ავტორი:

“30 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა მანადგურებდით“ - გასაჯაროვდა აქამდე უცნობი წერილი, რომელიც ბრიჯიტ ბარდომ მეუღლეს გარდაცვალებამდე მისწერა

“30 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა მანადგურებდით“ - გასაჯაროვდა აქამდე უცნობი წერილი, რომელიც ბრიჯიტ ბარდომ მეუღლეს გარდაცვალებამდე მისწერა

ფრანგი კინოლეგენდის, ბრიჯიტ ბარდოს გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დაწერილი პირადი წერილი გასაჯაროვდა. ხელნაწერში, რომელიც 2022 წლის 17 ნოემბრით თარიღდება, მსახიობი მეუღლეს, ბერნარ დ’ორმალს, ურთიერთობაში დაგროვილ იმედგაცრუებაზე ესაუბრება და წერს, რომ მისგან სიყვარულს, მხარდაჭერასა და თანადგომას ელოდა, თუმცა ეს ყველაფერი ვერ მიიღო.

“ბერნარ, ეს წარუმატებლობაა“, - ასე იწყება წერილი, რომელიც ფრანგულმა გამოცემა Le Figaro-მ გაავრცელა. ბარდო წერს, რომ სურდა გვერდით ჰყოლოდა ადამიანი, რომელიც სიყვარულს აჩუქებდა, ცხოვრების ბოლო გზაზე გაჰყვებოდა, მასთან ერთად ყავას დალევდა და ყოველდღიურობაში დაეხმარებოდა.

წერილის ყველაზე მძიმე მონაკვეთში მსახიობი მეუღლეს მიმართავს: “დღეს ჩემი ტანჯვის აბსოლუტურ ზღვარს მივაღწიე. 30 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მანადგურებდით“.

ხელნაწერი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბერნარ დ’ორმალი ბრიჯიტ ბარდოს ანდერძისა და ქონების განაწილების გარშემო მიმდინარე დავის ცენტრში აღმოჩნდა. მსახიობი 2025 წლის დეკემბერში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა, დ’ორმალს მისი ქონებიდან მემკვიდრეობა არ მიუღია.

ბარდოს ქონება მის მიერ დაარსებულ ცხოველთა დაცვის ფონდსა და ერთადერთ ვაჟს, ნიკოლა-ჟაკ შარიერს დარჩათ. დ’ორმალი ამტკიცებდა, რომ თავად უარი თქვა საჩუქრებსა და ქონებაზე, რადგან არ სურდა, ვინმეს ეფიქრა, რომ მეუღლისგან სარგებელს იღებდა. თუმცა მოგვიანებით უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან სენ-ტროპეში მდებარე სახლიდან, ლა მადრაგიდან, იძულებით წასვლა მოუწია. მისი თქმით, ამ სახლში 35 წელი ცხოვრობდა.

ბრიჯიტ ბარდო და ბერნარ დ’ორმალი 1992 წელს ნორვეგიაში რელიგიურად დაქორწინდნენ, თუმცა მათი ქორწინება საფრანგეთში იურიდიულად რეგისტრირებული არ ყოფილა.

წყარო

იხილეთ ასევე: