ავტორი:

ტრამპის პოლიტიკური მომავლის გამოცდა - შეძლებენ თუ არა დემოკრატები კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვებას?

ტრამპის პოლიტიკური მომავლის გამოცდა - შეძლებენ თუ არა დემოკრატები კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვებას?

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულებამდე ორი წელი რჩება, თუმცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი უკვე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდის წინაშეა. 3 ნოემბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნები, რომელიც კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის საკითხს გადაწყვეტს, შესაძლოა, ტრამპისა და მისი რესპუბლიკური პარტიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამერიკულ პოლიტიკაში დომინანტური ფიგურისთვის ეს არჩევნები ერთგვარი ტესტი იქნება და გვაჩვენებს, თუ რამდენად ინარჩუნებს ის ამომრჩევლის მხარდაჭერას.

რესპუბლიკელები არჩევნებს რთულ ვითარებაში ხვდებიან. ამერიკელების მთავარი საზრუნავი ცხოვრების გაძვირებაა: სურსათის, საწვავისა და ყოველდღიური საჭიროების პროდუქტების ფასების ზრდა მოსახლეობას სულ უფრო მეტად აწუხებს. ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ტრამპის მიერ დაწესებული ფართომასშტაბიანი სავაჭრო ტარიფებიც და ირანთან მიმდინარე ომიც. სწორედ ეს საკითხები განსაზღვრავს ამომრჩეველთა საბოლოო არჩევანს.

ტრამპმა, რომლის რეიტინგიც ბოლო თვეებში მკვეთრად დაეცა, საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და ქვეყნის მასშტაბით ათობით წინასაარჩევნო ღონისძიება გამართა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ პრეზიდენტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ისეთ შტატებშიც ჩავიდა, რომლებიც წლების განმავლობაში რესპუბლიკელების საიმედო დასაყრდენად მიიჩნეოდა. მათ შორის იყვნენ აიოვა და კანზასი.

რესპუბლიკელებმა ასობით მილიონი დოლარი დახარჯეს საარჩევნო რეკლამებზეც, მათ შორის ისეთ შტატებში, სადაც გამარჯვებას, ჩვეულებრივ, გარანტირებულად მიიჩნევდნენ. მაგალითად, კანზასში სენატის არჩევნებისთვის გაწეული ხარჯები პარტიისთვის უჩვეულოდ მაღალი აღმოჩნდა.

"როდესაც ისინი შტატში, სადაც გამარჯვება წესით გარანტირებული უნდა ჰქონდეთ, პოლიტიკურ რეკლამაში ამდენ ამერიკულ დოლარს ხარჯავენ, ეს იმის ნიშანია, რომ პრობლემებს ელიან“, - განუცხადა BBC-ს კერი დენმა, Cook Political Report-ის მმართველმა რედაქტორმა.

მისივე შეფასებით, კანზასში რესპუბლიკელების საარჩევნო ხარჯები გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე პარტია თავდაპირველად ვარაუდობდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ რესპუბლიკელები არჩევნებს თავდაცვით პოზიციაში ხვდებიან და ცდილობენ, ტრადიციულად საიმედო საარჩევნო ოლქებში პოზიციები შეინარჩუნონ.

წინასაარჩევნო შეხვედრებზე ტრამპი ამომრჩევლებს პირდაპირ მოუწოდებდა, კენჭისყრისას მისი მხარდაჭერა გაეთვალისწინებინათ. "ამ არჩევნებში გთხოვთ, წარმოიდგინოთ, რომ მე ვარ საარჩევნო ბიულეტენში“, - განაცხადა მან გასულ თვეში. იგივე გზავნილი პრეზიდენტმა კვირას, აიოვაში გამართულ შეხვედრაზეც გაიმეორა.

მართალია, ტრამპი ამ არჩევნებში თავად არ მონაწილეობს, თუმცა მისი მოწოდება მთავარ კითხვას აჩენს: კვლავ არის თუ არა პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიისთვის საარჩევნო უპირატესობა, თუ მისი დაბალი რეიტინგი პარტიის კანდიდატებსაც პრობლემებს უქმნის?

  • ამ კითხვაზე პასუხი დღეს გაცილებით რთულია, ვიდრე ორი წლის წინ იყო.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ტრამპი თეთრ სახლში ძლიერი პოლიტიკური პოზიციით დაბრუნდა. მისი პოპულარობა რესპუბლიკელებს საშუალებას აძლევდა, პრეზიდენტის მხარდაჭერა საკუთარ საარჩევნო უპირატესობად გამოეყენებინათ. თუმცა, დღეს ვითარება შეცვლილია: ირანთან ომი გრძელდება, ყოველდღიური ხარჯები იზრდება, ხოლო პრეზიდენტის მოწონების მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი საწვავის ფასია. დიზელის ერთი გალონი, რომელიც ომის დაწყებამდე, თებერვალში, 3.75 დოლარი ღირდა, სექტემბერში რეკორდულ ნიშნულამდე - 6.52 დოლარამდე გაიზარდა.

ამასთანავე, ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი 3%-დან 3.7%-მდე გაიზარდა. ეკონომისტების შეფასებით, გლობალური ტარიფების მასშტაბური პოლიტიკის გარეშე ინფლაცია შესაძლოა უფრო დაბალი ყოფილიყო. შექმნილი ვითარება რესპუბლიკელებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა იმ შტატებში, სადაც მათ ტრადიციულად ძლიერი პოზიციები აქვთ, მათ შორის ტეხასში, ოჰაიოსა და კანზასში.

BBC-ის ჟურნალისტმა აიოვაში ამომრჩევლებს ჰკითხა, გაზრდიდა თუ არა ტრამპის აქტიური მონაწილეობა რესპუბლიკელების მხარდაჭერას. პასუხები აჩვენებდა, რომ პრეზიდენტის გავლენა პარტიის საარჩევნო პერსპექტივაზე ერთმნიშვნელოვანი აღარ არის.

"არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მისმა მონაწილეობამ ამომრჩეველთა მხარდაჭერა უფრო შეამციროს. თავად რესპუბლიკელი ვარ და ვფიქრობ, ეს პარტიისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს“, - განაცხადა პოლ როსმა.

"ვფიქრობ, ეს ნამდვილად აფრთხობს ამომრჩევლებს. დონალდ ტრამპის ფაქტორი დემოკრატების მხარდაჭერასაც ზრდის - შესაძლოა, იმაზე მეტადაც, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა“, - აღნიშნა ზაკ შიმპმა.

კიდევ ერთმა ამომრჩეველმა, როუზ ჰემინგმა, უკმაყოფილების მიზეზები პირდაპირ დაასახელა: "მან ქვეყანა ომში ჩაითრია. ფასები და სურსათი ძალიან გაძვირდა, ბენზინი კი აუტანლად ძვირია“.

რესპუბლიკელ ამომრჩეველთა ნაწილი ტრამპის პოლიტიკით იმედგაცრუებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერა სურთ. ამომრჩევლის უკმაყოფილება მოქმედი პრეზიდენტით და მეორე პარტიის მიმართ ნდობა ორი განსხვავებული საკითხია.

არჩევნებამდე ჩატარებული საბოლოო გამოკითხვების მიხედვით, ტრამპის მხარდამჭერთა მაჩვენებელი დაახლოებით 38%-ს შეადგენს. ეს დაბალი შედეგია, თუმცა დემოკრატიული პარტიის მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულებაც არ არის სახარბიელო. NBC-ის მიერ კვირას გამოქვეყნებული ეროვნული გამოკითხვის თანახმად, დემოკრატიულ პარტიას დადებითად ამომრჩეველთა მხოლოდ 29% აფასებს.

