რუსეთი ევროპასთან არანაირ ომს არ გეგმავს, მაგრამ მზადაა მის ქმედებებს უპასუხოს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი მტკიცებით, ევროპას უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებით და "სტაბილიზაციის ძალების“ განლაგებით, ნაცისტური რეჟიმის სტაბილიზაცია სურს.
"როდესაც ისინი ამბობენ: "მოდით, შევჩერდეთ იქ, სადაც ახლა შეხების ხაზია, შემდეგ აღვადგენთ უკრაინას და განვათავსებთ საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს უკრაინის დარჩენილ ნაწილში“, სტაბილიზაცია ლონდონისა და პარიზის იდეაა. რის სტაბილიზაციას გეგმავენ? ღიად ნაცისტური რეჟიმის“, - აღნიშნა ლავროვმა.
"ჩვენ ვითხოვთ არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტის მიღწევას, ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა, არამედ კრიზისის გამომწვევი ძირეული მიზეზების საიმედო აღმოფხვრას. კერძოდ, რუსეთის უსაფრთხოებისთვის დასავლეთის მიმართულებიდან მომდინარე სტრატეგიული საფრთხეების აღმოფხვრას, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რუსი და რუსულენოვანი მოსახლეობის იმ უფლებების შელახვის შეწყვეტას, რომლებიც გარანტირებულია გაეროს წესდებითა და თავად უკრაინის კონსტიტუციით. ეს ეხება იმ ნაწილსაც, რომელიც ამ ეტაპზე კიევის რეჟიმის კონტროლქვეშ რჩება. და, რა თქმა უნდა, ნაციზმის იდეოლოგიისა და პრაქტიკის აღმოფხვრას“, - აღნიშნა ლავროვმა.