ავტორი:

ცესკო არჩევნების შედეგებს ახალი წესით შეაჯამებს? - რა იცვლება?

ცესკო არჩევნების შედეგებს ახალი წესით შეაჯამებს? - რა იცვლება?

კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქებში აღარ შეჯამდება - არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებიდან გადის და ამას ცესკო საუბნო კომისიებში შედგენილი ოქმების საფუძველზე გააკეთებს.

ეს ერთ-ერთი ცვლილებაა იმ ცვლილებათა შორის, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით საარჩევნო კანონმდებლობაში ხორციელდება.

უქმდება კანონის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებდა და შემაჯამებელ ოქმს ადგენდა.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ცესკო-ს და საოლქო კომისიებისთვის მინიჭებული რიგი უფლებამოსილებები საკუთრივ ცესკო-ს თავმჯდომარისა და საოლქო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება ხდება. დგინდება, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაში გატარებაზე უარის შესახებ განკარგულებას ცესკოსი/საოლქო საარჩევნო კომისიის ნაცვლად, კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს. ასევე, საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა დანიშვნის თაობაზე განკარგულებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარე გამოსცემს.