ავტორი:

როდის და როგორ აშენდა ე.წ. გადასასვლელი ხიდი - იცით, რა ჰქვია მას ოფიციალურად?

როდის და როგორ აშენდა ე.წ. გადასასვლელი ხიდი - იცით, რა ჰქვია მას ოფიციალურად?

სადგურის მოედნის ე.წ. გადასასვლელ ხიდს, სადაც 2 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა და დაახლოებით, მისი მეოთხედი განადგურდა, ბევრმა არც იცის, რომ,ოფიციალურად, "მამულიშვილთა ხიდი“ ჰქვია.

ვიდრე ვიტყოდეთ, როდის და რატომ დაარქვეს მას ეს სახელი, მანამდე გადავხედოთ მის ისტორიას:

აღნიშნული ხიდი სადგურის მოედანსა და დადიანის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს. აშენებულია 1930-1940-იან წლებში. 90-იან წლებში ამ ადგილმა ბაზრობის ფუნქციაც შეითავსა. ასე იქაურობა წლების განმავლობაში სავაჭრო სივრცედ იქცა და არა მარტო თვითონ ხიდი, მისი მიმდებარე კიბეები და ტერიტორია, სადაც ხანძრამდე იყიდებოდა მეორადი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, წვრილი ტექნიკა და სხვა ათასი წვრილმანი...

დიახ, იქ არსებულ მცირე მაღაზია-დახლებზე გარემოვაჭრეები ყოველდღიურ სარჩოს ასე გამოიმუშავებდნენ. რა იქნება ამ ხანძრის შემდეგ, არავინ იცის.

როგორც აღვნიშნეთ, თბილისის გადასასვლელი ხიდი საფეხმავლო ესტაკადაა, რომელიც, სადგურის მოედანსა და ნაძალადევს - "ნახალოვკას“ ცოტნე დადიანის ქუჩის მხიდან აკავშირებს. ეს ადგილი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინფრასტრუქტურული და ისტორიული ობიექტიცაა.

გადასასვლელი ხიდი და თბილისის რკინიგზის სადგურის ბაქანი და პლატფორმები (დაახლ. 1963/67 წ.)

  • მშენებლობა და წარმოშობის ისტორია

ვიდრე ამ ტერიტორიაზე სადგური გაჩნდებოდა, ეს ტერიტორია ქალაქის შემოსასვლელთან მდებარე შედარებით თავისუფალ სივრცეს წარმოადგენდა.

ყველაფერი შეიცვალა 1872 წელს, როდესაც გაიხსნა თბილისი-ფოთის რკინიგზა - პირველი სარკინიგზო ხაზი კავკასიაში. სწორედ ამ პერიოდში აშენდა პირველი ცენტრალური სადგურის შენობა (იმჟამად "ტიფლისის ვაგზალი“), რამაც საფუძველი ჩაუყარა მთელი უბნის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის, ფორმირებას.

ტრანსპორტის ხაზის მიღმა ტერიტორიაზე უნებართვოდ, ნაძალადევად დასახლდნენ რკინიგზის მუშები. ამ ადგილს სწორედ ამიტომაც ეწოდა, ნაძალადევი, ანუ "ნახალოვკა“.

რკინიგზის მრავალზოლიანი ლიანდაგები ფიზიკურად ჭრიდა ქალაქის ცენტრსა და ნაძალადევის უბანს ერთმანეთისგან, რაც ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილებას სახიფათოს ხდიდა.

ლიანდაგებზე უსაფრთხოდ გადასასვლელად XX საუკუნის დასაწყისში აშენდა პირველი ლითონის საფეხმავლო ხიდი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ეს კონსტრუქცია უზრუნველყოფდა ნაძალადევის მუშათა დასახლების დაკავშირებას ცენტრალურ სადგურთან და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებთან.

  • საბჭოთა პერიოდის რეკონსტრუქცია

ქალაქის გაფართოებასთან და მგზავრთა ნაკადის გაზრდასთან ერთად, პირველად ხიდმა მოთხოვნები ვეღარ დააკმაყოფილა.

XX საუკუნის შუა წლებში (1950-1960-იან წლებში) აშენდა ახალი, უფრო ფართო რკინაბეტონისა და ფოლადის საფეხმავლო ესტაკადა.

  • ისტორიულ-სოციალური მნიშვნელობა

ის აქამდე "ნახალოვკის“ მთავარ არტერიად მიიჩნეოდა: ხიდი ათწლეულების განმავლობაში იყო ერთადერთი სწრაფი საფეხმავლო კავშირი ნაძალადევსა და ცენტრალურ სადგურს შორის.

2003 წელს კი "გადასასვლელ ხიდს“ სახელი შეუცვალეს და 1992-1993 წლებში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად "მამულიშვილთა ხიდი“ უწოდეს.

თუმცა ქალაქურ ფოლკლორში გადასასვლელი ხიდი გარდამავალი ეპოქისა და თბილისური ყოველდღიურობის სიმბოლოდ იქცა.

***

ყველაფერთან ერთად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე "მამულიშვილთა ხიდი“ ქალაქის ურბანული განვითარების ჩუმი მოწმეა. განსხვავებით მტკვარზე არსებული უფრო ცნობილი, დეკორატიული ხიდებისგან, ეს ნაგებობა თავისი ფუნქციური და მინიმალისტური სტილით გამოირჩეოდა ყოველთვის. ხიდის არქიტექტურული გადაწყვეტა მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ურბანულ დაგეგმარებას ეფუძნება, სადაც მთავარი აქცენტი სიმტკიცესა და პრაქტიკულობაზე იყო გაკეთებული.

2025 წელს ცნობილი გახდა, რომ წელს თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავდა. იმჟამინდელი ინფორმაციების თანახმად, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული იყო და მასზე 2026 წელს10 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც ოფიციალური ინფორმაციებიდან ირკვევა, პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა წელს, ამ დრომდე მისი განხორციელება ჯერ არ დაწყებულა.

იხილეთ ასევე: