ორი გერმანელი ალპინისტის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ გაჭირვებაში ჩავარდნილი მეგობარი ავსტრიის მთაზე, 8 500 ფუტის სიმაღლეზე მიატოვეს და მწვერვალისკენ სვლა განაგრძეს.


როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, გასულ შაბათს დღისით, ცუდი ამინდის პროგნოზისა და სხვა ალპინისტის გაფრთხილების მიუხედავად, სამი მამაკაცი ჰოხკენიგის მთიანეთში მდებარე კენიგსიოდლერის ბილიკს მაინც შეუდგა.
იმ დროისთვის, როდესაც მათ 8 500 ფუტის სიმაღლეს მიაღწიეს, ერთ-ერთს გზის გაგრძელება აღარ შეეძლო. თანამგზავრებმა მეგობარი ადგილზე დატოვეს და სვლა განაგრძეს, რის შემდეგაც 9 600 ფუტის სიმაღლეზე მდებარე მწვერვალს მიაღწიეს.

მას შემდეგ რაც მიულბახის სამთო-საშველო სამსახურს “გადაღლილი“ ალპინისტის შესახებ ეცნობა, 14-საათიანი სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
ალპინისტი უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, თუმცა პონგაუს სამთო-საშველო სამსახურის რაიონულმა ხელმძღვანელმა, გერჰარდ კრემსერმა განაცხადა, რომ არსებული პირობების გათვალისწინებით, მამაკაცი მთაში ღამეს სავარაუდოდ ვერ გადაურჩებოდა.

თავად სამთო-საშველო ჯგუფმა სოციალურ ქსელ Instagram-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა: “დაახლოებით 20 სმ თოვლი იყო მოსული და ბილიკი საერთოდ არ ჩანდა; არსებობდა გადავარდნის საშიშროება, ხოლო გზის პოვნა ძალიან რთული იყო. რაც ყველას სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს. ძლიერი თოვისა და ცუდი ხილვადობის პირობებში, ჩვენმა ჯგუფმა ერიჰჰიუტეს თავშესაფრამდე მისვლა მხოლოდ დილის 8:18 საათზე შეძლო“.
გაზეთ Der Spiegel-ის ცნობით, პოლიციამ ინციდენტზე გამოძიება უკვე დაიწყო.