტიკურ ინიციატივებზე, რომლებსაც ის აქტიურად უჭერს მხარს.

"ამდენი რამ გავაკეთეთ და ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს“,- განაცხადა მან.

ტრამპმა ყველას მოუწოდა, წარმოიდგინონ, თითქოს საარჩევნო ბიულეტენში მისი სახელიც არის შეტანილი. "როდესაც ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიმარჯვებ; ამ დროს 50%-ით მეტ ხმას ვიღებთ, ვიდრე მაშინ, როცა ბიულეტენში არ ვარ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, წარმოიდგინონ, რომ მეც ბიულეტენში ვარ. თუ ჩვენი ხალხი მივა არჩევნებზე, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და კონგრესის 100 წევრიდან 35-ს ირჩევენ.