შესაბამისად, დემოკრატების შესაძლო გამარჯვება სულაც არ იქნება იმის დასტური, რომ ამერიკელებმა მათი პოლიტიკური დღის წესრიგი სრულად გაიზიარეს. შესაძლოა, ამომრჩეველთა ნაწილმა უბრალოდ რესპუბლიკელების წინააღმდეგ მისცეს ხმა, რადგან არსებული მდგომარეობა მათთვის მიუღებელია.

მიმდინარე შუალედური არჩევნების შედეგები დემოკრატებს შესაძლებლობას მისცემს, შეაფასონ, რამდენად შეუძლიათ საკუთარი გავლენის გაფართოება ტრადიციულად რესპუბლიკურ შტატებში. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ტეხასში გამარჯვება, სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება და ისეთი ახალგაზრდა პოლიტიკური ფიგურების პოზიციების გაძლიერება, როგორებიც არიან ჯონ ოსოფი ჯორჯიიდან და ჯეიმს ტალარიკო.

რესპუბლიკელების მცდელობამ, დემოკრატები სახიფათო კომუნისტურ ძალად წარმოეჩინათ, ყველა ამომრჩევლის დარწმუნება ვერ შეძლო. მიჩიგანის ქალაქ დეტროიტში მცხოვრები ნიკოლ უილიამსი ამბობს, რომ ამომრჩევლებისთვის ახლა პოლიტიკური იდეოლოგიაზე მნიშვნელოვანი ყოველდღიური ეკონომიკური მდგომარეობაა.

სენატში უმრავლესობის მოპოვება დემოკრატებისთვის გაცილებით რთული იქნება. არჩევნებში 35 სენატორის ადგილია და კონტროლის დასაბრუნებლად პარტიას ოთხი ადგილის წმინდა მოგება სჭირდება. თუმცა, თუ მიჩიგანში საკუთარ ამჟამინდელ ადგილს დაკარგავენ, საჭირო უპირატესობის მოსაპოვებლად ხუთი ადგილის მოგება მოუწევთ.

სენატის ყველაზე დაძაბული არჩევნები მიჩიგანში, ტეხასში, ოჰაიოში, აიოვაში, მენში, ალიასკასა და ჩრდილოეთ კაროლინაში გაიმართება. სწორედ ამ შტატებში გადაწყდება, შეძლებენ თუ არა დემოკრატები სენატში ძალთა ბალანსის შეცვლას.

მიუხედავად გამოკითხვებში დაფიქსირებული ტენდენციებისა, შედეგების პროგნოზირებისას სიფრთხილეა საჭირო. ამერიკულ არჩევნებში საზოგადოებრივი აზრის კვლევები წარსულში არაერთხელ შემცდარა - ზოგჯერ დემოკრატების მხარდაჭერა გადაჭარბებულად შეუფასებიათ, ხოლო ტრამპის ამომრჩევლის განწყობა - არასაკმარისად. თავად პრეზიდენტი კი დარწმუნებულია, რომ ამჯერადაც შეძლებს გამოკითხვების პროგნოზების გაბათილებას.

  • დონალდ ტრამპის რეიტინგი

უახლესი კვლევა - 2 ნოემბერი, 2026

Reuters/Ipsos-ის მიერ 2026 წლის 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე ჩატარებული ეროვნული გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად ამერიკელთა მხოლოდ 32% აფასებს. ეს მაჩვენებელი წინა კვირის შედეგთან შედარებით არ შეცვლილა და პრეზიდენტის რეკორდულად დაბალ, 31%-იან მაჩვენებელს მხოლოდ ერთი პროცენტული პუნქტით აღემატება.

იმავე კვლევის მიხედვით, კონგრესის არჩევნებში დემოკრატიულ პარტიას რესპუბლიკელებთან შედარებით 8-პროცენტული პუნქტის უპირატესობა აქვს: დემოკრატებს ხმას გამოკითხულთა 46% მისცემდა, რესპუბლიკელებს კი - 38%.

წყარო