ბარსელონიდან პოლონეთის ქალაქ მოდლინისკენ მიმავალ თვითმფრინავში ინციდენტი მოხდა. პოლიციამ საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავა. მას არასრულწლოვან მგზავრზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან. სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
თვითმფრინავის ეკიპაჟმა პოლიციას შეატყობინა, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა გვერდით მჯდომ არასრულწლოვან გოგონას სექსუალური ხასიათის შეხება დაუწყო. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ დაზარალებული პოლონეთის მოქალაქე არასრულწლოვანი გოგონა იყო, რომელიც ოჯახთან ერთად მოგზაურობდა.
თვითმფრინავის მოდლინის აეროპორტში დაშვებისთანავე ბორტზე სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები და პოლიციელები ავიდნენ და მამაკაცი დააკავეს.
საქართველოს მოქალაქეს ბრალი წარედგინა. პოლიციის ინფორმაციით, ის ფხიზელი იყო. მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს.
როგორც ნოვი-დვურ-მაზოვეცკის პოლიციის წარმომადგენელმა კატაჟინა ტრემბინსკამ განაცხადა, მამაკაცს არასრულწლოვნის მოტყუებით სექსუალური ხასიათის ქმედებაზე დაყოლიებას ედავებიან. ბრალდების თანახმად, მან მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას თანხმობა არ ჰქონდა.
წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ მამაკაცს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.