ავტორი:

ლიტერატურული პრემია "ლიტერას" 2026 წლის გამარჯვებულებს შორის "პალიტრა L-ის" ორი ავტორია

ლიტერატურული პრემია "ლიტერას" 2026 წლის გამარჯვებულებს შორის "პალიტრა L-ის" ორი ავტორია

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ 2026 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გამარჯვებულთა შორის გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ორი ავტორი მოხვდა. თაკო წულაიამ და დავით ქართველიშვილმა პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში მოიპოვეს.

ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი“ გამარჯვებული თაკო წულაია გახდა, მოთხრობების კრებულით „არაფერი არ გვემართება“, ხოლო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ პრემია დავით ქართველიშვილს გადაეცა, წიგნისთვის „ცვილის ფიგურები“.

თაკო წულაია - „არაფერი არ გვემართება“

„არაფერი არ გვემართება“ თაკო წულაიას სადებიუტო წიგნია, რომელიც მცირე ზომის მოთხრობებს აერთიანებს. კრებულში წარმოდგენილი ტექსტები მხატვრული ფორმითა და თხრობის სტილით ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა მათ საერთო იდეა აერთიანებს - ყოველდღიურობისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართება.

ავტორი იკვლევს, როგორ შეიძლება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, უმნიშვნელო მოვლენები მხატვრული ნაწარმოების საფუძვლად იქცეს. მოთხრობებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მწერლის შინაგან წინააღმდეგობებს, შემოქმედებით შიშებსა და მცდელობას, აღმოაჩინოს ლიტერატურა იქ, სადაც თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება.

თაკო წულაიას სადებიუტო კრებული მკითხველს ყოველდღიური ცხოვრების განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვის შესაძლებლობას აძლევს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ლიტერატურისთვის მნიშვნელოვანი ამბავი ყველაზე ჩვეულებრივ გარემოშიც შეიძლება დაიბადოს.

წიგნის შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიებსა და „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე:

https://www.palitral.ge/product/6047/araferi-ar-gvemarteba

დავით ქართველიშვილი - „ცვილის ფიგურები“

დავით ქართველიშვილის „ცვილის ფიგურები“ პროზაული კრებულია, რომელშიც ავტორი კაცობრიობის წარსულს, აწმყოსა და მომავალს განსხვავებული ლიტერატურული ფორმებით განიხილავს.

წიგნი მრავალფეროვან ტექსტებს აერთიანებს - შუა საუკუნეების ვენეციელი ვაჭრის ისტორიიდან ნახევრად ავტობიოგრაფიულ მონათხრობამდე. კრებულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ესეისტური ხასიათის ტექსტებსაც, რომლებიც ისტორიულ, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს ეხება.

ავტორი სხვადასხვა ეპოქისა და საზოგადოებრივი რეალობის ფონზე იკვლევს ადამიანის მოტივაციებს, ძალაუფლებისა და ფულის გავლენას, სოციალურ უთანასწორობასა და იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც ადამიანთა ცხოვრებას განსაზღვრავს. კრებულში პოლიტიკური და სოციალური თემები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ხოლო ისტორიული მოვლენები თანამედროვე პრობლემების გააზრების შესაძლებლობას ქმნის.

„ცვილის ფიგურები“ მკითხველს სთავაზობს განსხვავებული ჟანრისა და სტილის ტექსტებს, რომლებიც საზოგადოებასა და ადამიანის ბუნებაზე დაფიქრებისკენ უბიძგებს.

წიგნის შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიებსა და „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე:

https://www.palitral.ge/product/6298/tsvilis-figurebi

R