მეცნიერებმა ბრაზილიაში აღმოჩენილი 115 მილიონი წლის დინოზავრის ნამარხის შესწავლისას სისხლის წითელი უჯრედების მსგავსი სტრუქტურები და ჰემის კვალი აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა მკვლევრებს საშუალებას აძლევს, უკეთ შეისწავლონ პრეისტორიული ცხოველების ორგანიზმი.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა. მეცნიერებმა ბრაზილიაში აღმოჩენილი დინოზავრის ძვალი შეისწავლეს, რომელიც ადრეული ცარცული პერიოდით თარიღდება. ნამარხი 2008 წელს, ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რომუალდოს გეოლოგიურ ფორმაციაში იპოვეს. ის თეროპოდის სახეობას, Aratasaurus museunacionali-ს ეკუთვნის.

მკვლევრებმა ძვლის სისხლძარღვების მიკროსკოპულ არხებში ოვალური ფორმის სტრუქტურები აღმოაჩინეს, რომლებიც სისხლის წითელ უჯრედებს ჰგავდა. შემდგომი შესწავლისას ჰემის ქიმიური კვალიც გამოავლინეს. ჰემი ჰემოგლობინის შემადგენელი ნაწილია - ცილის, რომელიც სისხლის წითელ უჯრედებში ჟანგბადის გადატანას უზრუნველყოფს.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ უჯრედული სტრუქტურების შენარჩუნებას ნამარხის აღმოჩენის ადგილის გარემო პირობებმა შეუწყო ხელი. წყალში ჟანგბადის დაბალი შემცველობა დაშლის პროცესს ანელებდა, ხოლო ძვალში აღმოჩენილმა მანგანუმის ოქსიდებმა შესაძლოა, უჯრედული ნაშთების სტაბილურობა უზრუნველყო.

მიუხედავად მნიშვნელოვანი შედეგებისა, ყველა მეცნიერი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აღმოჩენილი სტრუქტურები ნამდვილად სისხლის წითელი უჯრედების ნაშთებია - ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მერი შვაიცერმა აღნიშნა, რომ აღმოჩენილი სტრუქტურების ზომა და ფორმა საკმარისად არ ემთხვევა თანამედროვე ცხოველების სისხლის წითელ უჯრედებს, რის გამოც მათი ზუსტი იდენტიფიცირება ჯერ კიდევ საკამათოა.
სპეციალისტების განმარტებით, აღმოჩენა დინოზავრების დნმ-ის აღდგენას არ ნიშნავს. ჰემი და დნმ განსხვავებული მოლეკულებია და მათი შენარჩუნების პირობებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაბამისად, სისხლის წითელი უჯრედების მსგავსი სტრუქტურებისა და ჰემის აღმოჩენა არ ადასტურებს, რომ დინოზავრის გენეტიკური მასალაც გადარჩა.