წულუკიანის კომისიის დასკვნა, რომელსაც საკონსტიტუციო სარჩელი ეყრდნობა, უმაღლესი სასამართლოს დონეზე ყველა იმ რუსული ნარატივის დაკანონებას ითვალისწინებს, რომელიც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საკუთარი აგრესიის გასამართლებლად რუსეთმა შექმნა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ბოლო კვირების განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესმა მთელი ქართული საზოგადოების თვალწინ ივანიშვილის რუსული პროპაგანდა გააცამტვერა. ამ პროცესების მიმდინარეობისას კარგად გამოჩნდა, რომ ეს სარჩელი არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ქართული სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული იურიდიული დივერსია, რადგან სწორედ სტრასბურგისა და ჰააგის გადაწყვეტილებების რევიზია ხდება. წულუკიანის კომისიის დასკვნა, რომელსაც საკონსტიტუციო სარჩელი ეყრდნობა, უმაღლესი სასამართლოს დონეზე ყველა იმ რუსული ნარატივის დაკანონებას ითვალისწინებს, რომელიც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საკუთარი აგრესიის გასამართლებლად რუსეთმა შექმნა.
გამოჩნდა რომ 23-ე მუხლიც არ ითვალისწინებს იმ მოტივაციას, რომელიც "ქართულ ოცნებას“ აქვს და რაც მისი წევრების განცხადებებშიც საცნაურია. ასევე ნათლად გამოჩნდა ის ფაქტიც, რომ წულუკიანის კომისიის დასკვნა არის; აბსურდული, ტენდენციური და მიკერძოებული, ისევე როგორც მისი მოწმეები, რომლებიც უბრალოდ წლების მანძილზე, ოპოზიციაში მყოფი, მიხეილ სააკაშვილთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებაში მყოფი პირები არიან.
დასკვნაში არსებული საქმეები საღ კრიტიკასაც ვერ უძლებს. გამოჩნდა, რომ მოწამლული ხის პრინციპით და ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის მიხედვით, შეუძლებელია ეს დასკვნა პოლიტიკური მანიფესტად იყოს აღქმული ან როგორც იურიდიულ დოკუმენტად, რომელიც უმაღლეს სასამართლოს დონეზე, სამართალწარმოებისას იქნას გამოყენებული. ასევე საზოგადოებას შევახსენებ, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელიც შემდეგ კვირაში გაიმართება და დასკვნით სიტყვებშიც ისტორიული სიცრუე, რომელიც "ქართული ოცნების“ მხარესაა, უკეთ გამოჩნდება და გამოჩნდება ისტორიული სიმართლეც, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის“ მხარესაა. ამ კვირების მანძილზე ჩვენ, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების“ მხრიდან სასოწარკვეთილ მცდელობებს წავაწყდებით, რომ პროპაგანდისტულად რაღაცები გადაფარონ, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და მომავალი კვირების მანძილზე, კიდევ უფრო გამტკიცდება ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდი. "ქართული ოცნება“ მილიონზე მეტ ადამიანს ხმის მიცემის უფლებას ვერ წაართმევს. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ის იქნება მაინც უკანონო და ქართველი ხალხი საბოლოო ჯამში მაინც გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.