ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა მათი სისტემატური ჩართულობა მტრულ, ანტიევროპულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში, ასევე ევროკავშირის ღირებულებების შელახვა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკვანძო რეფორმების განხორციელების უგულებელყოფა, - ამის შესახებ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში, საქართველოს შესახებ არის ნათქვამი.
"ეს ასევე მკვეთრ კონტრასტშია ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერისა.
ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები ფორმალურად კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის კოორდინაციის ქვეშ რჩებოდა.
პარლამენტში არსებულმა ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტმა შეინარჩუნა ზედამხედველობის ფუნქცია. საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა“, - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ გარემოს განმაპირობებელი ფაქტორები იყო: საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მმართველ პარტიას ანიჭებდა უპირატესობას; ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ არჩევნების ბოიკოტი; საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ნაკლებობა; ამომრჩეველთა დაშინება; ეუთო/ოდირისა და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლების არარსებობა.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობას ამჟამად ან სისხლისსამართლებრივი ბრალდებები აქვს წაყენებული, ან ემიგრაციაში იყოფებიან, ან პატიმრობაში.
"საპარლამენტო ზედამხედველობა კვლავ შეზღუდულია, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა, დემოკრატიული პლურალიზმი კი კიდევ უფრო გაუარესდა. ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობას ამჟამად ან სისხლისსამართლებრივი ბრალდებები აქვს წაყენებული, ან ემიგრაციაში იმყოფებიან, ან პატიმრობაში. ქალები საჯარო თანამდებობებზე სულ უფრო ნაკლებად არიან წარმოდგენილი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
"ხშირად ცვალებადი რეპრესიული სამართლებრივი ჩარჩოსა და დაშინების პრაქტიკის კუმულაციური ეფექტი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენას და სამოქალაქო სივრცის კიდევ უფრო შემცირებას იწვევს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, შეშფოთებას იწვევს ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, მათ შორის ისეთი ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი გამოძიებების წარმოება, როგორებიცაა "საბოტაჟი“, "უცხოური ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“, "კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება“ და "სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენება“.
"აღნიშნული ქმედებები იძულებითი ხასიათისაა და, საბოლოო ჯამში, ეწინააღმდეგება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპებს. ისინი შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან”, - აღნიშნულია დოკუმენტში.