ავტორი:

საჰაერო განგაში ევროპის ცაზე - სავარაუდო ბომბის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, 4 თვითმფრინავი იძულებით დაჯდა: საჭირო გახდა მგზავრების ევაკუაცია

საჰაერო განგაში ევროპის ცაზე - სავარაუდო ბომბის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, 4 თვითმფრინავი იძულებით დაჯდა: საჭირო გახდა მგზავრების ევაკუაცია

ევროპის აეროპორტებში ბომბის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო 4 სამგზავრო თვითმფრინავი იძულებით დაჯდა. სპეციალისტებმა შემოწმება ჩაატარეს ვარშავასა და ესპანეთის ქალაქ მურსიაში, ხოლო ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში თვითმფრინავი ელექტრონული ფოსტით მიღებული მუქარის შემდეგ დაეშვა.

ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ვარშავის შოპენის აეროპორტისკენ მიმავალ პოლონური ავიაკომპანია LOT-ის თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც 181 ადამიანი იმყოფებოდა, კურსის მკვეთრად შეცვლა და ვარშავის მოდლინის აეროპორტში იძულებით დაშვება მოუხდა. FlightRadar-ის მონაცემებით, ხომალდმა ვარშავის საზღვართან მკვეთრი მარცხენა მოხვევით მიმართულება შეცვალა და დაახლოებით 09:00 GMT საათზე დაეშვა.

პარალელურად, ბომბის შესახებ მუქარა გავრცელდა კოპენჰაგენიდან ვარშავის შოპენის აეროპორტში მიმავალი მეორე რეისშიც, რომელიც ჩვეულ რეჟიმში დაჯდა.

მოდლინის აეროპორტის წარმომადგენელთა განცხადებით, შემოწმების პროცესში მგზავრები და ეკიპაჟის წევრები ჩამოფრენის დარბაზში იმყოფებოდნენ, ხოლო აეროპორტის რამდენიმე ზონა დროებით დაიხურა. შემოწმების დასრულების შემდეგ მოდლინის აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

მანჩესტერიდან ესპანეთის სამხრეთით მდებარე მურსიას აეროპორტში მიმავალ Ryanair-ის რეისზე ბომბის შეტყობინების გამო 121 ადამიანი (მგზავრები და ეკიპაჟი) ხომალდიდან ევაკუირებული იქნა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი.

მურსიას რეგიონში ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ფრანცისკო ლუკასმა განაცხადა, რომ სამოქალაქო გვარდიამ შემოწმების შედეგად თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა გამორიცხა. ამის შემდეგ აეროპორტმა ჩვეული მუშაობა განაახლა.

ბულგარული მედიის ცნობით, ისრაელიდან სოფიას აეროპორტში მიმავალი კიდევ ერთი თვითმფრინავი ელექტრონული ფოსტით მიღებული ბომბის მუქარის შემდეგ დაეშვა.

  • აღნიშნულ შემთხვევებამდე ერთი დღით ადრე, Wizz Air-ის რეისი, რომელიც ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან სოფიასკენ მიფრინავდა, ჰაერში მიღებული ბომბის მუქარის გამო ბუდაპეშტის ლისტ ფერენცის საერთაშორისო აეროპორტში იძულებით დაეშვა.

უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა რომულუს რუსინ-სენდიმ დაადასტურა, რომ თვითმფრინავს ჰაერში უნგრული გამანადგურებელი აცილებდა. Wizz Air-ის წარმომადგენლის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურებმა ხომალდისა და მგზავრების სრული შემოწმება ჩაატარეს და საეჭვო არაფერი აღმოჩენილა.

წყარო