თქვენ სავარაუდოდ, შეჩვეული ხართ ქუჩებში პოლიციის მანქანების პატრულირებასა ან თავზე ვერტმფრენების ფრენას. მაგრამ, რა მოხდება, თუ პოლიციის ოფიცერი გამოძახებაზე პატარა მფრინავი აპარატით მოვა, რომელიც გიგანტურ დრონს წააგავს? - ეს იდეა ფლორიდაში რეალობასთან სულ უფრო ახლოს დგას.

ქალაქ ლეიკლენდში მდებარე ფლორიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პოლიციის დეპარტამენტმა მფრინავი საპატრულო საშუალება წარმოადგინა, რომელსაც უნივერსიტეტმა მეტსახელად “Astro“ შეარქვა, თუმცა, სანამ ოფიცრები “ასტროს“ ოპერატიული პატრულირებისთვის გამოიყენებენ, მას ჯერ კიდევ სჭირდება აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) ნებართვა.


საფრენი აპარატი კომპანია Jetson-მა შექმნა, რომელიც პერსონალური მფრინავი აპარატის, Jetson ONE-ის მწარმოებელიც არის.
“ასტროს“ სახელი კლასიკური ანიმაციური სერიალის, The Jetsons-ის ძაღლის პატივსაცემად დაერქვა. აპარატი ვერტიკალური აფრენისა და დაშვების ელექტროტექნოლოგიას იყენებს, შედეგად, მას ჰაერში პირდაპირ ასვლა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გარეშეც შეუძლია.
ტრადიციული საპოლიციო ვერტმფრენისგან განსხვავებით, “ასტროს“ კომპაქტური კორპუსი აქვს, რომელიც მარტივი ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის იკეცება. საფრენ აპარატს რომელსაც მსუბუქი კარკასით გარშემორტყმული ღია კაბინა გააჩნია, აპარატს 8 პროპელერს რვა ელექტროძრავა ამუშავებს, ხოლო პილოტი მოძრაობას ოთხღერძიანი ჯოისტიკით აკონტროლებს.

საფრენი აპარატის მონაცემები შთამბეჭდავია: მწარმოებლის ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, საჰაერო ტრანსპორტს 101 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. “ასტროს“ ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა შეზღუდულია. Jetson-ის გათვლებით, აპარატს თითო დამუხტვაზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შეუძლია ჰაერში ყოფნა, რის გამოც ის უფრო მოკლე მისიებისთვის არის გამოსადეგი, ვიდრე ხანგრძლივი პატრულირებისთვის.
240-ვოლტიანი კვების წყაროთი აპარატის სრულად დამუხტვას დაახლოებით 90 წუთი სჭირდება, ხოლო სტანდარტული საყოფაცხოვრებო როზეტით 3 საათამდე. თუმცა პოლიციის ოფიცრებს ფრენებს შორის ელემენტების სწრაფად შეცვლა შეუძლიათ, რაც მათ ჰაერში უფრო მალე დაბრუნების საშუალებას აძლევს.
საფრენი აპარატის საწყისი ფასი $148,000 შეადგენს