ავტორი:

სარკინიგზო კატასტროფიდან 6 დღეში, ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი გადადგა - ყველაფერი 69 დაღუპულისა და გაჟონილი სკანდალური აუდიოჩანაწერების შესახებ

სარკინიგზო კატასტროფიდან 6 დღეში, ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი გადადგა - ყველაფერი 69 დაღუპულისა და გაჟონილი სკანდალური აუდიოჩანაწერების შესახებ

ესპანეთში მომხდარი შემზარავი სარკინიგზო კატასტროფიდან ექვსი დღის შემდეგ, რომელსაც სულ მცირე 69 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათეულობით დაშავდა, ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი ოსკარ პუენტე თანამდებობიდან გადადგა.

ოსკარ პუენტემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ოთხშაბათს, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა, სადაც მან დედაქალაქ მადრიდის სამხრეთით, ქალაქ ურდასთან მომხდარი ტრაგედიის შესახებ ჩვენება მისცა. კატასტროფის დროს მოძრავი მატარებელი გაჩერებულ შემადგენლობას შეეჯახა.

“ესპანეთისნაირი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი ვერ დარჩება თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც ერთ წელზე ნაკლებ დროში ასეთი სიმძიმის ორი ავარია მოხდა“, - განაცხადა პუენტემ. მან იანვარში იმავე სარკინიგზო ხაზზე მომხდარი კატასტროფაც გახსენა, რომელსაც 46 ადამიანი ემსხვერპლა.

გასულ კვირას მომხდარი ტრაგედია ევროპის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სარკინიგზო კატასტროფაა, ხოლო ესპანეთისთვის ყველაზე მასშტაბური 2013 წლის შემდეგ. მაშველებს მძიმე ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ რელსებიდან გადასული ვაგონების ასაწევად, სადაც მგზავრები იყვნენ ჩაკეტილნი.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ის არა მხოლოდ ტრანსპორტის მინისტრის პოსტს ტოვებს, არამედ საკუთარ კანდიდატურას ხსნის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიებიდანაც. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა შეაქო კოლეგა და აღნიშნა, რომ მან გადაწყვეტილება “საკუთარი ნებით, პოლიტიკური ღირსებისა და მსხვერპლთა პატივისცემის გამო“ მიიღო.

28 ოქტომბრის კატასტროფის შემდეგ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა კონსერვატიულმა “ხალხის პარტიამ“ (PP) და მემარჯვენე რადიკალურმა პარტია “ვოქსმა“ (Vox) მინისტრის გადადგომა გამოითხოვეს.

ოპოზიცია აცხადებდა, რომ მინისტრს პასუხისმგებლობა უნდა ეკისრა მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო სისტემის გამო, რომლის სანდოობაც, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის აღიარებით, “გატეხილია“.

  • სკანდალური აუდიოჩანაწერები: რას ეუბნებოდა დისპეტჩერი მემანქანეს?

გასული კვირის ავარიაში მონაწილეობდა სახელმწიფო ოპერატორ Renfe-ს მატარებელი (397 მგზავრით) და კერძო ოპერატორ Iryo-ს გაჩერებული მატარებელი (147 მგზავრით). ავტომატური სიგნალიზაციის სისტემის კომპიუტერულმა ხარვეზმა ყველა მატარებელი აიძულა აღნიშნულ მონაკვეთზე გაჩერებულიყო.

ესპანურ მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები ასახავს დისპეტჩერებსა და მემანქანეებს შორის საუბარს კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე:

პირველი ჩანაწერი: მადრიდის საკონტროლო ცენტრის ოპერატორი ესაუბრება Renfe-ს მატარებლის მემანქანეს, რომელსაც ტექნიკური შეფერხება ჰქონდა.

დისპეტჩერი ეუბნება: “გააგრძელე გზა და იმოძრავე გვერდითი სიგნალიზაციის ბლოკით, ჩვეულებრივი სიჩქარითა და სტანდარტულ რეჟიმში“.

მემანქანე აზუსტებს: “ჩვეულებრივი სიჩქარით?“, რაზეც დისპეტჩერი პასუხობს: “დიახ“.

გაჩერებული Iryo-ს მატარებლის მემანქანე დისპეტჩერს ატყობინებს, რომ კავშირი გაწყდა და მატარებელი ურდას შესასვლელ სიგნალთან დგას. მოგვიანებით ის კვლავ უკავშირდება ცენტრს და ამბობს: “მატარებელი უსაფრთხოების სისტემის მართვის საშუალებას არ მაძლევს. სწორედ ამიტომ ვარ კვლავ გაჩერებული შესასვლელ სიგნალთან“.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საკონტროლო ცენტრმა იცოდა Iryo-ს მატარებლის გაჩერების შესახებ, თუმცა უკნიდან მომავალ Renfe-ს მატარებელს მაინც მისცა სრული სიჩქარით მოძრაობის ნებართვა, რამაც შემზარავი შეჯახება გამოიწვია.

წყარო