175-ე საჯარო სკოლის დირექტორი სკოლაში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე, "ტვ პირველთან" კომენტარს აკეთებს.
ირაკლი კუპატრაძე აღნიშნავს, რომ სკოლა კანონის მიხედვით მოქმედებს.
"გვქონდა კანონიერი რეაგირება, რაც ჩვენ გვევალებოდა, რისი უფლებაც გვაქვს. კარგი იქნებოდა, მეტის უფლება გვქონდეს. დისციპლინარულ კომიტეტს აქვს მოკვლევა დაწყებული, სამართალდამცველებიც სწავლობენ საკითხს. თუ გამოიკვეთა მასწავლებლის ბრალეულობა, გვექნება შესაბამისი რეაგირება"- აცხადებს კუპრატაძე.
ცნობისთვის, მეთერთმეტე კლასის მოსწავლის დედის ინფორმაციით, მის შვილს კლასელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა 16 ოქტომბერს მოხდა.
მშობლის თქმით, თანაკლასელი მის შვილს თავდაპირველად ქართულის გაკვეთილზე დაუპირისპირდა და ქაღალდის თვითმფრინავი ესროლა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში სკოლის გარეთ გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების თქმით, გამოვლენილია ერთი პირი.