ავტორი:

ჩრდილოეთ კორეა Binance-ზე განხორციელებული, 6.3-მილიარდიანი ჰაკერული თავდასხმის შესახებ პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ჩრდილოეთ კორეა Binance-ზე განხორციელებული, 6.3-მილიარდიანი ჰაკერული თავდასხმის შესახებ პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ჩრდილოეთ კორეამ კატეგორიულად უარყო ბრალდებები, თითქოს იგი დგას კრიპტობირჟა Binance-ზე განხორციელებული ისტორიაში უდიდესი, 6.3 მილიარდი დოლარის ჰაკერული თავდასხმის უკან და ამ ბრალდებებს “აბსურდული რიტორიკა“ უწოდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ და ქვეყნის მაღალჩინოსანმა, კიმ იო ჯონგმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბრალდებები წარმოადგენს მორიგ “ბოროტ მცდელობას“, შელახოს ფხენიანის საერთაშორისო იმიჯი.

“აშშ-ის მხრიდან ეს არის ბანალური პროვოკაცია, როდესაც მომხდარს კვლავ ჩრდილოეთ კორეას უკავშირებენ. ეს გახლავთ სერიოზული პოლიტიკური პროვოკაცია, რადგან ვაშინგტონი შეცდომაში შეჰყავს საერთაშორისო საზოგადოება, თითქოს მსოფლიოში მომხდარი ყველა კიბერდანაშაული ჩვენი ჩადენილი იყოს“, - აღნიშნა კიმ იო ჯონგმა.

მანვე დასძინა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობის უცვლელი პოზიციაა მკაცრად დაუპირისპირდეს ნებისმიერი სახის მავნებლურ ქმედებას კიბერსივრცეში.

  • გამოძიება, FBI-ს ბრალდებები და “TraderTraitor“-ის ჯგუფი

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI), საიდუმლო სამსახურმა და კიბერანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ისტორიაში უდიდესი ჰაკერული თავდასხმის უკან სწორედ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჰაკერული ჯგუფი TraderTraitor (ცნობილი როგორც Lazarus) დგას.

გამოძიების მონაცემებით, აღნიშნული ჯგუფი 2025 წელს კრიპტობირჟა Bybit-იდან 1.5 მილიარდი დოლარის მოპარვაშიც იყო ეჭვმიტანილი. FBI-მ მოუწოდა ინდუსტრიის პარტნიორებს, დაეხმარონ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კრიპტო ანგარიშების ტრანზაქციების დაბლოკვაში.

მკვლევართა ჯგუფების მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეა სისტემატურად ავითარებს თავის კიბეროპერაციებს, იბარებს პერსპექტიულ სტუდენტებს უნივერსიტეტებიდან და აგზავნის ჰაკერულ დანაყოფებში, რომელთაც ქვეყნის დაზვერვის სააგენტო ხელმძღვანელობს.

  • თავად კრიპტოგიგანტ Binance-ს BBC-ის კითხვებისთვის ჩრდილოეთ კორეის შესაძლო მონაწილეობის შესახებ პასუხი არ გაუცია. კომპანიის ყურადღება მიპყრობილია სისტემის გატეხვის ტექნიკურ დეტალებსა და მომხმარებელთა დაცვაზე.

კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, მას შემდეგ, რაც კვირას ტრანზაქციები აღდგა, ბირჟიდან წმინდა სახით 4.72 მილიარდი დოლარი გაიტანეს. ეს თანხა შეადგენს Binance-ის საერთო აქტივების (რომელიც დაახლოებით 157 მილიარდ დოლარს შეადგენს) შედარებით მცირე ნაწილს.

პირველადი შემოწმებით დადგინდა, რომ ჰაკერებმა შეაღწიეს კომპანიის ინჟინრის ლეპტოპში, რამაც მათ არასანქცირებული თანხების გატანის საშუალება მისცა.

Binance-მა განაცხადა, რომ ვაჭრობა უკვე აღდგა მას შემდეგ, რაც პარტნიორებთან ერთად მოხერხდა დაზარალებული აქტივების გაყინვა. კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სრულად აუნაზღაურებს მომხმარებლებს თავდასხმის შედეგად მიყენებულ ზარალს და ამ ეტაპზე მოპარული აქტივების დაახლოებით 95% უკვე დაფარულია.

წყარო