ავტორი:

“ჩვენ არ ვართ მარიონეტები - მოდით, ვიკამათოთ, გავმართოთ საჯარო დებატები ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან“ - ძირითადი აქცენტები ევროკავშირის გაფართოების სამიტიდან: რა განაცხადა ირაკლი კობახიძემ?

“ჩვენ არ ვართ მარიონეტები - მოდით, ვიკამათოთ, გავმართოთ საჯარო დებატები ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან“ - ძირითადი აქცენტები ევროკავშირის გაფართოების სამიტიდან: რა განაცხადა ირაკლი კობახიძემ?

“ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი მზად არ არიან გვესაუბრონ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, “ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

  • როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს თავისი ღირებულებები, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირთან, სუვერენიტეტი, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა.

“ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე. მოდით, დავიწყოთ საუბარი, თუ ისინი მოგვაწვდიან არგუმენტებს კანონებზე, სხვა ქმედებებზე, მაგალითად მოლოტოვის კოქტეილების სროლის მხარდაჭერა კარგი იყო, რომელსაც საფრანგეთში აკრიტიკებენ?", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მისი გუნდი ოპტიმიზმით სავსეა, რომ ტენდენციები შეიცვლება. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საჭიროა განსხვავებული მიდგომა.

“70 წელი ვიყავით საბჭოთა კავშირის წევრები, მე ახალგაზრდა ვიყავი და ასეთი რამ ხდებოდა - მოსკოვი რასაც იტყოდა, საქართველოს უნდა შეესრულებინა. ეს არ იყო შესაბამისი მიდგომა დემოკრატიულ საზოგადოებაში. საჭიროა, რომ განსხვავებული მიდგომა არსებობდეს ევროპაში და ჩვენ ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ მიდგომები შეიცვლება. ჩვენ არ ვართ მარიონეტები,"- განაცხადა პრემიერმა.

  • პრემიერის განცხადებით, საქართველო ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ყველა საკითხზე ღია, საჯარო განხილვას სთავაზობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას, ამიტომ, ქართული მხარე ევროკომისიას ღია, საჯარო დებატებს სთავაზობს.

“რიტორიკა არის ევროკავშირის მხრიდან მთავარი. ჩვენ ვაკრიტიკებთ ევროპელ ბიუროკრატებს. ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დისკუსიას, საჯარო დებატებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებულები. მაგრამ, მოდით, ვიკამათოთ გავმართოთ საჯარო დებატები ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან. ეს არის პოლიტიზებული ანგარიში. ევროპული კომისია აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ექსპერტების შეფასებას ეყრდნობა. ამ შეფასებიდან, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყანაა. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა.

ჩვენი შეთავაზებაა, დავიწყოთ მოლაპარაკებები, საუბრები. ეს გავაკეთოთ საჯაროდ, არა დახურულ კარს მიღმა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის ამ დებატების და განხილვების მთავარი საკითხები. ჩვენი შეთავაზებაა ღია, საჯარო განხილვა ყველა საკითხზე - დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც მივიღეთ რამდენიმე წლის წინ. ჩვენ ვართ სრულად დარწმუნებულები, რომ ჩვენ მართლები ვართ, რომ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და გვინდა ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული, უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე. ეს არის ჩვენი სურვილი", - განაცხადა პრემიერმა.

  • მისი თქმით, “ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია.“

“ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია. ქართულ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს “ქართული ოცნების" მიმართ. ქართველი ხალხის 51% მივიდა საარჩევნო უბნებზე და ჩვენ მოგვცა ხმა. ეს გარემოებები მოწმობს, რომ ქართული საზოგადოება ერთგულია ევროპული ინტეგრაციისადმი. ევროპული კომისიისადმი ნდობა არის დაბალი და ისინი ენდობიან “ქართულ ოცნებას". ბოლო არჩევნებში ჩვენ ხმა ამომრჩეველთა 54%-მა მოგვცა", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან დიალოგის შეწყვეტა ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა 2024 წლის ივნისში.