დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა (NCSC) განაცხადა, რომ ქვეყანა კიბერ ინციდენტების “უპრეცედენტო ზრდის“ წინაშე დგას. უწყების გაფრთხილებით, ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს კიბერთავდასხმების ინდუსტრიალიზაციას და 2028 წლისთვის მაღალი ალბათობით იქნებიან გამოყენებული ბრიტანეთის კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებისას.
NCSC-ის (რომელიც GCHQ-ის ნაწილია) ანგარიშის თანახმად, ჩინეთი წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს წინაშე არსებულ “ყველაზე კომპლექსურ და ხანგრძლივ კიბერსაფრთხეს“, რომელიც სავარაუდოდ გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერილი თავდასხმების შესაძლებლობები არ ეყრდნობა ახალ ან მოწინავე ხელოვნურ ინტელექტს - მათ AI გამოიყენეს სუსტი ადგილების დასადგენად, მსხვერპლთა ამოსაღებად და უფრო ეფექტურად ოპერირებისთვის.
NCSC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორ რიჩარდ ჰორნმა განაცხადა, რომ მომავალ თვეებში ქვეყანა რეალურად შეეჯახება კიბერ ინციდენტების უპრეცედენტო ზრდას. მისი თქმით, ეს არ ხდება იმის გამო, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა თავდასხმის ახალი გზები გამოიგონა, არამედ იმის გამო, რომ სუსტი ადგილები ახლა ისეთი მასშტაბით შეიძლება აღმოჩნდეს და იქნას გამოყენებული, რაც წარმოდგენებშიც კი შეუძლებელი იყო.
დოქტორ ჰორნის თქმით, ბიზნესებს “მოუწევთ განმარტონ, თუ რატომ არ მიაქციეს ყურადღება გამაფრთხილებელ ნიშნებს სუპერმარკეტის ცარიელი თაროების ფონზე“.
“თუ ყველა ზომისა და ტიპის ორგანიზაციის ლიდერები ახლავე არ აიღებენ პასუხისმგებლობას, ერთ დღეს მოუწევთ თავიანთ ინვესტორებს, აქციონერებს, თანამშრომლებს, მომხმარებლებს, მომწოდებლებსა და ოჯახის წევრებს თვალებში ჩახედონ და განუმარტონ, თუ რატომ ვერ გააკეთეს საჭირო არჩევანი შედეგების ცოდნის მიუხედავად.
როდესაც თაროებზე საჭმელი არ იქნება, შუქი არ აინთება და ბიზნესები გაკოტრდებიან, შესაძლოა მოგვიწიოს იმის განმარტება, რომ ჩვენ ვხედავდით გამაფრთხილებელ ნიშნებს, გვესმოდა რისკები და მაინც არ გავაკეთეთ სწორი არჩევანი“, - განაცხადა მან.
NCSC-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ინციდენტების მართვის ჯგუფმა წელს კიბერთავდასხმის 1 831 შეტყობინება მიიღო, რომელთაგან 80 ეროვნული მნიშვნელობის იყო.
პარალელურად, ევროპაში სუპერმარკეტების მაცივრების მართვის სისტემები კიდევ ერთხელ გახდა ჰაკერული იერიშის სამიზნე, რამაც გააჩინა კითხვები ინტერნეტთან დაკავშირებული ძველი ოპერაციული ტექნოლოგიების რისკებზე.
კიბერსივრცე ხდება “სახელმწიფო ძალაუფლების იარაღი“, რომელიც გამოიყენება ჯაშუშობისთვის, ჩარევის ოპერაციებისთვის, ლეტალური ოპერაციების დაგეგმვისთვის, სენსიტიური ეკონომიკური მონაცემების მოსაპოვებლად და სერვისების დასაშლელად თუ განადგურებისთვის.
ანგარიში გვაფრთხილებს, რომ 2028 წლისთვის მაღალი ალბათობით ჩინეთი, რუსეთი და სხვა სახელმწიფოები რეგულარულად გამოიყენებენ AI-ზე დაფუძნებულ კიბერიარაღს თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ხოლო გაერთიანებული სამეფო შეეჯახება დახვეწილი კიბერთავდასხმების მასშტაბისა და სიჩქარის ზრდას.